2024 წლის 2 აპრილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გვამცნო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კიდევ ერთხელ დააინიციირებდნენ. მოგვიანებით, 3 აპრილს, კანონპროექტი უკვე პარლამენტშიც დარეგისტრირდა. კანონპროექტი ზუსტი ანალოგია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში ინიციირებული „რუსული კანონისა“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, იძულებით ჩააგდო. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, კანონპროექტის ჩაგდებიდან მის ხელახლა ინიციირებამდე, იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიაში.
პარლამენტში ხელახლა დაინიციირებულ კანონპროექტს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების პროტესტი კიდევ ერთხელ მოჰყვა. ამ პროტესტის საპასუხოდ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გვერდმა „აგენტურამ“ პოსტი გამოაქვეყნა.
აღნიშნული გვერდი „ქართული ოცნების“ ოპონენტების მადისკრედიტებელ კამპანიაში ხშირად მონაწილეობს, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზითაც (მაგალითად, იხილეთ პოსტი). ამავე გვერდმა, ე.წ. „აგენტების კანონის“ დასაცავად, გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას (იხილეთ პოსტი). 6 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ:
„რატომ უნდათ, რომ დაერქვას ამ კანონს რუსული?
- მიზანი: ხელისუფლების ჩანაცვლება რევოლუციით. შავი ფულით ქვეყნის გარედან მართვა (რასაც „ოცნებაც“ მიხვდა და დააინიცირა კანონი)
- შესაბამისად, ბრძოლის განახლებული მეთოდი: შავი ფულის დაცვის კამპანია
- კამპანიის უცვლელი სახელწოდება: „არა რუსულ კანონს“
- სუბიექტები: ნაცმოძრაობა, ნაცმედია, მათი სხვა პარტიები და ენჯეოების აგენტურული ნაწილი.“
აღნიშნული პოსტით, ავტორი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველმა პარტიამ იმიტომ დააინიციირა, რომ „შავი ფული“ გამოააშკარაოს, ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება, სწორედ შავ ფულს იცავს.
სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ ორგანიზაციების „უცხოეთის ინტერესების გამტარებლად“ გამოცხადებას, რომლებიც საკუთარ დაფინანსებას იღებენ „უცხო ძალისგან.“ [1] ამ კანონის მოქმედების ქვეშ ექცევა ყველა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიების ის ნაწილი, რომლებიც დაფინანსებას „უცხო ძალისგან“ იღებენ. კანონის მიხედვით, უცხო ძალა არის: უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების შემადგენელი პირი, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კანონი შეეხება ყველა იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მედიორგანიზაციასაც, რომლებიც დაფინანსებას აშშ-დან, ამერიკული ფონდებიდან, ევროკავშირიდან, ევროპული ფონდებიდან თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან იღებს.
ბუნებრივია, ამგვარი დაფინანსება, განსაკუთრებით, ამერიკული თუ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე დაფინანსება, ექვემდებარება მკაცრ კონტროლს, პირველ ეტაპზე - დაფინანსების გამცემ სახელმწიფოში, ხოლო შემდგომ - საქართველოში. „შავი ფული“ ნიშნავს ფულს, რომელიც გამომუშავებულია არალეგალური გზებით, ან რომელზეც დამალულია/გადახდილი არაა გადასახადები. თავის მხრივ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ფულის გათეთრებას განმარტავს, როგორც არალეგალური წარმოშობის ფინანსური აქტივების შენიღბვის პროცესს. ქართული კანონმდებლობით, შავი ფულის შემოტანა ან შავი ფულის გათეთრება ისედაც აკრძალული საქმიანობაა. [1] დასავლური პარტნიორების მხრიდან მიღებული დაფინანსება, ძირითადად, პარტნიორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფულია. შესაბამისად, ფული, რომელიც გადასახადის გზით ლეგალურად არის აკრეფილი და შემდგომ, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, გრანტად არის გაცემული, ვერ იქნება „შავი ფული“, ვინაიდან, თავისი შინაარსით, შავი ფული გულისხმობს არალეგალურ წარმომავლობას.
ეს თანხა საქართველოში ოფიციალური გზებით - გადარიცხვით შემოდის. ყველა ეს ფინანსური რესურსი იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ფულის მიმღები ორგანიზაციები კი, თანხის განკარგვისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იხდიან საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადს. აღნიშნულისთვის თავის არიდება უკვე მოქმედი კანონმდებლობით ისჯება. [2]
ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დასავლური გრანტებით დაფინანსებულ ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას გამოაცხადებს უცხოეთის ინტერესების გამტარებლად. კანონპროექტი არ ქმნის არანაირ ბერკეტს შავი ფულისა თუ ფულის გათეთრების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთისთვის. სინამდვილეში, დისკუსიაში შავი ფულის საკითხის შემოტანაც მხოლოდ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ არასამთავრობო სექტორი იმიტომ არ ეთანხმება, რომ შავი ფული დაიცვას, ყალბია. უფრო დეტალური ინფორმაცია, თუ რას არეგულირებს საქართველოში ინიციირებული კანონის პროექტი „გამჭვირვალობის შესახებ“ და რატომ არ არის ის ევროკავშირში ინიციირებული დირექტივის პროექტის ანალოგია, იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიაში.
[1] სსკ მუხლი 194 - უკანონო შემოსავლის ლეგლიზაცია (ფულის გათეთრება) - ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ჯგუფურად; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ხოლო იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
[2] სსკ მუხლი 218 - გადასახადისთვის თვის არიდება - 1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან სამ წლამდე.