2023 წლის 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში „დაგეგმილ“ მორიგ დესტაბილიზაციის გეგმაზე გაავრცელა ინფორმაცია. განცხადების თანახმად, ,,უკრაინაში შინაგან საქმეთაყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისმოადგილის - გიორგი ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით,საქართველოს ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი გეგმა მზადდება“.

მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ გეგმებზე საზოგადოებას ინფორმაცია არაერთხელ მიეწოდა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ორგანოები და პოლიტიკოსები ოპოზიციას და ზოგჯერ, საერთაშორისო აქტორებს „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებასა ან ამბოხებაში ადანაშაულებდნენ“ (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი). აღნიშნული ბრალდებების მიუხედავად, საქმეების სამართლებრივი მსვლელობის დეტალები, საზოგადოებისთვის ძირითადად უცნობი რჩება.

„ფაქტ-მეტრი“, „სახელმწიფოს გადატრიალების“ საქმეების ნაწილს და მათ საპროცესო ისტორიას მიმოიხილავს.

2014 წელი - ე.წ. „საბურავების“ საქმე

2014 წლის 7 აპრილს, გაზეთ Prime Time-თან ინტერვიუში, იმ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევრომაიდანის სცენარსამუშავებდა. მისი თქმით, ამ მიზნით უკვე დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. მოგვიანებით, 10 სექტემბერს, ჭიკაიძემ დამატებით აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის გეგმაში უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჩაერთვებოდნენ, რომლებიც პროვოკაციული, ფორსმაჟორული სიტუაციების შექმნისკენ იქნებოდნენ მოწოდებული.

ჭიკაიძის განცხადებას ადასტურებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მომდევნო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. „ყველა პოტენციური დამნაშავის თუ დანაშაულის ჩამდენის დასჯის“ პირობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გასცა.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315- მუხლით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) წარიმართა. იმჟამინდელმა შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ, განაცხადა, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებას „აუცილებლად საჯაროდ ეცნობებოდა“. აღნიშნულის მიუხედავად, ამ საქმის მსვლელობის დეტალები, კერძოდ, რა ეტაპზეა დღეისათვის გამოძიება, ან საერთოდ გრძელდება, თუ - არა ის, დღემდე უცნობია.

2015 – 2017 წლები - „შეთქმულებები ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად“

ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზებით ხელში ჩაგდების სავარაუდო გეგმაზე საზოგადოებას 2015 და 2016 წლებშიც ეცნობა.

2015 წლის ნოემბერში სუს-მა კვლავ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად უკრაინულ მედია საშუალებებში გავრცელებული მასალა დაედო. მასალიდან ერთ-ერთი ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის სტენოგრამაა, ხოლო მეორე „სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტი“. მასალის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის იმჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე საუბრობს და თანამოსაუბრეებს, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას, „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის ოქტომბრიდან იძიებდა. გვარამია და ბოკერია გამოძიების დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.

2017 წლის შემდეგ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ორგანოებს საზოგადოებისთვის ახალი ინფორმაცია აღარ უცნობებიათ.

შეთქმულების კიდევ ერთ საქმეზე სუს-მა გამოძიება 2016 წელსაც დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად Youtube-ზე გავრცელებული უკანონო ფარული აუდიოჩანაწერი დაედო.

გამოძიების ფარგლებში სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი ბობოხიძე, თუმცა მათ არ ჩაიბარეს უწყებები და სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადეს. სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებმა აუდიოჩანაწერს - „სუს-ის ფაბრიკაცია“ უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საქმეც, მსგავსად ზემოთ აღწერილი სხვა საქმეებისა, დიდი ალბათობით, „სუს-ის დაუსრულებელ საქმეთა არქივს“ მიემატა.

2018 წელი - ოპოზიციის მიერ ,,დაგეგმილი’ დესტაბილიზაცია

2018 წელს, ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციისა და პროვოკაციის გეგმებზე საუბრობდა, იმჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია.

„დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად…ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი“,- აცხადებდა პოლიტიკოსი.

მიუხედავად იმისა, რომ გახარია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირობების განზრახ შექმნაზე აპელირებდა, საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა მოჰყვა, თუ - არა ამ ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

2019 წელი - კვლავ 315-ე მუხლი

სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი აქტუალური იყო 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენების დროსაც, როდესაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასა და დამსწრეთათვის რუსულ ენაზე მიმართვას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

გამოძიება საპროტესტო მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225- მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, თუმცა მოგვიანებით, საგამოძიებო უწყების განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით გაგრძელდა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით ამბოხებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ „კვალიფიკაციის დამძიმების პარალელურად, პროკურატურაში დამატებითი მტკიცებულებები, თუ რას ეყრდნობიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებასა და შეთქმულებაზე საუბრისას, არ წარმოუდგენიათ“.

საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის თბილისის აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების ამნისტიას ითვალისწინებდა.

2020 წელი - სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთი საქმე

2020 წლის 30 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საარჩევნო დესტრუქციულ გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რომოპოზიცია საარჩევნო უბნებზე დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების ჯგუფები და ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები“.

5 ნოემბერს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სუს-მა კობახიძე გამოჰკითხა. ჩვენ დავასახელეთ მათი ლიდერების გვარები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც ლიდერია ამ მთავარი კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. მასთან ერთად, ასევე, მოქმედებდნენ რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის. დავასახელებდი დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც“, - განაცხადა მოგვიანებით კობახიძემ.

აღნიშნულ საქმის დეტალები, სხვა საქმეების მსგავსად საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

2021 წელი - მიხეილ სააკაშვილის მორიგი „გეგმა“

მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზებით დამხობის გეგმებზე სუს-ი 2021 წელსაც საუბრობდა. ამ წლის ოქტომბერში ,,უწყებამ განაცხადა, რომსაქართველოს მესამე პრეზიდენტისმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, „გზების ბლოკირება და დესტრუქციული ქმედებებით, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა“.

ხოლო, ამავე წლის ნოემბერში, სუს-მა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციისა და გადატრიალების სცენარის აღწერასთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ „აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას“.

სუს-ის მტკიცებით, საუბარი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიმდინარეობდა. მათი თქმით, აღნიშნული ჩანაწერი, რომელიც 2-საათიანია, დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.

აღნიშნული საქმის სამართლებრივი მსვლელობა და შედეგები ასევე უცნობია საზოგადოებისთვის. ამასთან, სახელმწიფო ორგანოებს საქმის ფიგურანტების მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

დესტაბილიზაციის გეგმებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები თუ მათთან დაკავშირებული სხვა პირებიც აქტიურად საუბრობდნენ. ამ განცხადებების მიხედვით, რევოლუციურ სცენარებში ამჯერად ოპოზიციასთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო აქტორიც იყო ჩართული. მოჰყვა, თუ - არა სამართლებრივი რეაგირება ქვემოთ წარმოდგენილ განცხადებებს, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია:

2022 წელი - ირაკლი კობახიძე „ბაკურიანის შეთქმულების“ შესახებ

შეთქმულების მორიგ სცენარად დააკვალიფიცირეს მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენის, უფლებადამცველისა და მკვლევრის, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) დამფუძნებლის, 75 წლის პიტერ აკერმანის საქართველოში, კერძოდ ბაკურიანში ჩატარებული სემინარი - არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა:მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა, რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - დღეს, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს“.

2023 წელი - გია ვოლსკი ვიოლა ფონ კრამონს შეთქმულებაში ადანაშაულებს

„ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“, - აღნიშნავს ვოლსკი.

როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სახელმწიფო უწყებებისა თუ პოლიტიკოსების მიერ, საზოგადოებას სახელმწიფო გადატრიალების არაერთ სცენარზე ეცნობა. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას მიეკუთვნებიან და მათზე სათანადო რეაგირება ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების დასაცავად უმნიშვნელოვანესია.

ამ კატეგორიის საქმეთა გამოძიების ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, მათი სამართლებრივი მსვლელობა, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უცნობია, ზოგჯერ პოლიტიკოსთა რიტორიკას არ სცდება, ზოგჯერ კი გამოძიების დაწყების მიუხედავად, ამ პროცესუალურ ეტაპზევე ჩერდება. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის საქმეებთან მიმართებით უმეტესწილად არაერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი; ხშირად გაურკვეველია, ვის ეყრდნობა პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო ორგანო ინფორმაციის გავრცელებისას, არსებობს, თუ - არა ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ა.შ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად მსგავს საქმეებზე საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას - არჩევნებს, კორუფციულ სკანდალს და ა.შ. ემთხვევა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება „გადატრიალების სცენარებს“ ან ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნით ავრცელებს ან საგამოძიებო ორგანოებს მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიების უნარი და შესაძლებლობა არ შესწევთ.

შენიშვნა: ,,ფაქტ-მეტრმა’’ 2023 წლის 26 სექტემბერს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმეების შესასწავლად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის ფარგლებში წარმოებული საქმეების მსვლელობებზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, „ფაქტ-მეტრი“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, კიდევ ერთ მასალას მოამზადებს.