სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, რომელიც შეთქმულების თეორიების გაზიარებით ცნობილი ანგარიშია, ვიდეო კონსპირაციული აღწერით გამოაქვეყნა.

„მათ იციან, რომ გენმოდიფიცირებული ადამიანების ნაშიერნი იქნებიან უნაყოფოები, ამიტომაც უკვე ღიად გვთავაზობენ "გამოსავალს" - ლაბორატორიაში გამოყვანილი ჩვილების სახით, რომლებიც იქნებიან გენმოდიფიცირებული და ოგმენტურად გაძლიერებულნი, მატრიცის ნაწილი. სატანის სინაგოგის გეგმაა ადამიანები გახადონ ბაფომეტის ხატება და მსგავსება, ანუ ორსქესა ანდროგენული ჰერმაფროდიტები (ამიტომაც ხდება ამჟამად ტრასგენდერების სუპერ პროპაგანდა თითქმის ყველა ქვეყანაში). და როცა ეს მოხდება (თუ მოხდება) ადამიანის ერთადერთი გამრავლების მეთოდი იქნება ლაბორატორიულად (ქარხნულად) გამოყვანილი ბავშვები“, - წერს პოსტის ავტორი.

პოსტის ავტორის კონსპირაციული შინაარსის მტკიცება კომპიუტერული მოდელირებით შექმნილ ვიდეოს ეფუძნება, რომელშიც ინკუბატორების გამოყენებით ემბრიონების გაზრდის ხელოვნურად მართული პროცესია ნაჩვენები. მასში ასახულია ინკუბატორების სისტემა (სახელწოდებით EctoLife), რომელიც ბუნებრივი გზით ორსულობის პროცესს ანაცვლებს, ემბრიონს კი ჩამოყალიბებისა და ზრდისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას აწვდის და ოპტიმალურ გარემოს უქმნის.

ვიდეოზე დაყრდნობით „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ EctoLife კონცეფციას კონსპირაციულ თეორიებს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ ბავშვების ლაბორატორიულად გამრავლების საჭიროება „სატანის სინაგოგის გეგმის მიხედვით გამრავლების უნარის არმქონე ორსქესიანი ადამიანების შექმნის გამო დადგება“.

ვიდეო, რომელიც „ბოლო ჟამის ქრისტიანების“ მიერ კონსპირაციული მტკიცებების გავრცელებას უდევს საფუძვლად, თავდაპირველად YouTube-სა და Facebook-ზე გამოქვეყნდა, კონცეფციის ავტორი კი ჰაშემ ალ-გაილია (Hashem Al-Ghaili).

სინამდვილეში, კონცეფციის ავტორის, ჰაშემ ალ-გაილის მიერ Science and Stuff-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადების მიხედვით, EctoLife-ის კონცეფციამ ერთ დღეს შესაძლოა ჩაანაცვლოს ტრადიციული დაბადება, რითაც EctoLife იმ მშობლების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, რომლებსაც უშვილობა აწუხებთ, „დაიღალნენ შვილად აყვანის სააგენტოს პასუხის მოლოდინით“ ან რომლებსაც „აწუხებთ ორსულობის გართულებები“ და ა.შ. შესაბამისად, EctoLife წარმოადგენს არა „სატანის სინაგოგის გეგმით შექმნილი ორსქესიანი უშვილო ადამიანების გამრავლების გზას“, არამედ ალ-გაილის მიხედვით, ის სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის ქალთა განათლებისა და დასაქმების დონის ზრდის, ბავშვის ყოლის მაღალი ღირებულების და სხვა ფაქტორების გამო გამძაფრებული უშვილობის კრიზისის საპასუხო კონცეფციაა.

დამატებით, EctoLife წარმოადგენს არა რეალობას ან სამეცნიერო გეგმას, არამედ მხოლოდ კონცეფციას იმისა, თუ თეორიულად როგორი შეიძლება იყოს მომავალი.

