სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილის ვიდეოს (დაარქივებული ვიდეოს ბმული) აქვეყნებს. ვიდეო აქტიურად ვრცელდება Facebook (ბმული 1, 2, 3, 4) და TikTok (ბმული 1, 2) პლატფორმებზე.

გავრცელებული ვიდეო წარმოდგენას ქმნის, თითქოს, პოლიტიკოსი ადრე აცხადებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანური შემოსავლები გაუმჭვირვალე და დახურული იყო, ხოლო ახლა პოზიცია შეიცვალა და ამტკიცებს, რომ საჯარო რეესტრში ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება. რეალურად, ინტერვიუში, რომლიდანაც ვიდეოს პირველი მონაკვეთია ამოჭრილი, ალექსანდრე ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესს აფასებს და არა მათ ფინანსურ შემოსავლების გამჭვირვალობას.

გავრცელებულ ვიდეოს დასაწყისში ალექსანდრე ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქედმაღლობა ახასიათებთ და მიუხედავად იმისა, რომ სხვებს მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, თვითონ არიან დახურულები. ვიდეოს ეს მონაკვეთი მისი 2022 წლის 5 ოქტომბრის ინტერვიუდან არის ამოჭრილი. საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას, იგი სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენისა და შერჩევის პროცესის შესახებ საუბრობდა.

გადაცემის წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვის კანდიდატურას უჭერს მხარს სახალხო დამცველის პოსტზე, ალეკო ელისაშვილი პასუხობს, რომ პარტია „მოქალაქეებს“ ფავორიტი არ ჰყავს და ყველა კანდიდატს განიხილავს. ამავდროულად, იგი დასძენს, რომ ერთადერთი, რაც მათთვის ამ პროცესში მოსაწონი არ იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანდიდატურის შერჩევის დახურული პროცესი გახლდათ. „არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, ახასიათებს ეს რაღაც ქედმაღლობა, სხვებს მოუწოდებენ ხოლმე გამჭვირვალობისკენ, მაგრამ თვითონ არიან ხოლმე დახურულები. თვითონ შეარჩიეს კანდიდატები, როგორ არ ვიცით, და წარმოადგინეს. უფრო მეტად რომ გაეხსნათ პროცესი, იქნებოდა უკეთესი, ჩვენც ვყოფილიყავით ჩართულები მათ მიერ კანდიდატების შერჩევაში“, - განაცხადა მან (იხილეთ ჩანაწერი 15:13-დან).

რაც შეეხება გავრცელებული ვიდეოს მეორე მონაკვეთს, მასში ალეკო ელისაშვილი სულ სხვა თემის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებულ ცნობების ხელმისაწვდომობის შესახებ საუბრობს (იხილეთ ინტერვიუს სრული ჩანაწერი 5:07-დან), განსხვავებით ვიდეოს პირველი მონაკვეთისგან, სადაც იგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესს აფასებს.

ამრიგად, გავრცელებულ ვიდეოში ალეკო ელისაშვილის სხვადასხვა თემაზე გაკეთებული ორი კომენტარი ერთმანეთთან იმგვარად არის დაკავშირებული, რომ მსმენელს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.