სოციალურ ქსელში ანგარიში Gvan Ca, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), დუბაიში მომხდარ წყალდიდობას „ღრუბლების დათესვას“ უკავშირებს და წერს: „ბლუმბერგი დაწვრილებით გვიყვება დუბაის წარღვნის შესახებ, რომელიც კლიმატის გეოინჟინერიით ღრუბლების დათესვით გამოიწვიეს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ღრუბლების დათესვით გამოწვეული ძლიერი წვიმის გამო გაუქმდა ფრენები, დაიხურა სკოლები და შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა (..) ესეც თქვენი ფეიკ კლიმატ ცვლილება“. რეალურად, წყალდიდობას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ქარიშხალს უკავშირებენ, მეტეოროლოგები უარყოფენ მტკიცებას, რომ ღრუბლების დათესვას ასეთი მასშტაბის წყალდიდობის გამოწვევა შეუძლია.
17 აპრილს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ყველაზე დიდი წყალდიდობა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, დაიხურა სკოლები და დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი, რამაც მსოფლიო მასშტაბით ფრენები შეაფერხა. ძლიერი წვიმა იყო ასევე ომანში (სადაც 19 ადამიანი დაიღუპა), ბაჰრეინსა და კატარში. არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, მათ მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამინდის შესახებ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ მიყვნენ და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნონ.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად ღრუბლების დათესვა ვერ ჩაითვლება, რადგან ამ ტექნოლოგიას, უფრო მცირე რაოდენობის წვიმის გამოწვევა შეუძლია (დაახლოებით 10-13 სმ-ზე მცირე). AP-სთან ინტერვიუს დროს, მეტეოროლოგი რაიან მოუმ განაცხადა, რომ დაახლოებით 6 ინჩი (15 სმ) წვიმის გამოწვევა, რაც დუბაიში დაფიქსირდა, ღრუბლების დათესვას არ შეუძლია.
მეტიც, მეცნიერები ხაზს უსვამენ კლიმატის ცვლილების მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებიც ღრუბლების დათესვაზე მიუთითებენ, ცდილობენ ყურადღების გადატანას იმისგან, რაც სინამდვილეში ხდება. მათი აზრით, კლიმატის დათბობასთან ერთად, ნალექი გაცილებით ძლიერდება მთელ მსოფლიოში, რადგან უფრო თბილი ატმოსფერო უფრო მეტ ტენიანობას იწვევს. მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ზოგადად პასუხისმგებელია ინტენსიურ და ხშირ ქარიშხლებზე, წყალდიდობებსა და ტყის ხანძრებზე მთელ მსოფლიოში. დუბაიმ გასულ წელს გაეროს COP28 კლიმატის მოლაპარაკებებს უმასპინძლა. ტემპერატურის მატება და გლობალური დათბობის სხვა შედეგები დიდი ხანია განიხილება სიცოცხლისთვის საფრთხედ.
ღრუბლების დათესვის ტექნოლოგია ჯერ კიდევ 1940-იან წლებში შეიქმნა. წვიმისთვის ღრუბლებს წყლის ნაწილაკი ან ყინულის წვეთები სჭირდებათ, რომლებსაც ბირთვები ეწოდება. მეტი რაოდენობით ბირთვების შესაქმნელად, ღრუბლების დათესვის მეთოდი გამოიყენება, კერძოდ, თვითმფრინავები და ხმელეთზე არსებული ე.წ. ქვემეხები, რითაც ნაწილაკები ღრუბლებში გადაისროლება. შედეგად, წარმოიქმნება ტენიანობა, რომელიც თოვლისა და წვიმის სახით მოდის. ღრუბლების დათესვის პროცესში ჩვეულებრივ გამოიყენება ვერცხლის იოდიდი, ასევე მშრალი ყინული და სხვა მასალები. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნიკას უღრუბლო ცაზე ვერ გამოიყენებენ, რადგან საჭიროა ე.წ. ქარიშხლის ღრუბელი, რომელიც ტენიანობას ინარჩუნებს.
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მეთოდი მუშაობს, თუმცა რამდენად ეფექტურად, ეს უკვე სადავოა. მეცნიერები თვლიან, რომ ატმოსფერული ძალები იმდენად დიდი და იმდენად ქაოტურია, რომ ტექნიკურად ღრუბლის დათესვა „ძალიან მცირე მასშტაბით, მინიმალურ ნალექს იწვევს“. მიუხედავ იმისა, რომ ეფექტურობა არც ისე მაღალია, ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ამ ტექნოლოგიას მაინც იყენებს, მეტიც, როგორც ჩანს ეფექტურადაც, იუტას შტატის წყლის რესურსების სამმართველოს ინფორმაციით, შტატში ღრუბლების დათესვის ტექნოლოგიის გამოყენებამ 2018 წელს წყლის მიწოდების 12%-ით გაზრდას შეუწყო ხელი.
არაბეთის გაერთიანებული საამირო ამ ტექნიკას 2002 წლიდან იყენებს. Associated Press-ის მიხედვით, ორშაბათს ქვეყნის თავზე ერთი თვითმფრინავი შეიმჩნეოდა, რომელიც ღრუბლების დათესვისთვის გამოიყენება, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქარიშხლის სისტემები, რამაც გამოიწვია ძლიერი წვიმა, წინასწარ იყო შესამჩნევი და პროგნოზირებული და მხოლოდ ღრუბლების დათესვა ასეთ წყალდიდობას ვერ გამოიწვევდა.
მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ უზარმაზარი ქარიშხალი „არ არის იშვიათი მოვლენა ახლო აღმოსავლეთისთვის“. რიდინგის უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის პროფესორი სიუზან გრეის მაგალითად მოჰყავს 2021 წლის კვლევა, რომელიც აანალიზებს 100-მდე ასეთ მოვლენას სამხრეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე 2000 წლიდან 2020 წლამდე. კვლევის მიხედვით, სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე ქარიშხლების ხანგრძლივობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული. სიუზან გრეი ვარაუდობს, რომ დათბობად სამყაროში ასეთ ექსტრემალურ მოვლენებს შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში წყაროდ ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ს უთითებს და აცხადებს, რომ ბლუმბერგი დაწვრილებით გვიყვება დუბაის წარღვნის შესახებ, რომელიც კლიმატის გეოინჟინერიით ღრუბლების დათესვით გამოიწვიეს. თუმცა, გამოცემა სტატიაში წერს, რომ წყალდიდობა ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქარიშხლის შემდეგია: „მთავრობამ ღრუბლები დათესვა წინა დღეებში, თუმცა მეტეოროლოგების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ნალექზე“. გამოცემა სტატიის ბოლოს ურთავს ახსნას, რომ შესწორებულია 17 აპრილს გამოქვეყნებული სტატიის სათაური და მეორე აბზაცი, რათა განიმარტოს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დუბაიში მომხდარ წყალდიდობაზე ღრუბლების დათესვის სერიოზულ გავლენას დაადასტურებს.
ამდენად, წყალდიდობა ბოლო ათწლეულში ყველაზე ძლიერ ქარიშხალს მოჰყვა და ექსპერტების თქმით, ღრუბლების დათესვის ტექნოლოგიას მსგავსი მასშტაბის ნალექის გამოწვევა არ შეეძლო.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.