წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ სტატია 15 იანვარს გამოაქვეყნა (იხ. სტატია). სტატიაში ჩვენ დაწვრილებით მიმოვიხილეთ თითოეულ მონაკვეთზე გამოცხადებული ტენდერი, კონტრაქტორი კომპანიები, ხელშეკრულებები, სამუშაოების მიმდინარეობა და მონაკვეთების დასრულების ვადები. როგორც ჩვენ სტატიაში აღვნიშნავდით, ხელშეკრულებებში შესული არაერთი ცვლილების მიუხედავად, რასაც შედეგად სამუშაოების ღირებულების ზრდა და ვადის გახანგრძლივება მოჰყვა, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის განმახორციელებელ ორივე კონტრაქტორ კომპანიას - „ერ ტე დე“-ს და „მილენიუმ ბილდერ გრუპ“-ს, რომელიც ერთდროულად ორი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებდა, ხელშეკრულება შეუწყვიტა. თუმცა მერიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულის მიუხედავად, წერეთლის გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადებში აღდგება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ - თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესში, თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შემთხვევაშიც ამავე პრობლემებმა იჩინა თავი.

თბილისის მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობისას, სამუშაოების არაჯეროვნად განხორციელების გამო (24-საათიანი სამუშაო რეჟიმის არ არსებობა, სამუშაოების არ წარმოება და ა.შ.), განმახორციელებელი კომპანიები ჯამში 30-ჯერ დააჯარიმა. ჯარიმების ჯამურმა რაოდენობამ 868 464 ლარი შეადგინა. ისიც აღსანიშნავია, რომ ერთი ჯარიმის ოდენობა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.06%-ს შეადგენს, რისი გადახდაც კომპანიებს არ უჭირთ.

დიდი ოდენობით ჯარიმების არსებობა იმის დასტურია, რომ მერიისთვის კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ სამუშაოები ჯეროვნად არ მიმდინარეობდა და შესაძლო შედეგიც განჭვრეტადი იყო. აქედან გამომდინარე, მერიას ხელშეკრულების შეწყვეტა გაცილებით ადრეც შეეძლო და არა ხელშეკრულების დასრულებამდე ორი კვირით ადრე.

ისიც აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 23 ოქტომბერს, წერეთლის გამზირზე გადაღებულ ვიდეოში თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამზირის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გეგმის მიხედვით, 2024 წლის იანვარში დასრულდება თავისი გამწვანებებით, ტროტუარებით. ამ ვიდეოს ჩაწერის დროისთვის, გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიები უკვე რამდენიმეჯერ სწორედ იმ მიზეზით იყვნენ დაჯარიმებულნი, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, უკვე ოქტომბერში ცხადი იყო, რომ ისინი სამუშაოებს ჯეროვნად ვერ ასრულებდნენ. თუმცა მერიას აღნიშნულში დასარწმუნებლად კიდევ 2.5 თვე დასჭირდა და კომპანიებს ხელშეკრულებები მხოლოდ მიმდინარე წლის 15 იანვარს შეუწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტა ალბათ მას შემდეგ მაინც იყო აუცილებელი, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის, კერძოდ, „ერ ტე დეს“ დირექტორი ლუხუმ ქართლოსიშვილი ტელეკომპანია „მთავარი“-ს ჟურნალისტ ბექა ყორშიას „მახეში“ ძალიან მარტივად „გაება“ და ამაყად გვამცნო, რომ რეაბილიტაცია გერმანული მეთოდის - „გუთენ ტრაკენის“ მიხედვით, მიმდინარეობს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მაინც უნდა ყოფილიყო ცხადი, გამზირის რეაბილიტაცია რა „კვალიფიკაციის“ კომპანიის ხელში იყო.

შედეგად მივიღეთ ის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასრულების ვადამდე ორი კვირით ადრე წერეთლის გამზირი ისევ გადათხრილია, სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებთან კი ხელშეკრულებები შეწყვეტილი.

2024 წლის 15 იანვარს თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 17 704 253 ლარია და სამუშაოები 2024 წლის 31 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

რამდენად რეალურია ორ კვირაში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება, ამის შეფასებისგან ჩვენ თავს შევიკავებთ, თუმცა თემის მონიტორინგს გავაგრძელებთ და მკითხველს 31 იანვარს განახლებულ სტატიას შევთავაზებთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანიებისთვის, რომელთანაც ხელშეკრულებები შეწყდა, მერიას 11 მილიონ ლარზე მეტი უკვე გადახდილი აქვს.


მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია