ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა ტურისტული მიზნით უვიზოდ გახდა შესაძლებელი. ცვლილებები ძალაში 2023 წლის 11 სექტემბრიდან შევიდა. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ წლების წინ გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებებსა და გადადგმულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებად აქვს გამოცხადებული. მიგრაციული კანონმდებლობა ლიბერალურია. ჯამში, 100-მდე სახელმწიფოს, მათ შორის - ევროკავშირისა და დსთ-ს წევრი ქვეყნების, აგრეთვე თურქეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისლანდიის, შეერთებული შტატების, კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, არგენტინის, კორეის, იაპონიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს ქვეყანაში 1 წლის ვადით უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2020-2022 წლებში ყველაზე მეტი ექსპორტი ჩინეთში გადიოდა, თუმცა ამის ფონზე ვიზიტორთა რაოდენობა მინიმალურ დონეზე ნარჩუნდებოდა და TOP 15-შიც ვერ ხვდებოდა.

2014 წლამდე, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებოდათ, შემდეგ კანონი გამკაცრდა. თეა წულუკიანი, რომელიც იმ დროს იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა, „ჩინელების შევიწროებაზე“ პოზიტიურ ჭრილში აკეთებდა კომენტარს. თეა წულუკიანი 2015 წლის აპრილში ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული წარმატება სწორედ სავიზო რეჟიმის გამკაცრებას უკავშირდებოდა. „ფაქტ-მეტრმა“ 8 წლის წინ იუსტიციის მინისტრის განცხადება გადაამოწმა და შეაფასა როგორც - მეტწილად მცდარი. იმავე წლის მაისში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ტურიზმი არ დაუზარალებია. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადებაც გადაამოწმა და შეაფასა როგორც - მცდარი.

უფრო ადრე, 2012 წლის ნოემბერში, იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, თბილისის ზღვაზე „საშინელება პროექტი კეთდებოდა“. მისი თქმით, „საშინელება პროექტი“ 126 000 ჩინელის კომპაქტურ დასახლებას გულისხმობდა. იგივე ინფორმაცია 2013 წლის თებერვალში პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამაც გაიმეორა. მისი განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ შეაფასა როგორც - ტყუილი.

მიგრაციული კანონმდებლობის ცვლილებით, 24 სახელმწიფოსთვის ვიზები ხელახლა დაწესდა. ევროკავშირის ქვეყნებისთვის კი 360-დღიანი ვადა 180-დღიან პერიოდში 90 დღით შეიცვალა. 2015 წლიდან რეგულაციები შერბილდა, ზოგისთვის უფრო მეტადაც. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება 90 დღის ნაცვლად 1 წლის ვადით გაუჩნდათ, ირანის მოქალაქეებს 45 დღით, თუმცა მაშინ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზოდ შემოსვლის უფლება არ აღდგენილა.

სავიზო პოლიტიკის დროებითი გამკაცრება ტურიზმის სტატისტიკაზე უარყოფითად აისახა. თუ 2013 წელს ვიზიტორთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა, 2014 წელს ზრდის ტემპი 1%-მდე შემცირდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის შემთხვევაში კი - 22%-დან 4%-მდე.

წლების განმავლობაში ქართულ მედიასივრცეში პოლიტიკოსებისა და სხვა ცნობადი პირების მიერ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. სხვადასხვა რიცხვების მიუხედავად, შინაარსი მსგავსი იყო, თითქოს საქართველოში უკვე ცხოვრობდა რამდენიმე ათეულ ათასი ჩინელი და კიდევ უფრო მეტის ჩამოსახლება იგეგმებოდა. ოფიციალური სტატისტიკა აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს აჩვენებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2011 წლიდან 2023 წლის ივლისამდე საქართველოში 59.3 მლნ ვიზიტი განხორციელდა, მათგან მხოლოდ 170 ათასი ანუ 0.3% იყო ჩინეთის მოქალაქე. ყველაზე მეტი 48 ათასი ვიზიტორი ჩინეთიდან საქართველოს 2019 წელს ეწვია. წილობრივად ამ წელს ჩინელი ვიზიტორების რაოდენობამ 0.6%-ს მიაღწია.

ცხრილი 1: ვიზიტორების სტატისტიკა


წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ვიზის გაუქმება პროცედურის გამარტივებასა და მოგზაურობის გაიაფებას ნიშნავს. სხვა თანაბარ პირობებში რეგულაციების შემცირება და ფასის კლება მოთხოვნის ზრდას იწვევს. შესაბამისად, ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ვიზის აღება განსაკუთრებულ სირთულეს არც აქამდე წარმოადგენდა, ზრდის ტემპი ასტრონომიული მასშტაბის არ უნდა იყოს. ჩინელი ტურისტების რაოდენობა 10-ჯერაც რომ გაიზარდოს, რუსეთიდან ან თურქეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობას ვერც კი მიუახლოვდება.

რამდენს ხარჯავს 1 ჩინელი ვიზიტორი საქართველოში უცნობია. ეროვნული ბანკი მხოლოდ TOP 10 ქვეყნის სიას აქვეყნებს. თუ გავასაშუალოებთ, მაშინ გამოვა, რომ 2011 წლიდან 2023 წლის ივლისამდე მათ სულ 78 მლნ დოლარი დაუხარჯავთ, მაშინ როცა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა იმავე პერიოდში 26 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს ჩინეთის 155 მლნ მოქალაქემ საზღვარგარეთ 255 მლრდ დოლარი დახარჯა. ამ თანხის 0.5% კი 1.2 მლრდ-ზე მეტია, მით უფრო მაშინ, როდესაც ტურიზმის დანახარჯები გაზრდილია. პოტენციალი დიდია და მის ასათვისებლად მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება არასაკმარისი იქნება.

ტურიზმი ეკონომიკური ურთიერთობების მხოლოდ ნაწილია. სხვა პარამეტრებიდან უდავოდ გამოსარჩევი საგარეო ვაჭრობაა. 2018 წლიდან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოქმედებს. ზედიზედ სამ წელს - 2020-დან 2022 წლის ჩათვლით, ჩინეთი საქართველოსთვის #1 საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა. 2023 წლის პირველ ნახევარში ერთის მხრივ - სპილენძის მადნებზე მოთხოვნის კლებისა და მეორეს მხრივ - დსთ-ს ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის ზრდის ხარჯზე, ჩინეთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სამეულიდან ამოვარდა.

ფულადი გზავნილები ჩინეთიდან მინიმალურია - 0.1%-ზე ნაკლები. 2003 წლის აგვისტოში ლიბანიდან და ომანიდან უფრო მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე ჩინეთიდან. განსხვავებული ვითარება არც უახლოს წარსულში ყოფილა. ვიზების გაუქმება ცალმხრივია, მისი აღება საქართველოს მოქალაქეებს როგორც ტურისტული, ასევე სასწავლო ან სამუშაო მიზნით კვლავ სჭირდებათ. ქართული მხარის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების მიგრაციას ჩინეთში ვერ გაზრდის, რის გამოც ფულად გზავნილებში რაიმე მასშტაბური ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. მართალია, ვიზა საქართველოს მოქალაქეებს აშშ-შიც სჭირდებათ, საიდანაც აგვისტოში 490-ჯერ მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე ჩინეთიდან, მაგრამ ჩინეთის შემთხვევაში - თუნდაც მხოლოდ ენობრივი ბარიერის გამო, დაინტერესება ბევრად ნაკლებია.

შედარებით უკეთესი ვითარებაა ჩინური ინვესტიციების მხრივ. 1996 წლიდან 2023 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, ჩინეთიდან საქართველოში 686 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ჯამური ინვესტიციების 2.6%-ს შეადგენს. როგორც თანხობრივად, ასევე წილობრივად ჩინურმა ინვესტიციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 2014 წელს მიაღწია, რაც მომდევნო წელს გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უკავშირდებოდა.

ჩინური ინვესტიციები შესაძლოა, გაცილებით მოცულობითი ყოფილიყო. ჩინური კომპანია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ტენდერის გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოიაზრებოდა, საუბარი 2.5 მლრდ დოლარიან ინვესტიციას ეხებოდა, მაგრამ შემდეგ ტენდერში ქართულ-ამერიკულმა პროექტმა გაიმარჯვა, თუმცა პორტი, რომლის პირველი ფაზაც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, არ განხორციელებულა. 2023 წელს პორტის მშენებლობაში ჩინური მხარის შესაძლო ჩართულობაზე საუბარი განახლდა.

პორტის მსგავსად, ჩინეთი ვერც საბანკო სფეროში გაფართოვდა. 2016 წელს ფრანგულმა Societe Generale-მა (ბანკი რესპუბლიკა) საქართველოს დატოვება გადაწყვიტა. მისი შეძენით ჩინური „ბაზის ბანკი“ დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ ის 315 მლნ ლარად „თიბისიმ“ შეიძინა. შანსი იმის, რომ ზომით მესამე ბანკი ორ დიდ ბანკს გარკვეულ კონკურენციას გაუწევდა, კიდევ დიდი ხნით დაიკარგა.

ერთგვარი შემობრუნების პირველ ნაბიჯად შეიძლება 2018 წელი ჩაითვალოს, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა, რის შემდეგაც არა მხოლოდ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, საქართველოსთვის დეფიციტი შემცირდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექსპორტი წინ წლებშიც მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა.

2023 წელს კი უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაკეთდა და მისი პირველი შედეგი სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ ცალმხრივად გაუქმება გახდა. 27 სექტემბრიდან ჩინეთიდან საქართველოში ყოველდღიური ფრენები შესრულდება. ფიზიკური პირებისთვის საზღვრის კვეთის გამარტივებამ შესაძლოა, ტურისტთა რაოდენობა გაზარდოს, თუმცა დამატებითი საკანონმდებლო ცვლილების ან პოლიტიკური ნების გარეშე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ეკონომიკურ ურთიერთობებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია 2009 წლიდან შეერთებულ შტატებთანაც აკავშირებს. ბოლო 14 წელიწადში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდა, მაგრამ თვისობრივად ახალ სიმაღლეზე არ ასულა.