გიორგი წერეთელი: ახლა ვიმყოფებით ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, 42-კილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც ორ ლოტადაა დაყოფილი... დღეის მდგომარეობით [2022 წლის 20 სექტემბერი], სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების და ხიდების მშენებლობის პროცესი და ასევე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები. მთლიანობაში, აღნიშნული მონაკვეთის დასრულება ეტაპობრივად დაგეგმილია 2023 წლისთვის და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს კურორტ ბეშუმის და კურორტ გოდერძის განვითარებას.
ვერდიქტი: დაპირება არ შესრულდა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 85 - კმ 110 ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2017 წლიდან დღემდე, საერთაშორისო ტენდერების პარალელურად, სახელმწიფო შესყიდვებიც განხორციელდა. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სახელშეკრულებო ვადების არაერთგზის გახანგრძლივების გათვალისწინებით, 2022 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. თუმცა 2022 წლის სექტემბერში უწყების თავმჯდომარემ ახალი ვადა დაასახელა - 2023 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდიც ამოიწურა, კომპანიებს სამუშაოები არ დაუსრულებიათ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები, უხვი ნალექის დროს, ამ გზით, ფაქტობრივად, დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი წერეთლის დაპირება არ შესრულდა.
ანალიზი:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა 2022 წლის 20 სექტემბერს ბათუმი - ახალციხის გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე შეამოწმა, რა დროსაც მან მედიასთან განაცხადა: „ახლა ვიმყოფებით ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, 42-კილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც ორ ლოტადაა დაყოფილი... დღეის მდგომარეობით [2022 წლის 20 სექტემბერი], სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების და ხიდების მშენებლობის პროცესი და ასევე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები. მთლიანობაში, აღნიშნული მონაკვეთის დასრულება ეტაპობრივად დაგეგმილია 2023 წლისთვის და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს კურორტ ბეშუმის და კურორტ გოდერძის განვითარებას“.
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის პროექტი „ფაქტ-მეტრის“ ყურადღების არეალში ჯერ კიდევ 2016 წელს მოხვდა. იმ დროიდან, საკითხს პერმანენტულად ვაშუქებთ და არაერთი კვლევა გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, ერთხელ თემას მოქალაქის თხოვნით დავუბრუნდით. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4, სტატია 5, სტატია 6.
აღნიშნული გზის მონაკვეთის გავლა მოსახლეობასა და ტურისტებს, უკვე მრავალი წელია, გადაულახავ პრობლემად ექცათ. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება უხვი ნალექის გამო, განსაკუთრებით კი - ზამთრის პერიოდში. არის შემთხვევები, როცა ადგილობრივ მოსახლეობას ან ტურისტებს საგანგებო სიტუაციების სამსახურის დახმარება სჭირდებათ, რადგან დამოუკიდებლად გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.
მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ სამუშაოები 2023 წელს მაინც აუცილებლად დასრულდებოდა, გზა, ფაქტობრივად, ჯერ ისევ გაუვალია. „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, დაინტერესებულ მკითხველს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის დაპირება შეახსენოს და ამასთანავე, სამუშაოებთან დაკავშირებით რეალურად არსებული სიტუაცია გააცნოს. ინფორმაცია უწყებამ წერილობით მოგვაწოდა.დანართი 1.
2023 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით, დეპარტამენტსა და კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ს შორის 2020 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული Lot I ხელშეკრულებით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 85 - კმ 110 ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის (საპროექტო მონაკვეთი კმ 5+195 - კმ29+732) რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე განხორციელდა ფერდობების ექსკავაცია, საყრდენი კედლების, დიამეტრული და ოთხკუთხა წყალგამტარი მილების მოწყობა. კომპანიისათვის მთლიანად გადახდილი თანხა შეადგენს 17 020 314 .81 ლარს, დღგ-ის ჩათვლით.
ამავე კომპანიასთან უწყებამ კიდევ ერთი ხელშეკრულება 2020 წლის 9 ოქტომბერს გააფორმა. Lot II ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, მოცემული პერიოდისთვის, მოწყობილია საყრდენი კედლები, დიამეტრული და ოთხკუთხა მილები, აშენებულია ოთხი ახალი სახიდე გადასასვლელი, ხოლო 15,8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი, დამონტაჟებულია საგზაო ნიშნები და თვალამრიდი ძელების ნაწილი. დეპარტამენტის პასუხის თანახმად, სხვადასხვა სახის სამუშაო თოვლის წმენდის პარალელურად მიმდინარეობს. კომპანიისათვის ანაზღაურებულია 29 355 798.73 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.
წელს, 22 აგვისტოს, დეპარტამენტმა ხელშეკრულება შპს „არალთან“ გააფორმა (NAT230013384). პროექტი მოიცავს ხულო-ზარზმის მონაკვეთის, ხულო-გოდერძის უღელტეხილის ექვს ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ფერდობის აღდგენის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საყრდენი კედლის ფუნდამენტები და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კედლისთვის ქარგილის მონტაჟის სამუშაოები. იმევე კომპანიასთან 2022 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების (NAT220008492) თანახმად კი სამ მონაკვეთზე განხორციელდა მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ფერდების აღდგენის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების 53% განახორციელა შპს „ჯავახავტოგზამ“, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 2022 წლის 9 აგვისტოს აქვს გაფორმებული (NAT 220010892). მეორე ხელშეკრულების ფარგლებში (NAT220011435) გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი კომპანიამ დაასრულა.
შესრულების დაბალი მაჩვენებელი აქვს შპს „გზას“. კერძოდ, კომპანიამ 2022 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით (NAT220009359) გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ 55.79% განახორციელა. რაც შეეხება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ერ ტე დეს“ შორის შარშან დადებულ კონტრაქტს (NAT220007551), შესრულებულის სამუშაოების 72.51%.
კიდევ ერთი კომპანია, რომელთანაც დეპარტამენტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, არის შპს „ნიუ როუდი“. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულებით (NAT220004712) გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის ლოტი 1.1 ხულო-გოდერძის უღელტეხილის კმ0+000 - კმ4+007 მონაკვეთის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. დეპარტამენტმა ასევე მოგვწერა, რომ ხულო-გოდერძის უღელტეხილის და გოდერძის უღელტეხილი-ზარზმას მონაკვეთებზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოები 2024 წელს უნდა დამთავრდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რა პერიოდში დასრულდება.
ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის დაპირება არ შესრულდა.