სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Giorgi Abashidze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს. ავტორის მტკიცებით, ვიდეოში წარმოდგენილი ადამიანი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სატანისტურ შელოცვას ატარებს. რეალურად, ვიდეოზე იავანავას ტომის სულიერი ლიდერია გამოსახული, რომელიც სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტომის სიმღერას და ტრადიციულ შამანურ რიტუალს ასრულებს.

2024 წლის 17 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლენარული სესია, „კლიმატი და ბუნება: სისტემური პასუხის საჭიროება“ (“Climate and Nature: A Systemic Response Needed”) გაიმართა. სხვა გავლენიან პირებთან ერთად, როგორებიცაა, კრისტალინა გეორგიევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი; ჯესპერ ბროდინი, IKEA-ს აღმასრულებელი დირექტორი; აჯაი ბანგა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი და სხვ., სესიაზე სიტყვით გამოვიდა ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე აკრის რეგიონის ამაზონის იავანავას ტომის უფროსი - პუტანი იავანავა.

ოფიციალური პროცესის შემდეგ, რიტუალის შესრულებამდე, პუტანი იავანავამ აღნიშნა, რომ „მომავლისკენ გახედვისას უნდა შევხედოთ წარსულს და დავინახოთ, როგორი იყო ჩვენი წინაპრების სურვილები“. სიმღერის პარალელურად, სულიერი კავშირის განსასახიერებლად, მან შეკრებილ ლიდერებს ხელები შუბლზე დაადო. „ჩვენ შეგვიძლია შევკრათ ხელები, გავაერთიანოთ გულები და ჩვენი აზრები ერთი მიმართულებით, პლანეტის და სულიერი განკურნებისთვის“, „როდესაც გავერთიანდებით აზროვნებით და გულებით, ჩვენი დედამიწა მოგვისმენს“, - აღნიშნა მან.

მოვლენას საერთაშორისო გამოხმაურება მალევე მოჰყვა. ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდებოდა რიტუალის ამსახველი კადრები მანიპულაციური სათაურებით (იხ. ბმული 1, 2, 3, 4, 5). სახეცვლილ ინფორმაციას ძირითადად ყალბი ამბებისა და კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი ვებგვერდები აქვეყნებდნენ.

მომხდარს კათოლიკური ახალი ამბების სააგენტოებიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, National Catholic Register და Catholic News Agency ესპანელი მღვდლის, მამა ჰესუს სილვა კასტინიანის, პოზიციას წარმოგვიდგენენ. იგი მომხდარს აკრიტიკებს და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელობის სულიერების შესახებ კითხვებს სვამს. იგი ასევე ინტერესდება, თუ რატომ არ იყვნენ სესიაზე წარმოდგენილი კათოლიკე მოძღვრები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განცხადებით, ძირძველი ტომები და ადგილობრივი საზოგადოებები დედამიწის ტერიტორიების მესამედს მართავენ. ისინი განაგრძობენ კულტურულ და სულიერ პრაქტიკებს, რომლებიც მათ გარემოს და თემებს აყალიბებს. ამრიგად, წინსვლისთვის ძირძველი ტომების პერსპექტივის გააზრება, რომლებიც პრიორიტეტს გრძელვადიან აზროვნებას და ადამიანურ გამოცდილებას ანიჭებენ, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მიუხედავად კრიტიკისა, არ არსებობს მტკიცება იმის შესახებ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე პუტანი იავანავას მიერ შესრულებული ტრადიციული რიტუალი „სატანისტური შელოცვა“ იყო, როგორც ამას Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს. როგორც თავად იავანავამ რიტუალის შესრულებამდე აღნიშნა, მომავალში გახედვამდე, უნდა გავიხსენოთ, თუ რა სურდათ ჩვენს წინაპრებს, „გავაერთიანოთ აზრები, განზრახვები და დედამიწა მოგვისმენს“. მისი შესრულება სწორედ ამის შეხსენებას ისახავდა მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი