სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Vaso Kotashvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით: „ამას რომ აირჩევ პრეზიდენტად. უარესის ღირსები არიან. რუსეთი კი დაიბრუნებს რუსულ ქალაქებს თავის ხალხთან ერთად“. ვიდეოში, წითელ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ვიზუალურად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰგავს, სამეჯლისო ცეკვას ასრულებს. სინამდვილეში, ვიდეო ე.წ Deepfake-ს წარმოადგენს და რეალობას არ ასახავს.

ვიდეოზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ის სოციალურ ქსელ “TikTok“-დანაა აღებული და ანგარიშმა სახელწოდებით „@zelensky__neofficial”-მა გამოაქვეყნა. თუ თვალს გადავავლებთ ამ გვერდის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს, შევამჩნევთ, რომ ის უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინელი პოლიტიკოსების დამცინავ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.

გარდა ამისა, თუ თავად ვიდეოს კარგად შევისწავლით, დავინახავთ ბევრ უზუსტობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ვიდეო შესაძლოა, რედაქტირებული იყოს.

ჩენ აღნიშნული ვიდეო ფოტოს ძებნის ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით გადავამოწმეთ. ძებნამ ერთ-ერთ Instagram-გვერდამდე მიგვიყვანა, რომელმაც დასახელებული ვიდეო 2022 წლის 7 თებერვალს გამოაქვეყნა. ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ მოცეკვავეს პრეზიდენტ ზელენსკისგან განსხვავებული ვიზუალი აქვს.

ორიგინალი ვიდეო Telegram-ზეც იძებნება.

ვიდეო Facebook-ის გარდა X-ზეც გავრცელდა. X-ის მომხმარებლებმა ე.წ. „Community Note“ ფუნქციის [1] საშუალებით, ასევე აღნიშნეს, რომ ვიდეო Deepfake-ს წარმოადგენს.

Reuters-მა იპოვა პიროვნება, რომელიც ნამდვილ ვიდეოში ცეკვავს. ის რუსი მოცეკვავე ვუსალ მეხტიევია, რომელსაც საკუთარ TikTok გვერდზე ამ კონკრეტულ ცეკვასთან ერთად, იმავე კოსტიუმით სხვა ვიდეოებიც აქვს ატვირთული. რუსმა მოცეკვავემ Reuters-ს დაუდასტურა რომ ვიდეოში ნამდვილად ის ცეკვავს.

ორივე ვიდეოს შედარებისას, აშკარაა, რომ პირველი ვიდეო, რომელშიც თითქოს ზელენსკი ცეკვავს, რედაქტირებულია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის Deepfake ვიდეო, მტკიცებით, რომ ის მუცლით ცეკვას ასრულებდა, ადრეც გავრცელებულა.

ამგვარად, ვიდეო ე.წ Deepfake-ს წარმოადგენს და სინამდვილეს არ შეესაბამება.

[1] X პლატფორმაზე თავად მომხმარებლებს შეუძლიათ გავრცელებულ სავარაუდოდ შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე დამატებითი ცნობები მიუთითონ, რითაც მომხმარებლებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია განახლდა 10 დეკემბერს. მას დაემატა ინფორმაცია მოცეკვავის ვინაობის შესახებ.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.