სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, WEF ამბობს, რომ პედოფილები გადაარჩენენ კაცობრიობას. WEF მოუწოდებს პედოფილიის დეკრიმინალიზაციას და ამტკიცებს, რომ პედოფილიის წინააღმდეგ კანონები არღვევს ადამიანის უფლებებს. მათი აზრით, პედოფილია არის „ბუნების საჩუქარი“, რომელიც წარმოადგენს ბუნების მცდელობას გაწმინდოს დედამიწა და „კაცობრიობა გადაარჩინოს“ საკუთარი თავისგან“. რეალურად, WEF-ის წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა The People’s Voice-ის ვებგვერდზე 2023 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა. ხოლო Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება გამოქვეყნებული სტატიის გზავნილებს პირდაპირ იმეორებს.
ცნობისთვის, გამოცემა The People’s Voice დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად აქვეყნებს, რაზეც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ დაუწერია (1,2,3). სტატიაში ყოველგვარი მტკიცებულებებისა და წყაროების მითითების გარეშე წერია, რომ WEF-ის თავმჯდომარე კლაუს შვაბმა პედოფილიას კაცობრიობისთვის „ბუნების საჩუქარი“ უწოდა. ასევე სტატიის მიხედვით, დავოსში, შვეიცარიაში გამართულ ფორუმზე წარმოდგენილ კვლევით ნაშრომში პედოფილია აღწერილი იყო, როგორც „ბუნების მცდელობა გაწმინდოს დედამიწა და „გადაარჩინოს კაცობრიობა“ საკუთარი თავისგან“.
იან ზოპფმა, ფორუმის მედიახელმძღვანელმა, საინფორმაციო სააგენტოს AP News განუცხადა, რომ მტკიცებები მთლიანად მოგონილია: „ვადასტურებ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს არასოდეს გაუკეთებია მსგავსი განცხადება და არასოდეს წარუდგენია ასეთი კვლევითი ნაშრომი“. ზოპფმა დამატებით აღნიშნა, რომ კლაუს შვაბის ციტატაც ასევე შეთხზული იყო.
ამავდროულად, WEF-ის ვებ-გვერდზე აღნიშნული კვლევა საერთოდ არ იძებნება.
ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და მისი დამფუძნებელი კლაუს შვაბი დეზინფორმაციის სამიზნე ხშირად ხდება. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (1,2,3).
ამდენად, მტკიცება, რომ WEF მხარს უჭერს და პედოფილიას „კაცობრიობის გადარჩენის“ საშუალებად მიიჩნევს, ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.