2024 წლის 3 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ხელახლა წარდგენის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში შარშანდელი კანონპროექტის იდენტური ტექსტით მოხდება. კანონპროექტის ახალ და ძველ ვერსიას შორის ერთადერთი განსხვავება ტერმინი იქნება - „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად მასში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ჩაიწერება. ბრიფინგზე ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა“.

მამუკა მდინარაძის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში გვერდმა „პოლიტიკური აბსურდი“ არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტებელი ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა (დაარქივებული ბმული). იდენტური ტექსტი გავრცელდა TikTok პლატფორმაზეც.

აღნიშნული პოსტების მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ დაფინანსების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდიან, რისი მიზეზიც ისაა, რომ ისინი დაფინანსებას „მავნებლური“, „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ექსტრემისტული ღონისძიებების“ განსახორციელებლად და „LGBT პროპაგანდის“ საწარმოებლად იღებენ.

„ვიცოდეთ, რაში გიხდიან მილიონებს! NGO-ებს კატეგორიულად არ სურთ, საკუთარი დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება! რეალურად კი, ეს აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე, რადგან მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს რა წყაროდან ხდება LGBT პროპაგანდის, ანტიეროვნული, დესტრუქციული და ექსტრემისტული საქმიანობის წახალისება. ცალსახაა, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაფინანსების წყაროების საზოგადოებისთვის გაცნობაზე უარის თქმის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მათ მავნებლური, უმძიმესი, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები აქვთ და დაფინანსების დიდი ნაწილიც სწორედ ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებასა და უბინძურეს LGBT პროპაგანდას ხმარდება“, - ვკითხულობთ პოსტში.

მოგვიანებით, Facebook-გვერდმა „პოლიტიკური აბსურდი“, აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მასზე ამჯერად უმეტესად პოლიტიკოსები გამოსახეს. აღწერაში კი მითითებულია, რომ „სურათზე ასახული „გრანტიყლაპიები“ ყოველდღიურად აგრძელებენ თქვენი შვილების ტვინების გამორეცხვას. ხან მამათმავლობის პროპაგანდაში იღებენ მილიონებს, ხან კი - ეროვნული იდენტობის განადგურებასა და რელიგიის შეურაცყოფაში“.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „პოლიტიკურ აბსურდი“ მსგავს დეზინფორმაციას 2023 წლის მარტის თვეშიც ავრცელებდა, რაც მაშინ კანონპროექტის პირველი ვერსიის პარლამენტში ინიციირების პერიოდს დაემთხვა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხზე სტატია წარსულშიც მოამზადა, იხილეთ ბმული.

წყარო: Facebook-გვერდის „პოლიტიკური აბსურდის“ მიერ 2023 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პოსტი (დაარქივებული ბმული)

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის მიხედვით Facebook-გვერდი „პოლიტიკური აბსურდი“ ანტი-ოპოზიციური მადისკრედიტირებელი გვერდია.

რაც შეეხება პოსტში გაჟღერებულ მტკიცებებს. ბანერზე გამოსახულია ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია; ბანერზე ვხვდებით „საქართველოს ევროპული ორბიტის“ თანადამფუძნებელ მიხეილ ბენიძესაც, რომელიც წარსულში ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორისა და შემდეგ Zinc Network-ის საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა. პოსტში ასევე გვხვდება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური; ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია; ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე და თბილისი პრაიდის გამგეობის წევრი, გიორგი თაბაგარი.

Facebook-გვერდის „პოლიტიკური აბსურდი“ მიერ გამოქვეყნებული პოსტი შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და დაფინანსების გზები გამჭვირვალე არაა და ისინი საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების შესახებ ინფორმაციას არ უზიარებენ.

რეალურად, ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსება, დონორები, ამ ფინანსების განკარგვის სფერო, ისევე როგორც ფინანსური ანგარიშების ამსახველი დოკუმენტები, ამ ორგანიზაციების ვებგვერდებზე ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

მაგალითად ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ისე დასრულებული გრანტების, მისი დონორის, ხანგრძლივობის, ოდენობისა და ვალუტის შესახებ.

ამასთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2004 წლიდან დღემდე აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს მისი საქმიანობის შესახებ. უკანასკნელი ასეთი ანგარიში 2023 წლის 5 ივნისს გამოქვეყნდა და მასში ორგანიზაციის 2022 წლის მუშაობის შეჯამებასთან ერთად დატანილია ინფორმაცია ორგანიზაციის დონორების, დანახარჯების, დონორებისგან მიღებული შემოსავლების შესახებ. ასევე წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.

ორგანიზაცია „საფარის“ ვებ-გვერდზე ასევე მარტივადაა ხელმისაწვდომი დონორებისა და პარტნიორების, ისევე როგორც ორგანიზაციაში ჩატარებული აუდიტის შესახებ ინფორმაციები.

2022 წელს ორგანიზაციამ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდში განხორციელებულ პროექტების ჩამონათვალი, პროექტების მიზნობრიობა, ძირითად დონორების შესახებ ინფორმაცია და პროექტების დეტალური ბიუჯეტია წარმოდგენილი.

წყარო: ორგანიზაცია „საფარის“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში

“საფარის” ვებ-გვერდზე ასევე ღიადაა მითითებული ინფორმაცია დონორებისა და პარტნიორების შესახებ.

2022 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ორგანიზაციას წლიური ბიუჯეტიც აქვს წარმოდგენილი.

ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“ დონორების, პროექტების, მათი მიზნობრიობის და მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციასღიადასევე საკუთარ ვებ-გვერდზე წარმოადგენს.

დონორების, პროექტების, მათი ხანგრძლივობისა და მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია "თბილისი პრაიდის" ვებ-გვერდზეცაა მითითებული.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას ის 2017 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე სახალხო დამცველის პოზიციას იკავებდა. თავად სახალხო დამცველის აპარატი ძირითადად პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამაზე მეტყველებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი: „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას“.

ნინო ლომჯარია და მიხეილ ბენიძე სხვადასხვა დროს ასევე იკავებდნენ სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორის პოზიციას. თავის მხრივ, გამჭვირვალეა ISFED-ის დაფინანსების წყაროები. მათ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც ყოველწლიური ანგარიშები (2023 წლის ჩათვლით), ისე დონორების, მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ყოველ ინდივიდუალურ პროექტზე დაინტერესებული მხარეს შეუძლია პროექტის დასახელების, დონორის, პროექტის ხანგრძლივობის, ბიუჯეტის, პარტნიორი ორგანიზაციის, მიზნისა და პროექტის ფარგლებში განსაზღვრული აქტივობების ჩამონათვალი დეტალურად იხილოს. თავად 2023 წლის ანგარიშში კი ორგანიზაციის მიერ 2023 წელს განხორციელებულ საქმიანობასთან ერთად აღნიშნულია ამ პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია და ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მონაცემები.

ამჟამად, ნინო ლომჯარია ასევე ხელმძღვანელობს პლატფორმას „საქართველოს ევროპული ორბიტა“. ორგანიზაციას არ აქვს ვებგვერდი, თუმცა პლატფორმამ საზოგადოებას განხორციელებული პროექტის მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიაწოდა. კერძოდ, ღონისძიების “საქართველოს ევროპული ხმა” აღწერაში ვხვდებით აღნიშვნას, რომ პროექტს ღია საზოგადოების ფონდი უჭერდა მხარს.

ამდენად მტკიცება, რომ პოსტში მოცემული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება საზოგადოებისთვის გაუმჭვირვალეა, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.