სოციალურ ქსელში როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი Facebook-ანგარიშები ავრცელებენ მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პირველმა ლედიმ ნიუ იორკში, Cartier-ის მაღაზიაში სამკაულები შეიძინა, რაშიც 1 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ადასტურებს.

პირველ რიგში, Cartier-ის ჩეკზე, რომელიც დეზინფორმატორთა მტკიცებით, ზელენსკას შენაძენის მტკიცებულებაა, სამკაულების შეძენის თარიღად 22 სექტემბერია მითითებული.

ამ ინფორმაციის მიხედვით გამოდის, რომ ოლენა ზელენსკა 22 სექტემბერს ნიუ-იორკში იმყოფებოდა. სინამდვილეში, უკრაინის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ამ დღეს ნიუ-იორკში უკვე აღარ იმყოფებოდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით 19 სექტემბერს გამოვიდა. 21 სექტემბერს, ღამით ისინი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდნენ.

გარდა ამისა, რუსული წყაროები მტკიცებულებად „ამერიკულ“ ვებგვერდს „the Nation”, იყენებენ, რომელმაც აღნიშნულ თემაზე სტატია გამოაქვეყნა. თუმცა უნდა ითქვას, რომ „The Nation“ არა ამერიკული, არამედ ნიგერიული ვებგვერდია.

გარდა ამისა, თუ ვებგვერდს კარგად შევისწავლით, აღმოვაჩენთ გრაფას „Sponsored post” - ანუ დასპონსორებული სტატიები, ხოლო თუ ამ გვერდზე გადავალთ, ოლენა ზელენსკას შესახებ დაწერილ სტატიასაც დასპონსორებული სტატიების სიაში აღმოვაჩენთ.

ამ ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა. ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, ცენტრი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ყალბია.

ამგვარად, მტკიცება, რომ ელენა ზელენსკამ ნიუ იორკში, Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, ყალბია.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია განახლდა 13 ოქტომბერს. სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტი და მისი მეუღლე 22 სექტემბერს ჯერ ვაშინგტონში, ხოლო შემდეგ კანადაში იმყოფებოდნენ, თუმცა სინამდვილეში ისინი კანადაში 21 სექტემბერს, ღამით ჩავიდნენ.

-----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.