EctoLife კონცეფციის ავტორი, ჰაშემ ალ-გაილი, თავს სამეცნიერო კომუნიკატორსა და ვიდეოპროდიუსერად მიიჩნევს და პროფესიისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ თავის გატაცებას სოციალური ქსელების გამოყენებით საზოგადოებისთვის სამეცნიერო მიღწევებზე ინფორმაციის გასაზიარებლად იყენებს. ამაზე მეტყველებს ჰაშემ ალ-გაილის ვერიფიცირებული Facebook-ანგარიში, რომელსაც 33 მილიონი გამომწერი ჰყავს, გვერდის დანიშნულება კი მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ბუნების სიახლეების საზოგადოებისთვის გაზიარებაა. „მე ამ გვერდს ვუძღვნი მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ბუნების მიმართ ჩემი გატაცების თქვენთან გაზიარებას“, - ვკითხულობთ მის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავტორი მოლეკულური ბიოლოგიის მაგისტრის ხარისხის მფლობელია, მისი პირადი LinkedIn ანგარიშის მიხედვით, მას ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება არ აქვს. შესაბამისად, EctoLife-ის იდეა არა ჰაშემ ალ-გაილის სამეცნიერო პროექტის ან ექსპერიმენტის გეგმას, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სიახლეებზე დაყრდნობით მის მიერ შემუშავებულ კონცეფციას ეფუძნება და ის რეალობას არ წარმოადგენს.

ჰაშემ ალ-გაილიმ EctoLife-თან დაკავშირებულ კითხვებს თავის ვერიფიცირებულ Facebook-გვერდზეც უპასუხა. პირდაპირ ეთერში მან აღნიშნა, რომ EctoLIfe კონცეფციაა, რომლის განსავითარებლად ის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეცნიერებას ეყრდნობოდა.

„მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვისაუბრო EctoLife-ზე - კონცეფციაზე, რომელიც ახლახან გამოვაქვეყნე. ის ვირუსულად გავრცელდა. მას აშუქებდნენ საინფორმაციო საშუალებები მთელს მსოფლიოში. ის ზოგიერთმა ადამიანმა კონტექსტიდან ამოიღო. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ… ერთი რამ რაც უნდა იცოდეთ არის, რომ ეს კონცეფციაა. კონცეფციის შესაქმნელად, მისი განვითარებისთვის მე ვეყრდნობოდი მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეცნიერებას. მე ვარ ბიოტექნოლოგი პროფესიით, ასე რომ ეს ჩემი სფეროა და ძალიან დიდი ხანია ვადევნებ თვალყურს ამ სფეროში უახლეს განვითარებას “,- განაცხადა ალ-გაილიმ.

ჰაშემ ალ-გაილისთვის EctoLife კონცეფცია ადამიანის განვითარების ლოგიკური შემდეგი ნაბიჯია. Science and Stuff-თან ჩაწერილ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ EctoLife-ის შემადგენელი ნაწილები, როგორიცაა VR ხედვა, ინკუბატორთან დამაკავშირებელი აპლიკაცია, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემა და ა.შ. უკვე სტანდარტული ტექნოლოგიებია და ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება, ალ-გაილის კონცეფცია კი ამ გამოგონებათა ერთად თავმოყრაა.

სოციალურ ქსელში კონცეფციის ვიდეოს კონტექსტის გარეშე ხშირი მანიპულაციური გავრცელების გამო ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Lead Stories-მა საკითხი ასევე მიმოიხილა.

ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია ქიმიური, ბიოქიმიური და გარემოს ინჟინერიის პროფესორსა და მერილენდის უნივერსიტეტის მოწინავე სენსორული ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორს, გოვინდ რაოს დაუკავშირდა. პროფესორის განცხადებით, EctoLife სამეცნიერო ფანტასტიკაა და მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მსგავსი ტიპის მოწყობილობის შექმნა ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით შესაძლებელია, ამ კონცეფციაზე მუშაობის მცდელობამდეც კი საჭიროა რიგ ტექნიკურ და ეთიკურ საკითხების გადაწყვეტა. მისივე განცხადებით, ხელოვნური საშვილოსნოები ამ დრომდე მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ დაეხმაროს ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს გადარჩენაში, ცდები კი ამ დრომდე მხოლოდ ცხოველებზეა ჩატარებული.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი