ანტიოპოზიციური და მთავრობის მხარდამჭერი Facebook-გვერდები „ტერენტი გლდანელი“ და „პოლიტიკური აბსურდი“ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის შესახებ დეზინფორმაციას და არმენოფობიური შინაარსის პოსტს ავრცელებენ. Facebook-გვერდების პოსტში ვკითხულობთ: კვანძი გაიხსნა! გიგა მაქარაშვილის მამა, არტემ (არწიომ) მაქარიანი. დაიბადა სომხეთში, ქალაქ არტაშატში. გლეხი მაქარიანების ოჯახში. არტემ მაქარიანმა მალევე დატოვა სომხეთი და საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. წლების შემდეგ ის აიძულა მისმა შვილმა, გიგა მაქარიანმა, რომ გვარი გადაეკეთებინა. სირცხვილია, როცა შენი წარმომავლობის გცხვენია! ასეთი კაცია დღეს პროტესტის ლიდერი და საქართველოსთვის გულზე მუშტებს ირტყამს!!!”.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციულ პოსტს 1000 გაზიარება, 1000-ზე მეტი რეაქცია და 500-მდე კომენტარი აქვს. ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ გიგა მაქარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუს დროს მისი ეთნიკური იდენტობის შესახებ გავრცელებული მტკიცება უარყო და აღნიშნა, რომ მამამისი, ნუკრი მაქარაშვილი თელავში და არა სომხეთის ქალაქ არტაშატში დაიბადა, მისმა მშობლებმა კი თბილისში იქორწინეს და თავადაც თბილისში დაიბადა. გიგა მაქარაშვილმა დამატებით ისიც აღნიშნა, რომ მის სოფელში ერთ-ერთი ყველაზე ძველი საფლავი, რომლის იდენტიფიკაციას შესაძლებელია, სწორედ მაქარაშვილებს ეკუთვნით.
ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ გიგა მაქარაშვილის ნამდვილი გვარი მაქარიანია, სიმართლეს არ შეესაბამება.
---------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.