დედაქალაქის მთავრობის 2023 წლის ბოლო სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ წელი შეაფასა და მერიის მიერ გაწეულ სამუშაოებზე, მათ შორის, დედაქალაქში გზების რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა წერეთლის გამზირი, სადაც უკვე თითქმის წელია, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, არ უხსენებია.
ჩვენ დავინტერესდით, როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია და ამ მიზნით, გამზირის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერები შევისწავლეთ.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის იანვრიდან დაიწყო, რის გამოც საავტომობილო გადაადგილებაზე ნაწილობრივი შეზღუდვები დღემდე პერიოდულად წესდება.
წერეთლის გამზირი სარეაბილიტაციოდ სამ სხვადასხვა მონაკვეთად დაიყო და თითოეულ მათგანზე თბილისის მერიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა. პირველი ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მეორე მონაკვეთი - გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე, მესამე მონაკვეთი კი - სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე.
პირველი მონაკვეთი (ცაბაძე-გვეტაძის ქუჩა)
თბილისის მერიამ პირველ მონაკვეთზე ტენდერი 2023 წლის 16 იანვარს გამოაცხადა. ტენდერის (NAT230001040) სავარაუდო ღირებულება 8 889 150 ლარი იყო. ტენდერს ოთხი პრეტენდენტი ჰყავდა. საბოლოოდ, გამარჯვებულად კომპანია „ერ ტე დე“ გამოცხადდა (ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების გამო) და ტენდერის ღირებულება 8 198 293 ლარით განისაზღვრა.
კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ერ ტე დე“-ს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 50 კალენდარულ დღეში საპროექტო დოკუმენტაცია უნდა წარედგინა, სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად კი 120 კალენდარული დღე განისაზღვრა.
მოგვიანებით, ხელშეკრულებაში 6 ცვლილება შევიდა, რის საფუძველზეც სამუშაოების დასრულების ვადა და ღირებულებაც შეიცვალა. 2023 წლის 11 ოქტომბერს ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით, ხელშეკრულების ღირებულება 819 656 ლარით გაიზარდა და მონაკვეთის საბოლოო ღირებულებამ 9 017 949 ლარი შეადგინა. ასევე სამუშაოების დასრულების ვადაც რამდენჯერმე შეიცვალა. კომპანიის ოფიციალური წერილების საფუძველზე ვადის გადაწევა ეტაპობრივად ხდებოდა. ამ დროისთვის, საბოლოო, 2023 წლის 29 დეკემბრის ცვლილებით, აღნიშნული მონაკვეთის დასრულების ვადა ისევ 16 დღით (ჯამში, 120 დღის ნაცვლად 193 დღით განისაზღვრა) გახანგრძლივდა და სამუშაოები მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „ერ ტე დე“-ს სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებისთვის და იმის გამო, რომ რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, თბილისის მერიამ ჯარიმა რამდენიმეჯერ დააკისრა. ხელშეკრულების დადების დღიდან კომპანია ჯამში თერთმეტჯერ დაჯარიმდა, ჯარიმის ოდენობამ კი საერთო ჯამში 744 230 ლარი შეადგინა.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, კომპანია 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი ლუხუმ ქართლოსიშვილია. კომპანიას ჯამში 101 ტენდერი აქვს მოგებული. ლუხუმ ქართლოსიშვილს 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 25 000 ლარი აქვს შეწირული.
მეორე მონაკვეთი (გვეტაძე-სამტრედია)
წერეთლის გამზირის მეორე მონაკვეთზე ტენდერი (NAT230001041) 2023 წლის 18 იანვარს გამოცხადდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 13 021 525 ლარი იყო. ტენდერს სამი პრეტენდენტი ჰყავდა. გამარჯვებულად, დაბალი ფასის გამო, კომპანია „მოლენიუმ ბილდერ გრუპი“ გამოცხადდა. კომპანიასთან 11 844 540 ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად 50 კალენდარულ დღე განისაზღვრა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო.
ხელშეკრულებაში სულ 9 ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, შეიცვალა სამუშაოებისთვის განსაზღვრული თანხაც და დასრულების ვადაც. ხელშეკრულების ღირებულება 1 184 340 ლარით გაიზარდა და საბოლოოდ, 13 028 880 ლარი შეადგინა, სამუშაოების დასრულების თარიღად კი თავდაპირველი 150 დღის ნაცვლად 226 დღე განისაზღვრა. დოკუმენტაციაში სამუშაოების დაწყების თარიღად 2023 წლის 20 მაისია მითითებული. შესაბამისად, მეორე მონაკვეთის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თბილისის მერიამ კომპანია ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში 10-ჯერ დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ყველა შემთხვევაში სამუშაოების არადროული დაწყება და 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის არქონა იყო. ჯარიმების ჯამურმა რაოდენობამ 74 585 ლარი შეადგინა.
ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ წერეთლის გამზირის მესამე მონაკვეთის რეაბილიტაციასაც აღნიშნული კომპანია ახორციელებს. ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, კომპანია „მილენიუმ ბილდერ გრუპ“-ს სულ 94 ტენდერი აქვს მოგებული.
მესამე მონაკვეთი (სამტრედიის ქუჩიდან-დიდუბის ხიდამდე)
წერეთლის გამზირის მესამე მონაკვეთზე ტენდერი (NAT230001042) 2023 წლის 18 იანვარს გამოცხადდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 8 542 914 ლარი იყო. ტენდერს სამი პრეტენდენტი ჰყავდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაშიც შპს „მილენიუმ ბილდერ გრუპმა“ გაიმარჯვა, რომელთანაც 8 365 450 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია კომპანიას 50 დღეში უნდა წარედგინა, სამუშაოების წარმოება კი 120 დღეში უნდა დასრულებულიყო. როგორც წინა ორ შემთხვევაში, ახლაც ხელშეკრულებაში 8 ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზე ხელშეკრულების ღირებულებაც და სამუშაოების დასრულების ვადაც შეიცვალა. საბოლოოდ, ბიუჯეტი 836 400 ლარით გაიზარდა და 9 201 870 ლარი გახდა, სამუშაოების დასრულების ვადად კი თავდაპირველი 120 დღისა, 218 სამუშაო დღე განისაზღვრა. შესაბამისად, ამ მონაკვეთის შემთხვევაშიც, სამუშაოები იანვარში უნდა დასრულდეს.
თბილისის მერიამ აღნიშნული კომპანიაც სამუშაოების დროულად არ დაწყების და არ შესრულების გამო, 9-ჯერ დააჯარიმა. ჯარიმის ჯამურმა ოდენობამ კი 49 649 ლარი შეადგინა.
დიდუბის (შალიკაშვილის სახელობის) ხიდი
თბილისის მერიამ დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2023 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4 244 000 ლარი იყო. ტენდერს ერთადერთი მონაწილე - ავტოგზა ლენტეხი 99, ჰყავდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის მარტში გაფორმდა. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 4 243 372 ლარი იყო, სამუშაოები 180 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო.
ყველა წინა ხელშეკრულებების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, ხელშეკრულებაში ოთხი ცვლილება შევიდა. საბოლოოდ, ცვლილებებით, შეიცვალა ხელშეკრულების ღირებულება და 286 226 ლარით გაიზარდა (4 529 600 ლარი გახდა), სამუშაოების დასრულების ვადად კი თავდაპირველად განსაზღვრული 180 დღის ნაცვლად, 195 დღე დადგინდა.
კომპანია თბილისის მერიამ 12-ჯერ დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ამ შემთხვევაშიც სამუშაოების შეუსრულებლობა იყო და ჯარიმის თანხამ ჯამურად 32 600 ლარი შეადგინა.
დასკვნის მაგიერ
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ორი კომპანია ახორციელებს: შპს „ერ ტე დე“ და კომპანია „მილენიუმ ბილდერ გრუპი“. ეს უკანასკნელი, როგორც აღვნიშნეთ, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
როგორც განხილული მასალიდან ირკვევა, კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებებში არაერთი ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც გაიზარდა როგორც შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება (ჯამურად 2 840 396 ლარით), ასევე გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა და გახანგრძლივდა. აღნიშნული კი მერიის მხრიდან სამუშაოების არასწორი დაგეგმარების მაგალითია.
ისიც ხაზგასასმელია, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიები სამუშაოების არაჯეროვნად ან საერთოდაც, შეუსრულებლობის გამო, მრავალგზის დაჯარიმდნენ, რაც ამ კომპანიების უპასუხისმგებლობასა და ნაკლებკვალიფიციურობაზე მიუთითებს.
ზოგადად, წერეთლის გამიზრზე მიმდინარე სამუშაოები იმ კომპლექსური პრობლემის ნათელი მაგალითია, რაც დედაქალაქში მიმდინარე თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტს ახასიათებს. მათი დიდი ნაწილი დროში გაწელილად მიმდინარეობს და შესრულებეული სამუშოების ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ქვეყანაში სამშენებლო მიმართულებით კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია და სიტუაციის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებებში ამ დრომდე განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულდეს. ჩვენ პროცესებს თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.
საბოლოო ჯამში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის მოსახლეობას მრავალთვიან სატრანსპორტო კოლაფსად, თბილისის ბიუჯეტს კი 31 239 679 ლარად (თავდაპირველად განსაზღვრულ თანხაზე 3 მილიონით მეტად) დაუჯდა, რასაც ხიდის რეაბილიტაციაზე დახარჯული 4 529 600 ლარიც ემატება.