სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელი არ ჩამოართვა. რეალურად, ღონისძიებაზე დასწრებამდე, პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და მის მეუღლესთან ერთად რამდენიმე საათი გაატარა, ხოლო მოგვიანებით, ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს ხელი ჩამოართვა და გადაეხვია.
სოციალურ მედიაში ცოტა ხნის წინ ფართოდ გავრცელებული ვიდეოს მონაკვეთი ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა აღწერილობით ვრცელდება (იხილეთ 1, 2, 3, 4, 5, 6). მას ღაზაში მიმდინარე ომსაც მცდარად უკავშირებენ.
რეალურად, ვიდეო 2020 წლის 23 ნოემბერს ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზეა გადაღებული, სახელწოდებით - „ჰოლოკოსტის ხსოვნა: ანტისემიტიზმთან ბრძოლა“ ("Remembering the Holocaust: Fighting Antisemitism"). ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს, რომლის ფარგლებშიც 40-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი იერუსალიმში შეიკრიბა, ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა უმასპინძლა.
ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იერუსალიმში ლენინგრადის ალყის დამცველთა და მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი გახსნა და ისრაელს ნაციზმის დამარცხებაში საბჭოთა როლის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე გაიხსენა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვები, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაცისტების მკვლელობის მანქანის“ დამარცხების საქმეში საბჭოთა კავშირის როლის ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოჩენა არ უნდა მოხდეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუსკენ გაემართა, ხელი ჩამოართვა და გადაეხვია (იხილეთ ჩანაწერი 7:48-დან).
ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 23 ნოემბრის (დღე, როდესაც ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა) დილას, ფორუმზე დასწრებამდე, რუსეთის პრეზიდენტს ბენიამინ ნეთანიაჰუმ მეუღლესთან ერთად იერუსალიმში, საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.
ნეთანიაჰუმ ისრაელსა და რუსეთს შორის არსებული გულითადი მეგობრობისთვის რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ პუტინმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისრაელში სტუმრობის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და იმედოვნებს, რომ ეს რუსეთსა და ისრაელს შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხელს შეუწყობს. მან ასევე ჰოლოკოსტის მემორიალზე დასასწრებად მზაობა გამოთქვა (იხ. ჩანაწერი 2:14-დან) და პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს ისრაელში მოწვევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ამრიგად, 2020 წლის 23 ნოემბერს ფორუმზე დასწრებამდე რუსეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს რეზიდენციაში ესტუმრა, ხოლო ფორუმზე გამოსვლის შემდეგ ხელი ჩამოართვა და გადაეხვია. ფორუმის ამსახველი კადრები კი იმგვარადაა ამოჭრილი, რომ მაყურებელს წარმოდგენა შეუქმნას, თითქოს, ვლადიმერ პუტინმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ყურადღება არ მიაქცია და ხელიც კი არ ჩამოართვა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.