სოციალურ ქსელში როგორც რუსულენოვანი (1; 2; 3; 4), ასევე ქართულენოვანი ანგარიშები და კრემლისტური მედია (1; 2; 3; 4; 5;) აუდიოჩანაწერს ავრცელებენ, რომელშიც თითქოს გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დედა ლიუდმილა ნავალნაია, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას, სხვადასხვა ბრალდებას უყენებს, მათ შორის, ალექსეის რუსეთში დაბრუნებასა და მისი სიკვდილით ვაჭრობაში ადანაშაულებს, ასევე შვილებს შორის კონფლიქტისა და უთანხმოების მიზეზად იულიას ასახელებს. სინამდვილეში, აუდიომიმართვა რეალური არ არის და ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა დამუშავებული.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აუდიოჩანაწერის გარკვეულ ნაწილში ხმა ხარვეზებით ისმის, რაც მის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. საკითხის შესწავლა ესტონეთში დაფუძნებული რუსულენოვანი ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის „Проверено”-ს რედაქტორმა ილია ბერმა დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი ყალბია. მათ ჩანაწერის პირველწყაროს, Telegram-არხი „Сигнал” მიაკვლიეს, სადაც ის 22 თებერვალს, მოსკოვის დროით 08:29 საათზე გავრცელდა. აღწერაში წერდნენ, რომ აუდიოჩანაწერი სხვადასხვა მედიამაც გამოაქვეყნა, თუმცა ისინი დასახელებული არ იყო. „Проверено“-ს ინფორმაციით, Telegram-არხს „Сигнал“ ყალბი ამბები აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებია. „Сигнал“-ს ბლოგერი ეკატერინა აგრანოვიჩი (Катруся) ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად კრემლთან დაახლოებული მედია მენეჯერის კრისტინა პოტუპჩიკის არხების „ქსელსაც“ წარმოადგენს.
23 თებერვალს ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს- ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი (созданная нейросетью) და მისი აზრით, კრემლი მსგავსი „ბინძური მეთოდებით, ფეიკებით გააგრძელებს რაღაცების შექმნას და Telegram-არხებით გავრცელებას“.
„Проверено”-მ აუდიოჩანაწერი aiornot.com-ზეც გადაამოწმა, რომელიც ინფორმაციის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრსაც“ არაერთხელ გამოუყენებია (1; 2). ვებგვერდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩანაწერი, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა.
- „проверено“-ს ფოტოანაბეჭდი:
საინტერესოა, რომ აუდიოჩანაწერი კრემლთან დაახლოებულ ალექსანდრ დუგინთან ასოცირებულმა რუსულმა ტელეარხმა „ცარგრადმაც“ გაავრცელა. თუმცა მალევე Telegram-არხზე მათ გამოაქვეყნეს პოსტი, სადაც აღნიშნეს, რომ ვიდეოჩანაწერი ყალბი აღმოჩნდა. ინფორმაცია რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ კონონენკომაც გაავრცელა, თუმცა შემდგომ ბოდიში მოიხადა და Telegram-ზე დაწერა, რომ ინფორმაცია ყალბი იყო.
ამგვარად, გავრცელებული აუდიოჩანაწერი ყალბია.
---------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.