ირაკლი კობახიძე: მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ჯამში, დაახლოებით 679.6 ათასით, 30%-დან 11.8%-მდე, შემცირდა.

პრემიერ-მინისტრი სტატისტიკურ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა მისი განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტურ სიღარიბეზე და არა ზოგად სიღარიბეზე. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში. აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს, რომ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში. შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს მოსახლეობამ სიღარიბე დაძლია, არ ასახავს ობიექტურ რეალობას და მანიპულაციურია.

პრემიერი განცხადებაში უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. მოსახლეობის 18% (667,528 ადამიანი) სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ. თავის მხრივ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი სოციალური დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

პრემიერის მტკიცებით, სიღარიბის შემცირება ეკონომიკური ზრდის შედეგია. რეალურად, უკიდურესი სიღარიბე შემცირდა შემოსავლების ზრდის ხარჯზე, აღნიშნული შემოსავლები კი მოიცავს, როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და გზავნილებს.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე სიღარიბის შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნული მაღალ ეკონომიკურ ზრდას დაუკავშირა. „საქსტატმა გამოაქვეყნა სიღარიბის განახლებული მონაცემები, 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8%, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე არის 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები. აქაც გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6%, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წელთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში, 30%-დან 11.8%-მდე შემცირდა. 2012 წლის შემდეგ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 679.6 ათასით არის შემცირებული (იხილეთ გრაფიკი 1). თუ აბსოლუტური სიღარიბის შემცირების მაჩვენებელს გრძელვადიან პერიოდში [2013-2023 წლები] განვიხილავთ, ბუნებრივია, რიცხვები უფრო შთამბეჭდავი ჩანს.

რაც შეეხება ტენდენციას, როდესაც მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო, 2011-2012 წლებში, ორწლიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დადებითი ტენდენცია გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში [2013-2015], შემდგომ პერიოდში ტენდენცია არაერთგვაროვანია, აბსოლუტური სიღარიბის დონე იცვლება როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. 2020 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, მკვეთრად იზრდება აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი. 2021-2023 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1). მიუხედავად დადებითი დინამიკისა, უკიდურესი სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ქვეყნის მოსახლეობის 11.8%-ს, დაახლოებით 435.9 ათასი ადამიანს, არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი არ გააჩნია.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირების პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020-2022 წლებში ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს მცირედით შემცირდა, თუმცა 2024 წელს კვლავ გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 2). მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არის ჯამში, 667,528 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 18%-ს შეადგენს. საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა დიდწილად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე, პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის გაფართოებამ იქონია.

ფულადი სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე თვეში 30-დან 60-ლარამდე მერყეობს; 16 წლამდე ასაკის პირის ფულადი დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს. ამასთან, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, ის საარსებო შემწეობასთან ერთად თვეში დამატებით 300 ლარს იღებს. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს ოფიციალურად განსაზღვრული საარსებო მინიმუმი გააჩნია და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები არიან მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ფიზიკური გადარჩენისთვის სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებს.

გრაფიკი 2: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის სწორად შესაფასებლად განვიხილეთ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებიც. ფარდობითი სიღარიბის ზღვარი მთლიანი მოსახლეობის მედიანური მოხმარების (სამომხმარებლო ხარჯების) 40%-ს და 60%-ს შეადგენს. „ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლიან პერიოდში, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება. მეტიც, ბოლო წლებში, რიგ შემთხვევაში, გაუარესებულიცაა.

2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 19.8% მედიანური სამომხმარებლო ხარჯების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ეს მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტითაა გაუარესებული. 2012 წელთან შედარებით კი მხოლოდ 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გასული წლის მონაცემებით, მოსახლეობის 7.4% მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ ცხოვრობს, რაც წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ [0.2 პროცენტული პუნქტით] არის შემცირებული. ამასთან, 2023 წლის მაჩვენებელი აღემატება 2020 და 2015-2016 წლების მაჩვენებლებს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით, მხოლოდ 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

გრაფიკი 3: ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პრემიერი აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებას მაღალი ეკონომიკურ ზრდით ხსნის. გრძელვადიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებამ, ასევე სოციალურმა დახმარებებმა. მოსახლეობის მაღალი წილი აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობებით [ბავშვის ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა და ა.შ.] აღწევს თავს, თუმცა ისინი რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში.

ამასთან, სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ემიგრანტების გზავნილებს. ბოლო წლებში საქართველოდან მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით 2021-2023 წლებში. ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

ამრიგად, პრემიერის განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტური სიღარიბის დონეზე და არა ზოგად სიღარიბეზე. აბსოლუტურ სიღარიბის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მართლაც შემცირდა, თუმცა მტკიცება, თითქოს ამ ადამიანებმა სიღარიბე დაძლიეს, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მათი დიდი ნაწილი კვლავ რჩება ზოგად სიღარიბეში. ამასთან, ირაკლი კობახიძე უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი და ქვეყნის მოსახლეობის 18% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული. პრემიერი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების მიზეზად ეკონომიკურ ზრდას ასახელებს და სხვა ფაქტორებს - სოციალური დახმარებები, ემიგრანტების გზავნილები, უგულებელყოფს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია