პაატა კვიჟინაძე: საქართველოს ამერიკისგან ფინანსური დახმარება პრაქტიკულად არ აქვს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა კვიჟინაძის განცხადება არის ტყუილი.
1992-2024 წლებში საქართველოში შეერთებული შტატებიდან მიღებულმა ფინანსური დახმარების მოცულობამ 6 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2025 წლისთვისაც, გეგმით, 80 მლნ დოლარის დაფინანსების მიღებაა გათვალისწინებული.
სამი ათწლეულის განმავლობაში, დახმარება - ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სამხედრო მიმართულებებით, აგრეთვე ინსტიტუციებისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით ხორციელდებოდა.
დახმარების პაკეტები 90-იან წლებში იწყება, 2000-იან წლებში იზრდება და პიკს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღწევს. ომის შემდეგ დახმარების მოცულობა მცირდება, თუმცა არ წყდება და წლიურად 70-90 მლნ დოლარზე ნარჩუნდება.
უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მასშტაბების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ პაატა კვიჟინაძის განცხადება შეაფასა როგორც ტყუილი.
ანალიზი: საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკისგან ფინანსური დახმარება პრაქტიკულად არ აქვს. „დამიწესონ [სანქციები], აგერ ვარ მე, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ფინანსური დახმარება საქართველოს ამერიკიდან არ აქვს პრაქტიკულად“.
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. 32 წლის განმავლობაში ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო დახმარების სახით თბილისმა ვაშინგტონისგან 6 მლრდ დოლარი მიიღო. დახმარების მოცულობამ პიკს 2008 წლის შემდეგ მიაღწია. ამჟამადაც ის წლიურად 70-90 მლნ-ის ფარგლებში მერყეობს.
დახმარება ძირითადად სახელმწიფო საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის გავლით გაიცემა. დასახელებულ 6 მლრდ-ში შედის, თუმცა ცალკეა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს USAID-ის პროგრამა.
2025 წლისთვისაც დახმარების სახით 80 მლნ დოლარია გათვალისწინებული, რომლის მიზნობრიობა შემდეგნაირია:
1) დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება;
2) ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
3) კანონის უზენაესობის გაძლიერება;
4)სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომის გაუმჯობესება;
5) პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა;
6) ენერგოუსაფრთხოებისა და სუფთა ენერგიის გამოყენების ზრდა;
7)აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შერიგების ძალისხმევის მხარდაჭერა;
8)გაციფრულებაში დახმარება და კიბერუსაფრთხოების გაძლიერება;
9) კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის პროდუქტიულობის ზრდა;
10) უცხოურ ინვესტიციების მოზიდვაში დახმარება;
11) სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერება.
2022, 2023 და 2024 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა თითოეულ წელზე 88 მლნ დოლარს შეადგენდა.
1992-2020 წლებში ამერიკული დახმარების მოცულობამ 4.3 მლრდ-ს გადააჭარბა, საიდანაც 860 მლნ 1992-2000 წლებში შემოვიდა, ანუ წლიურად საშუალოდ 96 მლნ დოლარი. 2000-იან წლებში, რუსეთ-საქართველოს ომამდე, დახმარების მოცულობა წლიურად 135 მლნ დოლარამდე გაიზარდა და 2001-2007 წლებში ჯამურად 945 მლნ-ს მიაღწია.
ამ პერიოდში (11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ) სამხედრო დახმარების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამოქმედდა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.“
2005 წელს, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის 295 მილიონ დოლარიანი გრანტი გამოუყო. გრანტის ათვისების ხანგრძლივობა 5 წლით განისაზღვრა.
ომის შემდეგ, ფინანსური დახმარება ნახტომისებურად გაიზარდა და 2008-2009 წლებში ჯამურად 1.4 მლრდ დოლარს მიაღწია. ამერიკულმა დახმარებამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებულ გრანტებთან და სესხებთან ერთად ეკონომიკური კრიზისის მასშტაბების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
საუკუნის მეორე დეკადაში ამერიკული დახმარების მოცულობა წლიურად 70-90 მლნ-იან ნიშნულს დაუბრუნდა და ტენდენცია დღემდე გრძელდება.
ბოლო 32 წლის განმავლობაში, დამატებით 1.9 მლრდ დოლარის დახმარება საქართველოში USAID-ის გავლით შემოვიდა. ამჟამად USAID 39 პროგრამას აფინანსებს, რომელთა საერთო ღირებულებაც 373 მლნ დოლარს შეადგენს.
თავად USAID-ის განმარტების თანახმად, პროგრამები ეკონომიკური რეფორმების, კერძო სექტორში ინვესტიციების, სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
USAID-ის ჩათვლით ამერიკული დახმარების მოცულობამ 1992-2024 წლებში 6 მლრდ დოლარს გადააჭარბა. გრანტების პროგრამა გრძელდება და 2025 წლისთვისაც 80 მლნ-იანი დაფინანსებაა გათვალისწინებული.
ტყუილი მტკიცება, იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აშშ საქართველოს ფინანსურად არ დახმარებია, ადრეც გავრცელებულა. 2022 წელს „ფაქტ-მეტრმა“ ალტ-ინფოს მიერ გავრცელებული განცხადება გადაამოწმა და ყალბ ამბად მონიშნა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პრაქტიკულად ალტ-ინფოს ნარატივი გაიმეორა. უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მასშტაბების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ პაატა კვიჟინაძის განცხადება შეაფასა როგორც ტყუილი.