სოციალურ ქსელში ანგარიში Giorgi Abashidze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1;2;3) მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტი ეხება გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს და მის ცნობილ ხელის ჟესტს, რომელიც, აღნიშნული Facebook- მომხმარებლის მტკიცებით, მასონური სიმბოლოა.
“Merkel-Raute", როგორც გერმანულად არის ცნობილი, პირველად 2002 წელს ჟურნალ Stern-ის ფოტოგადაღების დროს გაჩნდა. როგორც მოგვიანებით ფოტოგრაფი კლაუდია კემპფი იხსენებს, მერკელმა „არ იცოდა, რა გაეკეთებინა ხელებით“... „მან ხელები ჯერ ქვემოთ ჩამოწია, რამაც მას ცოტათი დაუცველი სახე მისცა, შემდეგ ისინი შეაერთა. მე ვუთხარი: „თქვენ ძალიან ჰგავხართ პასტორის ქალიშვილს", - განუცხადა ფოტოგრაფმა გაზეთ Rheinische Post-ს 2009 წელს.
საგულისხმოა, რომ მერკელის ხელის ჟესტთან დაკავშირებით, რომელსაც ინგლისურენოვან მედიაში „Merkel Diamond“-საც უწოდებენ, ადრეც გავრცელებულა კონსპირაციული თეორია, რომ ჟესტი მასონურ სიმბოლიკას წარმოადგენდა. კითხვაზე, თუ რას მნიშვნელობა ჰქონდა ამ ჟესტს, თავად ყოფილმა კანცლერმა, ერთ-ერთ გერმანულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა: „ყოველთვის იყო კითხვა, რა უნდა მექნა ხელებისთვის და ესეც ასე მოხდა... ამაში რაღაც გარკვეული სიმეტრიაა“.
“Merkel Diamond”, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ხელის ჟესტია, რის გამოც ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ (CDU), 2013 წლის 22 სექტემბრის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, გადაწყვიტა, გამოსახულება პლაკატზე გამოეყენებინა და განეთავსებინათ ბერლინის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე - Hauptbahnhof-ზე.
გარდა ამისა, აღნიშნული ჟესტი სხვა პოლიტიკური ლიდერებსაც დაუფიქსირებიათ, მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ასევე, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, გორდონ ბრაუნი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანგელა მერკელის ხელის ჟესტთან დაკავშირებით, შეთქმულების თეორიები ადრეც გავრცელებულა და აღნიშნული პოსტიც ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება. ჟესტი არა ფარული მასონური სიმბოლიკა, არამედ პოლიტიკოსების მხრიდან საჯარო გამოსვლისას ხელების დაკავების ერთ-ერთი ხერხია.
---------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.