რუსული პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ბრალდებებს წლების განმავლობაში ავრცელებდა. პროპაგანდისტული გზავნილების ავტორები იყვნენ, როგორც რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლები, ისე სამთავრობო მედიები. ლაბორატორიას ადანაშაულებდნენ ბიოლოგიური იარაღის შექმნასა თუ ვირუსების მიზანმიმართულად გავრცელებაში, რაც უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს სპეცსამსახურებთან აქტიური თანამშრომლობის კონტექსტში განიხილებოდა.
საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, რასაც საფუძვლად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 1997 წელს გაფორმებული ხელშეკრულება და 2002 წელს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმება დაედო. აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ბიოლოგიური იარაღის გავრცელების პრევენციას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში ლუგარის ლაბორატორიამ ბოლო 13 წლის განმავლობაში დაახლოებით 350 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.
ლუგარის კვლევითი ცენტრი ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს აერთიანებს, აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ სამ ვირუსოლოგიურ ლაბორატორიას. აღნიშნული ლაბორატორიების მიზანია, ეპიდაფეთქებების წარმომავლობა დაადგინოს, ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობა განახორციელოს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება მოახდინოს.
ლუგარის ლაბორატორიამ სრული ექსპლუატაცია 2013 წლის აგვისტოდან დაიწყო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეგიონულ დირექტორთან, ჩარლს ვიტეკთან 2022 წლის ინტერვიუში ირკვევა, რომ ლაბორატორიის დაარსების მოტივი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა, ბიო-სამედიცინო კვლევითი პოტენციალის განვითარება და ქვეყნის ბიოუსაფრთხოების გაზრდა იყო. მიუხედავად ლაბორატორიის საქმიანობის სრული გამჭვირვალობისა, მის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი დღემდე გრძელდება (წლების განმავლობაში ცენტრის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციები იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია)
ლაბორატორიის საქმიანობის სანდოობა და გამჭვირვალობა 2018 წელს ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების (BTWC) ექსპერტთა ანგარიშითაც დადასტურდა, რომელიც 17 ქვეყნის 22 დამკვირვებლის დასკვნას აერთიანებდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კვლევის პროცესებში რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა ეს შეთავაზება არ მიიღო, რაც ადასტურებს ფაქტს, რომ კრემლს ლაბორატორიის ფუნქციონირების მიმართ მოჩვენებითი ინტერესი აქვს. უცხოელ ექსპერტთა დასკვნით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა ბიოუსაფრთხოების თვალსაზრისით, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და ცენტრის მშვიდობიან კვლევით მიზნებთან არის თანხვედრაში. მალევე, 2018 წლის 4-7 დეკემბერს ჟენევაში გამართულ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მხარდაჭერა დაიმსახურა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ბრალდებები აბსურდულია.
ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც მიანიშნებს, თითქოს აეროპორტის გზაზე ხშირ ნისლს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა იწვევს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
----------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.