სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Giorgi Abashidze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ვიდეოს ავრცელებს. პოსტის აღწერაში წერს: „მიუნხენის აეროპორტში თვითმფრინავი, რომელიც გლობალური დათბობის სამიტზე დუბაიში უნდა გაფრენილიყო, პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე აფრენა-გაფრენის დროს გაიყინა და ჩაიყინა!!!“. პოსტის მეორე ნაწილში კი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ გლობალური დათბობა „გლობალური აფიორაა“: „ყველა კლიმატური კატასტროფები, რომლებიც ბოლო წლებია ხდება, ადამიანების დასაბოლებლად და დასაშტერებლად არის შექმნილი და განხორციელებული!!!“. რეალურად, კადრში ჩანს თვითმფრინავი, რომელიც დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში მიუნხენის აეროპორტში იყო გაჩერებული და მას დუბაის მიმართულებით ფრენა საერთოდ არ ჰქონია.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, მეცნიერები თანხმდებიან, რომ გლობალური დათბობა და ზოგადად კლიმატის ცვლილება რეალურია, გლობალური ტემპერატურა იზრდება და მასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის საქმიანობა.
ვიდეო მთელ მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა და ამ თემაზე არა ერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ იმუშავა, მათ შორისაა: ამერიკული Lead Stories, ევროპული AFP Europe, გერმანული Correctiv, ლატვიაში არსებული Re: Baltica და ლიეტუვაში არსებული Delfi.
ვიდეოს კადრში ჩანს თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომერი „OE-HUB“. პრეფიქსი „OE“ აღნიშნავს ქვეყანას, სადაც თვითმფრინავია რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში - ავსტრია (გერმანულად Österreich). თვითმფრინავი Bairline Fluggesellschaft-ს ეკუთვნის, რომელმაც გერმანულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Correctiv-ს დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი დუბაის მიმართულებით არ მიფრინავდა.
წყარო: Re:Baltica
ფრენებზე დაკვირვებამ, კერძოდ, FlightAware-ის პლატფორმის გამოყენებამ, აჩვენა, რომ თვითმფრინავი მიუნხენის იოზეფ შტრაუსის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის 15 ნოემბრიდან, ანტვერპენის რეისის შესრულების შემდეგ იყო გაჩერებული.
წყარო: Lead Stories
აღნიშნულ თემაზე, Lead Stories მიუნხენის აეროპორტს დაუკავშირდა. აეროპორტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კერძო თვითმფრინავი 1 დეკემბერს, თოვლის სიმძიმის გამო დაზიანდა, მაშინ როცა ის „პარკირებული“ იყო.
ცნობისთვის, დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე კონფერენცია (COP28) 12 დეკემბერს, ორკვირიანი შეხვედრების შემდეგ დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ 2050 წლისთვის გლობალური ნულოვანი ემისიების მიღწევის მნიშვნელობაზე. სამიტზე მხარეებმა მსოფლიოს 2030 წლისთვის, 2019 წელთან შედარებით, სათბურის გაზების ემისიების 43 პროცენტით შემცირებისკენ მოუწოდეს.
მტკიცება 2: გლობალური დათბობა „გლობალური აფიორაა“
მიუხედავად მრავალი კვლევისა, რომელიც კლიმატის ცვლილების ნამდვილობასა და მის მავნე შედეგებს ადასტურებს, საკითხი დეზინფორმაციის სამიზნედ მაინც იქცა.
კლიმატის ცვლილება ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელი ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თანახმად, კლიმატის ცვლილების „ბუნებრივი გამომწვევი მიზეზები დღესაც მოქმედებს, მაგრამ მათი გავლენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სწრაფი ცვლილებების ასახსნელად, ძალიან მცირე და სუსტია“.
გლობალური კლიმატის ცვლილების თეორიის მიხედვით, წიაღისეული საწვავის დაწვა ქმნის საფარს, რომელიც დედამიწაზე მზის სითბოს იკავებს და ამგვარად, გლობალურ ტემპერატურას ზრდის. გლობალური დათბობა კი, თავის მხრივ, ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორიცაა: გვალვა, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება.
ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, როდესაც ნახშირით, ნავთობით და გაზით მომუშავე მანქანები გაჩნდა, ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობა უპრეცედენტო ტემპით იზრდება. ნახშირორჟანგი CO2, ისევე როგორც, მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), სათბური აირებია და ისინი დედამიწაზე სათბურის ეფექტის შექმნაში მონაწილეობს. როდესაც მზის სხივები დედამიწას ათბობს, სითბოს დედამიწა უკან, ატმოსფეროში, გზავნის, ამ დროს კი ზემოხსენებული სათბური აირები სითბოს აკავებს და დედამიწას თბილ ტემპერატურას უნარჩუნებს. იმის გამო, რომ დღეისათვის ადამიანები ნავთობსა და ქვანახშირს წვავენ, ატმოსფეროში მეტი სათბური აირი გამოიყოფა, სქელდება ე.წ. სათბური „საბანი“, დედამიწა კი კიდევ უფრო ცხელდება, რაც ყინულის დნობასა და უჩვეულო ამინდს იწვევს. ზოგადად, სათბური ეფექტი აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლისთვის, მაგრამ სათბური აირების შრის ზედმეტი სისქე კლიმატის ცვლილებას იწვევს.
წყარო: undp.org ( გრაფიკზე ნაჩვენებია ბოლო 200 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ტემპერატურის მატება (წითელი ხაზი), რაც დროში ემთხვევა CO2-ის კონცენტრაციის ზრდას ატმოსფეროში (ლურჯი ხაზი)).
2020 წელს გაეროს ბაზაზე Net Zero Coalition-ის ინიციატივა შეიქმნა, რომელიც მიზნად 2030 წლამდე სათბური აირების ემისიების 45%-ით შემცირებას ისახავს, 2050 წლისთვის კი - ნულოვან დონემდე დასვლას. აღსანიშნავია, რომ დედამიწას ბუნებრივად აქვს როგორც სათბური აირების გამოყოფის, ისე მათი ზღვების ან ტყეების მეშვეობით შთანთქმის უნარი. ზემოთ ხსენებული ინიციატივის მიზანი კი სათბური აირების სწორედ იმ, დაბალანსებულ, ნულოვან დონეზე დაყვანაა, როდესაც დედამიწა მათ შთანთქმასა და თვითრეგულაციას დამოუკიდებლად შეძლებს. ამჟამად, იმაზე მეტი სათბური აირი გამოიყოფა, ვიდრე დედამიწას მისი რეგულირება შეუძლია, რაც, შედეგად, გლობალურ დათბობას იწვევს.
ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებლები, ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში, მაქსიმუმზეა, რასაც უახლესი სამეცნიერო კვლევებიც ადასტურებს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.