სოციალურ ქსელში მომხმარებელი Patiko Antiliberasti Mxilebadze, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, წერს, რომ ბელგიაში მიიღეს კანონი, რომელიც ტრადიციული ოჯახების პროპაგანდას კრძალავს. „კანონის თანახმად, პირი რომელიც ტრადიციული ოჯახის პროპაგანდას ეწევა, პირველ ჯერზე დაჯარიმდება 2000€, რეციდივის შემთხვევაში 2 წლით პატიმრობა ემუქრება“,- წერია პოსტში. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია, ბელგიას მსგავსი კანონი არ მიუღია.
ინფორმაცია, თითქოს ბელგიამ მსგავსი სახის კანონი მიიღო, არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. მსგავსი სახის პროკრემლისტური ნარატივის მიზანია, დასავლეთი - როგორც ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგი, ისე წარმოაჩინოს.
აღნიშნული დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წელს რუსული სატირული გამოცემის Panorama.pub მიერ გავრცელდა. გამოცემა წერს, რომ ბელგიის პარლამენტმა 2020 წლის 14 თებერვალს, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მიიღო კანონი, რომლის საშუალებითაც ოჯახური ღირებულებების პოპულარიზაცია აიკრძალება. პარლამენტის თავმჯდომარე მარკ კაასკოპერმა დოკუმენტის მიღებას უწოდა „ბელგიელი ხალხის ისტორიული გამარჯვება ობსკურანტიზმსა და შუა საუკუნეების ცრურწმენებზე“,- წერია სტატიაში.
ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Factcheck.kz წერს, რომ Panorama.pub-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან რეალობას არც ერთი არ ასახავს და აღნიშნულ გამოცემას ყალბი ამბავი აქამდეც არა ერთხელ გაუვრცელებია.
ბელგიაში მიღებული კანონის შესახებ დეზინფორმაცია ქართული გამოცემის „ქართული საინფორმაციო სააგენტო“ მიერ გავრცელდა. სტატიაში წერია: „მთავრობა უფლებას იტოვებს, აღრიცხოს და შეისწავლოს საზოგადო მოღვაწეთა და რელიგიური მქადაგებლების განცხადებები. დანაშაული განსაკუთრებით მძიმედ ჩაითვლება, თუ ის ჩაიდინეს მშობლებმა საკუთარ შვილებთან მიმართებაში - ამ შემთხვევაში, ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ადეპტებს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა და მშობლის უფლებების სამუდამოდ ჩამორთმევა ემუქრებათ“. ამავდროულად, კანონთან დაკავშირებით ინფორმაცია პირდაპირ ეთერშიც გაჟღერდა, პრორუსული პარტიის - პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის მიერ.
აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს ბელგიაში 2023 წლის 27 ივნისს ივნისს მიღებულ კანონპროექტს. ბელგიის პარლამენტის იუსტიციის კომიტეტმა მხარი დაუჭირაკანონპროექტს LGBTQIA+ ადამიანებისთვის კონვერსიული თერაპიის აკრძალვის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს რვა დღიდან ორ წლამდე პატიმრობას და ასევე ფულად ჯარიმას (208 ევროდან 2400 ევრომდე). აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი და მალტა, ეს პრაქტიკა უკვე აკრძალა.
ცნობისთვის, კონვერსიული თერაპია, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ „რეპარაციულ თერაპიას“ ან „გეი განკურნების თერაპიას“ - გულისხმობს სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას. გარდა იმისა, რომ კონვერსიული თერაპია არაეფექტური და დისკრიმინაციული ხასიათისაა, ის შესაძლოა გულისხმობდეს ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის საშიშ პრაქტიკებს, მაგალითად, ელექტრონული შოკის, ცემის, "გამოსასწორებელი გაუპატიურების" გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ კონვერსიული თერაპიის საწინააღმდეგო კანონპროექტს კავშირი არ აქვს ოჯახის ღირებულებების პროპაგანდის აკრძალვასთან.
ამდენად, ბელგიაში არ მიუღიათ კანონი, რომელიც ოჯახური ღირებულებების პროპაგანდას კრძალავს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.