სპეციალისტების დასკვნებმა აჩვენა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს უარყოფითი შედეგები არ მოუტანია". მინისტრის შეფასებით, არცერთი დასკვნით, სავიზო რეგულაციებს ეკონომიკასა და ტურიზმზე უარყოფითად არ უმოქმედია. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე უფრო მეტად ლიბერალური კანონპროექტის შემუშავება სურდა, თუმცა მთავრობამ არჩევანი რეგულაციების სასარგებლოდ გააკეთა. თეა წულუკიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სავიზო რეგულაციებს ევროკავშირი ითხოვდა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014 წლის 1 სექტემბრიდან "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი შევიდა ძალაში. შედეგად, უცხოელების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გართულდა. ამასთან, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 360 დღის ნაცვლად, 180 დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ 24 ქვეყანას საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდა. საგულისხმოა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპის გამო, პარლამენტმა სავიზო რეგულაციები უკვე მეორედ გაამარტივა. სავიზო რეგულაციებზე და ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხ. ბმული: ბმული 1, ბმული 2 ). 2014 წელს საქართველოს 5 493 492 მლნ ვიზიტორი ეწვია, რის შედეგადაც, 2013 წელთან შედარებით, პროცენტულმა ზრდამ 2% შეადგინა. 2015 წლის პირველი 4 თვე ვიზიტორთა რაოდენობის კლების ტენდენციით ხასიათდება. გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 2%-ით შემცირდა. 2014წლის 1 სექტემბრიდან, ახალი სავიზო რეგულაციების მიღებით, 118 ქვეყნის ნაცვლად, საქართველომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ 94 ქვეყანასთან დატოვა ძალაში. ამჟამად, საქართველოს სავიზო რეჟიმი 99 ქვეყანასთან აქვს, აქედან 92-ში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნია. იმის გასარკვევად, თუ რა გავლენა იქონია სავიზო რეგულაციებმა ვიზიტორების რაოდენობაზე, ჩვენ შემოსვლების სიდიდის მიხედვით ის TOP 5 ქვეყანა ავიღეთ, რომლებთანაც 1 სექტემბრიდან სავიზო რეჟიმი დაწესდა.
ცხრილი 1:
ტურისტთა რაოდენობა და პროცენტული ცვლილება 2012-2014 წლების სექტემბერ-დეკემბერში
წელი | ირანი | ერაყი | ეგვიპტე | ჩინეთი | ინდოეთი | |||||
2012 | 25 011 | 4 487 | 1 437 | 3 792 | 3 193 | |||||
2013 | 25 244 | 0.9% | 15 850 | 25% | 2 708 | 88% | 3 129 | 17% | 2 386 | 33% |
2014 | 3 799 | -84% | 437 | -97% | 430 | -84% | 1 811 | -42% | 1 728 | -27% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, სავიზო რეგულაციების შემოღების შემდეგ, ამ ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. თუ 2013 წლის მონაცემებით, ერაყიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვის 25%-იანი ზრდა გვქონდა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 97%-ით შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია 2015 წლის პირველ 4 თვეშიც შენარჩუნდა. მაგალითად, ირანიდან შემოსულთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 72%-ით, ერაყიდან 85%-ით, ეგვიპტიდან 48%-ით, ხოლო ჩინეთიდან 24%-ით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ინდოეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა.
ჯამში, 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში 78 000-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. უნდა ითქვას, რომ გარდა სავიზო რეგულაციების შემოღებისა, ტურისტების რიცხვის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა რეგიონში მიმდინარე უარყოფითმა პროცესებმაც იქონია. მაგალითად, 166 245-ით შემცირდა ვიზიტორთა შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა.
შეიძლება ითქვას, რომ ახალი სავიზო რეგულაციები არაერთი ექსპერტის კრიტიკის საგანი გახდა. ასევე, რეგულაციების ამ ფორმით შემოღებას ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გაუზრებელი უწოდა, ხოლო საქართველოში მყოფ უცხოელებს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბოდიშიც მოუხადა. ექპერტთა დიდი ნაწილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სავიზო რეგულაციებმა საინვესტიციო გარემოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რადგან ის ძირითადად საქართველოში გრძელვადიანი ვიზის, ან ბინადრობის ნებართვის მიღებით დაინტერესებულ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხოთ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სავიზო რეგულაციებით მიღებული ახალი ცვლილებების ნაწილი ნეგატიურად შეაფასა"საერთაშორისო გამჭვირვალობამაც". ორგანიზაციის შეფასებით, ახალი კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების უფლების მოპოვების პროცედურებს არაგონივრულად ართულებს და საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებსა და ინვესტორებს გაუმართლებელ პრობლემებს უქმნის. მაგალითად, "საერთაშორისო გამჭვირვალობას" უკვე რამდენიმე ინვესტორმა მიმართა, რომელთაც პირდაპირ შეეხო ახალი კანონის აღსრულების წინააღმდეგობრივი შედეგები და დროებითი ბინადრობის მიღებაზე უარი ეთქვათ.
საინტერესოა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ახალი სავიზო რეგულაციების უარყოფითი გავლენის შესახებ საქართველოს მთავრობის წევრებმაც განაცხადეს. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სავიზო რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა როგორც ტურისტების, ისე მომუშავე პერსონალის შემოსვლა. საქართველოს პრემიერის უკვე ყოფილი მრჩევლის, რომან ჩხენკელის განცხადებითკი, ახალი სავიზო რეგულაციების შემუშავების პროცესში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა საკითხის ეკონომიკური უკუეფექტი (მზარდი ტურისტული ნაკადების შემცირება, ინვესტიციების შემცირება და ა.შ.) არ გაითვალისწინეს და ახალი სავიზო რეჟიმი მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ასევე ეკონომიკური საბჭოს გვერდის ავლით მიიღეს.
ახალი სავიზო რეგულაციების შედეგად გაჩენილი პრობლემების შესახებ საქართველოში ჩინეთის საელჩოს კომერციულმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა, ლუი ბომ The Financial-თან ინტერვიუშიისაუბრა. მრჩევლის განცხადებით, 2014 წელს საქართველოს ჩინეთიდან 30 დელეგაცია ეწვია, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში ინვესტირებაზე მუშაობა დაიწყეს. მისი თქმით, უფრო მეტი პოტენციური ინვესტორი გეგმავდა საქართველოში საქმიანობის დაწყებას, მაგრამ ახალი სავიზო რეგულაციებით გამოწვეული პრობლემების გამო მათ საქართველოს მიმართ ნდობა დაკარგეს. ლუი ბოს შეფასებით, სავიზო რეგულაციები არა მხოლოდ შესაძლო ინვესტორებს, არამედ საქართველოში უკვე არსებულ კომპანიებსაც შეუქმნით პრობლემას.
როგორც ვხედავთ, ახალმა სავიზო რეგულაციებმა ტურიზმის, განსაკუთრებით კი საინვესტიციო გარემოს მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, რაც ბუნებრივია, უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა სავიზო რეგულაციებში ცვლილებები ორჯერ შეიტანა. თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი სავიზო რეგულაციების იმ ფორმით შემუშავება, როგორც იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა, ევროკავშირის მოთხოვნას წარმოადგენდა. ფაქტ-მეტრმა ამ საკითხზე კვლევა უკვე ჩაატარა. საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშემუშავდა. გეგმის ერთი ნაწილი მიგრაციის მართვასა და საქართველოს მიერ ამ სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებს მოიცავდა, რომლის თანახმადაც მიგრაციის პოლიტიკის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კონსოლიდაცია იყო აუცილებელი. ის, რომ ცვლილებები სწორედ ამ ფორმით უნდა განხორციელებულიყო, არც სამოქმედო გეგმაში და არც ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაში ყოფილა მითითებული. შესაბამისად, საიმიგრაციო პოლიტიკის გაძლიერებისა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისთვის, ევროკავშირმა საქართველოს ფართო დისკრეცია დაუტოვა. საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდა აერჩია ისეთი მეთოდი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას არ დააზარალებდა და ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებს პრობლემებს არ შეუქმნიდა.
2014 წლის 29 ოქტომბერს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მეორე ანგარიშიგამოქვეყნდა. ანგარიშში შეფასებები კანონთან და მის პრაქტიკაში მოქმედებასთან დაკავშირებით არსად გვხვდება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში ახალი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ აღინიშნა, იმას არ გულისხმობს, რომ ევროკავშირი სწორედ მსგავს ცვლილებებს და მსგავსი ფორმით მათ განხორციელებას მოითხოვდა.
საინტერესოა, ემთხვევა თუ არა საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმში მოხვედრილი ქვეყენების სია ევროკავშირის რეგულაციებში განსაზღრულ ქვეყნების სიას. ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით, იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც აუცილებლად სჭირდებათ ვიზა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ქვეყნების სიიდან ემთხვევა მხოლოდ 17 ქვეყანა (კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, გრენადა, ჰაიტი, ერაყი, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონღოლეთი, ნამიბია, პალაუ, პერუ, სენტ კიტსი და ნევისი, სენტ ლუსია, სურინამი, ტრინიდადი და ტობაგო). ცალკე გამოსაყოფია 5 ქვეყანა (ჩილე, გვატემალა, ნიკარაგუა, პარაგვაი, ურუგვაი), რომლებთანაც ევროკავშირს აქვს მხოლოდ სამთვიანი უვიზო რეჟიმი, ხოლო საქართველომ შემოიღო სრული სავიზო რეჟიმი. კიდევ სამი ქვეყანა საერთოდ არ ემთხვევა ევროკავშირის სავიზო რეჟიმის პოლიტიკის ფარგლებში არსებული ქვეყნების სიას. ასეთი ქვეყნებია: ბოლივია, ნიუე და აღმოსავლეთ ტიმორი.
საინტერესოა, რომ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერის განცხადებით, ახალი სავიზო რეგულაციების ამ ფორმით მიღება ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენდა.დასკვნა
სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც სავიზო რეჟიმი დაწესდა, ვიზიტორთა ნაკადი შემცირდა. ასევე შემცირდა ვიზიტორთა შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა.
ახალმა რეგულაციებმა უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე. ამას ადასტურებს როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრების, ისე სხვადასხვა ექსპერტებისა და კვლევების შეფასებები. უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ცვლილება ორჯერ შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელი უარყოფითი ეკონომიკური შედეგების შესახებ შენიშვნები ჰქონდა, რომლებიც თეა წულუკიანმა არ გაითვალისწინა.
როგორც სამოქმედო გეგმის ანალიზიდან ირკვევა, საიმიგრაციო პოლიტიკის ამ ფორმით გამკაცრება, სხვადასხვა ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება, შემცირებული ვადების ან ვიზის აღების წესების ცვლილება, ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანი ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა იყო და არა რეგულაციების კონკრეტულად ამ ფორმით მიღება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება: სავიზო რეგულაციების შემოღებას ტურიზმის შემცირება, ან ეკონომიკური პრობლემები არ უკავშირდება... ამ რეგულაციებს ევროკავშირი ითხოვდა, არის მცდარი.