ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ140 - კმ142 და კმ147 - კმ149 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 5 466 496-ლარიანი სავარაუდო ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა 2021 წლის 18 ოქტომბერს გამოაცხადა (NAT210019893). ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. შემსყიდველს შედარებით დაბალი ფასი შპს „არალმა“ შესთავაზა და 5 166 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება მასთან გაფორმდა. მეორე პრეტენდენტი შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ იყო.

2021 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულება შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან ცხრა თვეში უნდა უზრუნველყოს. ბოლო ცვლილების თანახმად, გაკეთდა ახალი გეგმა-გრაფიკი, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება. ასევე მარტ-ივლისში მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა იგეგმება, ხოლო საბოლოოდ პროექტი 2022 წლის 1-19 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთზე სამუშაოების დაწყებას დეპარტამენტი 2016 წლიდან აანონსებს. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ კვლევა 2017 წელს გამოაქვეყნა. მაშინ ვწერდით, რომ 2017 წელს, ქართულ მხარესა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეიტის ფონდს შორის ხელმოწერილი კონტრაქტის თანახმად, 8 მლნ ქუვეიტური დინარი ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს მოხმარდებოდა. აქედან 24 მლნ ლარი უწყებას სწორედ 2017 წელს უნდა აეთვისებინა. თუმცა გრაფიკი შეიცვალა.

ამ საკითხზე ჩვენ 2018 წელსაც ვიმუშავეთ. იმ დროს ტენდერში გამარჯვებულ TODINI Costruzioni Generali S.p.a.-სთან (იტალია) ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო, მაგრამ შემსყიდველმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა, იმ მიზეზით, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები არ დაიწყო.

2019 წელს „ფაქტ-მეტრი“ საკითხით ისევ დაინტერესდა. დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია უკვე მიმდინარეობს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 110 210 777 ლარი იყო და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდებოდა. პროექტი რომ ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ეს მაშინ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემაც აღიარა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სამუშაოების დასაჩქარებლად, სახელმწიფო ყველა მექანიზმს გამოიყენებს.

2020 წლის ოქტომბერში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42-კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ორი მონაკვეთის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხანგრძლივობა - ორი წლის ვადით. ამავე ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობდა ხულო-ზარზმის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია. დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდებოდა და მოსახლეობას ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებოდა. 2021 წლის აგვისტოში აჭარის მთავრობამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სხვათა შორის, ვიდეოს გავრცელებამდე რამდენიმე თვით ადრე, კომპანიაში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასის მომატებას და ნორმალურ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ.

გასული წლის ოქტომბერში აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის პროექტის განხორციელება იწყება და ის დათქმულ ვადაში დასრულდება.

მანამდე კი, 2021 წლის 25 დეკემბერს, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. თუმცა საავტომობილო გზის გაუმართაობის გამო ტურისტებმა უკმაყოფილება უკვე გამოხატეს. მათ შორის, ერთ-ერთი „ფაქტ-მეტრსაც“ დაუკავშირდა და საკითხით დაინტერესება სთხოვა.

გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ გზა საერთოდ დააზიანა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების მერე, ვითარება კიდევ გაუარესდა. საგანგებო სიტუაციების დროს, მოსახლეობასთან ვერც სასწრაფო დახმარებისა და ვერც სახანძრო მანქანა ვერ აღწევს. ზაფხულში, გადათხრილი გზების გამო, ადგილობრივებს მტვერი აწუხებთ. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზამთრის პერიოდში, როცა უხვი ნალექი მოდის და ისედაც დაზიანებული გზები დროულად არ იწმინდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვისაც კი უჭირთ მუნიციპალიტეტის დაბაში ან ბათუმში მგზავრობა. არაერთი დაპირების შემდეგ გაწბილებულ მოსახლეობს ამჯერადაც უჭირს დაჯერება, რომ პროექტი დადგენილ ვადაში დასრულდება.

ინფორმაციისთვის: ზემოთ ნახსენებ ტენდერში მონაწილე ორივე კომპანიის მფლობელები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. კერძოდ: შპს „არალის“ დირექტორსა და 25%-იანი წილის მმართველს დემეტრე თათეიშვილს, გასული წლის აგვისტოში, მმართველი პარტიისთვის 50 000 ლარი აქვს გადარიცხული. თვითონ კომპანიის სახელით კი 2017 წელს, იმავე პარტიის სასარგებლოდ, 40 000 ლარი გადაირიცხა.

რაც შეეხება მეორე კომპანიას, მან როგორც იურიდიულმა პირმა პირველი შემოწირულება 2011 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ განახორციელა, 100 000 ლარის ოდენობით. იმავე პარტიას 2012 წელს 60 000 ლარი შესწირა შოთა აბულაძემ, კომპანიის დირექტორმა და 50%-იანი წილის მმართველმა. კომპანიის 25%-იანი წილის მმართველმა ნუგზარ აბალაკმა კი თანხა „ქართულ ოცნებას“ ორჯერ გადაურიცხა, 2016 წელს - 60 000 ლარი, 2021 წელს - 25 000 ლარი. 2016 წელს 60 000 ლარი აქვს გადარიცხული მმართველი პარტიისთვის კომპანიის კიდევ ერთი 25%-იანი წილის მმართველს, ნუკრი აბალაკს.

ფოტო: https://www.georoad.ge


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია