უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში პრორუსული აქტორები აქტიურად განაგრძობენ „კოლექტიური დასავლეთის“, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების დემონიზებასა და უმოქმედობაში დადანაშაულებას. დეზინფორმატორები ცდილობენ, უკრაინაში რუსეთის წამოწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი დასავლეთის ბრალეულობად წარმოაჩინონ და პარალელურად, დასავლეთი უმოქმედობაში დაადანაშაულონ. ამ ბრალდებების ფონზე, პრორუსული ძალები განსაკუთრებული სიმძაფრით აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამტკიცებენ, რომ 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების პერიოდში, აშშ-ს საქართველოსთვის, კონკრეტულად კი - „ქართველი ხალხისთვის“, არავითარი დახმარება არ გაუწევია, რომ მათი დაფინანსება, მათ მიერვე დაარსებულ „მეხუთე კოლონას“ ხმარდებოდა.
ალტ-ინფო - „აშშ-ს ფინანსური დახმარება ამ წლების მანძილზე მის მიერვე დაფუძნებულ მეხუთე კოლონების ერთეულებს მიუვიდათ: რელიგიური სექტები, ჰომოსექსუალი რადიკალები, მათი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ლგბტ მემორანდუმზე ხელისმომწერები. ასეთი ამერიკის კმაყოფაზე მყოფი მეხუთე კოლონა. საქართველოს მოსახლეობას არაფერი მიუღია თითქმის ამერიკის დახმარების პაკეტიდან.... ის რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს მისიებში წლების განმავლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტიგენტით იღებდა მონაწილეობას რა დროსაც არაერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, კელი დეგნანის ყურადღებას გამოჩრა. მსხვერპლი, რომელიც საქართველომ ამერიკასთან ურთიერობისთვის გაიღო გაცილებით მეტია და აუნაზღაურებადია ვიდრე შტატების მიერ 30 წლის მანძილზე სასაცილო გამოყოფილი დახმარება, რომელიც რეალურად დირექტივების გამტარ არასამთავრობოებსა და ცალკეულ ჯგუფებზე იხარჯებოდა“.
რეალურად, მტკიცება, რომ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში ქართველ ხალხს აშშ-ისგან არავითარი დახმარება არ მიუღია, სიცრუეა. 30-წლიანი ქართულ-ამერიკული პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარებები საქართველოში არაერთი სფეროს დაფინანსებასა და განვითარებას მოხმარდა. კერძოდ - დემოკრატია და ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, მშვიდობა, თავდაცვა და უსაფრთხოება და სხვა. სინამდვილეში, 1992-2020 წლების პერიოდში, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯამურად $4 348 400 000 ფინანსური დახმარება მიიღო. „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ (CRS) ანგარიშის მიხედვით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა. 1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. დეკადის ბოლოს კი აშშ-მ საქართველო სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში დახმარების მიზნით დამატებითი თანხებით დააფინანსა.
შემდგომ დეკადაში, 2001-დან 2007 წლამდე, ჯამში საქართველომ აშშ-ისგან $ 945 მილიონ მეტი დახმარება მიიღო. ამასთან, 2005 წელს საქართველოში ათწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) კომპაქტის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონის დახმარება გაუწია. პროგრამის ფარგლებში 2005-2008 წწ. – 295,3 მილიონი აშშ დოლარი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის გასავითარებლად გამოიყო. 2008 წლის ნოემბერში, MCC-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომპაქტის შესწორების (compact amendment) საფუძველზე სამუშაოების დასასრულებლად კომპაქტის დახმარება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და შედეგად, საერთო ჯამში 395,3 აშშ მილიონი შეადგინა. ხოლო 2014-2019 წლებში MCC-ის დახმარება $140 მილიონი ძირითადად საგანმანათლებლო მიზნებს (საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა და ტრენინგები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების გაუმჯობესება) მოხმარდა.
2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია, მათ შორის, ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება. 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, ამერიკამ 116,3 მილიონი დოლარი გადმორიცხა ქვეყნის რეაბილიტაციის და აღმშენებლობისათვის. მათ შორის აღსანიშნავია, რომ საქართველომ აშშ-ისგან ყველაზე დიდი დახმარება სწორედ 2009 წელს 622 მილიონი დოლარი მიიღო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია.
2010-2017 წლებში აშშ-მა საქართველოს არასამხედრო მიზნებისთვის საშუალოდ $60 მილიონი, 2018 წელს - $70.8 მილიონი, ხოლო 2019 წელს ამერიკის კონგრესმა, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის, $89.8 მილიონი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ 2020 ფისკალური წლისთვის წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა საქართველოსთვის 89,8 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის რეკომენდაცია გასცა. 2021 წლისთვის კი აშშ-ს მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი 132 მლნ დოლარი კი 35-მილიონიან სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ხაზგასმით აღსანიშნავია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობა საქართველოს სწრაფი და უმტკივნეულო დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში. USAID-ის მეშვეობით, აშშ-მა საქართველოს წლის განმავლობაში 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. დღეისათვის, USAID-ის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები 35-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას აფინანსებს, რომელთა მიზანიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და ეკონომიკური განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ ფონდის საქმიანობა სხვადასხვა სფეროს პროგრამებს ფარავს, მათ შორისაა: სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა; ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში; ახალგაზრდების გაძლიერება მშვიდობისათვის; ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში; ბიზნეს განვითარების პროგრამა; განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის; დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა; ეკონომიკური მმართველობის პროგრამა; ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა; ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა; ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა; კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში; რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის; საბაზისო განათლების პროგრამა და სხვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ამერიკის მიერ პერსონალის გაცვლისა და სასწავლო დაფინანსებების პროგრამები (ფულბრაიტის; მომავალი ლიდერების გაცვლის FLEX; სტუდენტური გაცვლის UGRAD; საკანონმდებლო განათლების და პრაქტიკის LEAP; საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების).
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ბიუჯეტში 2022 წლის ფისკალური წლისთვის, ჯამურად სხვადასხვა ფონდიდან 120 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარის გამოყოფა ითხოვა. მათ, შორის, 88 მილიონი დოლარი ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების (AEECA) ფონდის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციისა და კრემლის მავნე გავლენების წინააღმდეგ მედეგობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ამასთან, საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამიდან (IMET) საქართველოსთვის გათვალისწინებულია 2 200 000 აშშ დოლარი, რაც რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ამერიკის, ნატოს, ევროპის შეიარაღებული ძალებთან თავსებადობასა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა მოხმარდეს. საგარეო სამხედრო დაფინანსებიდან (FMF) საქართველოსთვის 25 მილიონ დოლარია გამოყოფილი, რაც უსაფრთხოების გაძლიერებასა და ამისათვის საჭირო აღჭურვილობისა და წვრთნების ჩატარებას მოხმარდება. ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში (INCLE) კი საქართველო 4 400 000 აშშ დოლარს მიიღებს, ასევე 1 მილიონ აშშ დოლარს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლისა და განაღმვის პროგრამიდან (NADR).
ასევე, აშშ-მა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიდან საქართველოში 19 პროექტი დააფინანსა (2019 წლის მდგომარეობით), ჯამში 1.5 მილიონი აშშ დოლარით. მათ შორის, აღსანიშნავია ისეთი კულტურული ძეგლის რეაბილიტაციის დაფინანსება, როგორიც ჯვრის მონასტერია (100 ათასი აშშ დოლარით).
ამდენად, ნათელია, რომ აშშ-მა 30 წლის განმავლობაში საქართველოს მილიონობით აშშ დოლარის დახმარება გაუწია, რაც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ხალხის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.
----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.