სოციალურ ქსელში Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს აქვეყნებს, აღწერით: „ებრაელმა სიონისტმა ისრაელის ქალაქ ლოდში, შუა ქუჩაში დანით დაჩეხა ბავშვთან ერთად მიმავალი ფეხმძიმე პალესტინელი ქალი!..“. რეალურად, ქალაქ ლოდში ფეხმძიმე ქალის მკვლელობის ბრალდებით, ქალის მამა და ძმა დააკავეს.

აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას როგორც The Time of Israel, ასევე არაბული მედია The New Arab ავრცელებს. როგორც ირკვევა, მოკლული ქალი ლოდში მცხოვრები პალესტინელი აია აბუ ჰუჯაჯია, რომელიც 30 ნოემბერს, ბავშვის სკოლაში წაყვანისას მოკლეს. ვიდეოში ჩანს, რომ ქალის დაჭრის შემდეგ მამაკაცი მანქანისკენ გარბის და მიმალვას ცდილობს. The Times of Israel-ის ცნობით, მოგვიანებით ქალის მამა და ძმა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ასევე, ტელეკომპანია Al Araby-ის ჟურნალისტმა აჰმად იასინმა უარყო მტკიცება, რომ თავდასხმა ისრაელელის მიერ განხორციელდა. X პლატფორმაზე ჟურნალისტი წერს: „აია აბუ ჰუჯაჯი ლოდიდან დღეს დილით მოკლეს, როცა ქალიშვილი სკოლაში მიჰყავდა. მოტივი კრიმინალურია და ორი ეჭვმიტანილი, მისი ოჯახის წევრები, ბედუინთა სოფლებიდან, ნეგევსა და ლოდში, დააკავეს". ცნობისთვის, ქალაქ ლოდში, 25 000 პალესტინელი ცხოვრობს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.