სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ „ბენიამინ ნეთანიაჰუს არაბები „ბინძურებად“ მიაჩნია და არ კადრულობს ხელი მოკიდოს არაბი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიწოდებულ მიკროფონს“. რეალურად, ვიდეო კოვიდპანდემიის დროს არის გადაღებული, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მოქმედებდა კოვიდრეგულაციები. სწორედ ამიტომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიწოდებული მიკროფონის აღებამდე ხელებზე სადეზინფექციო ხსნარს ისვამს.
შეხვედრა, რომლის ამსახველი კადრებიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება, 2020 წლის 26 ნოემბერს, ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, დუბაისა და ისრაელს შორის პირველი კომერციული რეისის დახვედრის ცერემონიაზე არის გადაღებული. შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუ მოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ისრაელ-არაბულ კონფლიქტს ანგრევენ და მას ისრაელ-არაბულ თანამშრომლობად აქცევენ, რათა შექმნან არა მხოლოდ ახალი მომავალი, არამედ ახალი აწმყო.
გავრცელებული მონაკვეთი ამოჭრილია უფრო ვრცელი ვიდეოდან, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ანგარიშების მიერ პლატფორმა X-სა და YouTube-ზე გამოქვეყნდა (გავრცელებული მონაკვეთი ხელმისაწვდომია 3:02-დან). ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, თუ როგორ მიემართება არაბი ოფიციალური პირისკენ ნეთანიაჰუ მიკროფონის გამოსართმევად, თუმცა ჩერდება, კადრს მიღმა მყოფ ადამიანს ხელის სადეზინფექციო საშუალების მისატანად იხმობს, ხელებზე სადეზინფექციო სითხეს ისხამს და მხოლოდ შემდეგ იღებს მიკროფონს. ვიდეოს სრულ ვერსიაში ასევე ჩანან ოფიციალური პირები, რომელთაც სახე პირბადით აქვთ დაფარული.
აღნიშნული ვიდეოს ვირუსულ გავრცელებას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuter-იც გამოეხმაურა. მათ სტატიაში აღნიშნულია, რომ ცერემონიის გამართვიდან ერთი თვის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, ისრაელმა ეროვნული მასშტაბის მესამე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა.
ამგვარად, გავრცელებული ვიდეო კოვიდპანდემიის დროს არის გადაღებული და ინტერნეტსივრცეში არასწორი კონტექსტით გავრცელდა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.