ლადო ბოჟაძე: [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლადო ბოჟაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
მიმდინარე წლის 9 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ხოლო მმართველი პარტია ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის ახლაც მზად არის. მისივე თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ევროინტეგრაციის გზაზე აღებულ ვალდებულებებს და სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს.
„ფაქტ-მეტრმა“ ლევან ბოჟაძის განცხადება გადაამოწმა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაწესებული პროცესია და ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რათა ყველა სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობას (acqui communautaire) დაუახლოვდეს. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ფუნდამენტური პირობების დაკმაყოფილება (fundamentals of the accession process), რომელთა შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და გუნდამენტური უფლებების დაცვა.
2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა და გამოხატა მზადყოფნა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსიც მიანიჭოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი შესრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ევროკავშირმა სრულად შესრულებულად მხოლოდ სამი ჩათვალა, 2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაიდგმებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხებოდა. ევროკომისიის ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.
2024 წლის 30 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიმართ კომუნიკაციასა და კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შეფასების ანგარიშებს მოიცავდა.
კომუნიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი განიცადა, ხოლო შეფასების დოკუმენტის თანახმად, საქართველოს უკან დახევა ჰქონდა მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით, რაც გაწევრიანების პროცესში ფუნდამენტურ საკითხებს წარმოადგენს.
მეტიც, კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან ანტი-ევროპული რიტორიკის გაძლიერებამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკომისიამ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაცია არ გაუწია. ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს“.
ევროკომისიის ზემოხსენებული კომუნიკაცია არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო საქართველოს გაწევრიანების პროცესის შესაძლო დე ფაქტო შეჩერებაზე გაამახვილა ყურადღება. ჯერ კიდევ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან, ევროკავშირის სტრუქტურები და მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად აფრთხილებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მსგავსი ნაბიჯები ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება (დეტალური ინფორმაცია იხ. სტატიაში).
ევროკავშირის მოწოდებების გათვალისწინების და ცხრა ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურადაც შეაჩერა, რასაც ევროკავშირის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. კერძოდ, ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, სადაც სინანული გამოთქვა „ქართული ოცნების“ „უახლეს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს“ და მოუწოდა „საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას“. გარდა ამისა, 19 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით“ და სინანული გამოთქვა მის „გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე“. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით კი, „საქართველომ შეწყვიტა ინტერესი ევროინტეგრაციის გაგრძელების მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში... ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას და საქართველოს ყველა წინა მთავრობის განცხადებებს“.
გაწევრიანების პროცესის ოფიციალურ შეჩერებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძო ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონპროექტების მიღება, რომელთა შორის არის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „ასეთი ქმედებები არსებითად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით“.
აღსანიშნავია, რომ 8 მაისს ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომაზე საქართველოს არმიწვევის მიზეზებზე საუბრისას, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე-ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „ეს გამოწვეულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პირადი გადაწყვეტილებით, რომელმაც გასული წლის ნოემბერში შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“.
ამ ყველაფრის ფონზე, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან მაღალ დონეზე არაერთი განცხადება კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება სჭირდება. 9 მაისს კი, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „2023 წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა... დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ლადო ბოჟაძის განცხადებას, თითქოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.