2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), საქართველოში რუსეთის მავნე ზეგავლენაზე რეაგირების ფარგლებში, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე რეაგირების ფარგლებში დაწესებული სანქციები საქართველოს მოქალაქეზე[1] გავრცელდა. დოკუმენტის თანახმად, რომელშიც ფარცხალაძე მოიხსენიება როგორც „ქართველი-რუსი ოლიგარქი“, სანქცირების საფუძველი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა (FSB) და მისი ოფიცრის ალექსანდრ ონიშენკოს მიერ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად ოთარ ფარცხალაძის გამოყენება გახდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ფარცხალაძემ მისი FSB-სთან კავშირით, სავარაუდოდ, პირადი სარგებელი მიიღო. ერთ-ერთი საკითხი რაც აღნიშნულმა ინფორმაციამ გახადა აქტუალური, ქართული საფინანსო სექტორის მოსალოდნელი რეაგირება იყო. კერძოდ, ქართული ბანკები ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების, გადარიცხვების და ტრანზაქციების მომსახურებას შეაჩერებდნენ, თუ - არა.
როგორი იყო სანქციების აღსრულების წესი ცვლილებებამდე?!
როგორც ცნობილია, საქართველო სანქციებს თავად არ აწესებს (არ უერთდება), თუმცა დეკლარირებულად საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. აღნიშნული მიზნით, 2022 წლის 26 თებერვალს დადგენილი სანქციებისა და მათთან შესაბამისობის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია და სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) მიაწოდა. 2023 წლის 4 აგვისტოს კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება გამოიცა, რომელმაც სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი ნორმატიულადაც მოაწესრიგა. აღნიშნული ბრძანების თანახმად: „ანგარიშვალდებული პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციათა მოთხოვნები, რაც მოიცავს:
ა) აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს;
ბ) ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს;
გ) დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს“.
პრაქტიკაში აღნიშნული სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას გულისხმობს. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული ზომები კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისაგან დამატებითი მითითებისა თუ გადაწყვეტილების მიღების გარეშე ავტომატურ რეჟიმში სრულდებოდა. შესაბამისად, ოთარ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშებზე წვდომა 14 სექტემბრიდანვე უნდა ყოფილიყო შეზღუდული.
მოგვიანებით, 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებაზე დაყრდნობით, მედია საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ოთარ ფარცხალაძესაც, მსგავსად აქამდე სანქცირებული სხვა პირებისა, საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა როდიდან, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
სახელისუფლებო გუნდისა და ეროვნული ბანკის რეაგირება
ოთარ ფარცხალაძისათვის საბანკო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვაზე ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისში, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ადამიანის უფლებების ნაწილში… კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი“. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ 14-18 სექტემბრის შუალედში ქართული ოცნების რიტორიკა არსებითად შეიცვალა. 14-15 სექტემბერს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ოთარ ფარცხალაძისაგან დისტანცირებას ცდილობდნენ (შალვა პაპუაშვილი, ლაშა ხუციშვილი), მოგვიანებით კი აშშ-საგან სანქცირების საფუძველზე მტკიცებულებები, ხოლო ეროვნული ბანკისაგან მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა მოითხოვეს, რაც იქცა კიდეც საბოლოოდ მმართველი გუნდის პოზიციად.
„ქართული ოცნების“ საბოლოო პოზიცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოპერატიულად გაიზიარა, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და „საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით“ ხელმძღვანელობის მოტივით, საქართველოს სანქცირებულ მოქალაქეებზე გამონაკლისი დააწესა. კერძოდ, ამ ცვლილების შემდგომ, სანქციათა რეჟიმი, რომელიც განურჩევლად მოქალაქეობისა ნებისმიერ სანქცირებულ პირზე ვრცელდებოდა, საქართველოს მოქალაქეზე მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდება, რაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იქნება სახეზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მსხვილმა ქართულმა კომერციულმა ბანკებმა განმარტეს, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების დაცვას გააგრძელებენ.
რა შეიცვალა სანქციების აღსრულების თვალსაზრისით?!
სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში შეტანილი ცვლილებების გავლენა კომერციული ბანკების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე არის ის საკითხი, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. კერძოდ, ნიშნავს, თუ - არა ეს ცვლილება, რომ კომერციული ბანკებს არ აქვთ უფლება, საქართველოს სანქცირებული მოქალაქეების ანგარიშები დაბლოკონ?!
აღნიშნულ საკითხზე ჯერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ხოლო შემდგომ ტელეკომპანია „იმედი“-ს ჟურნალისტის კითხვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ცალსახა პასუხი არ გასცა. მან ერთი მხრივ აღნიშნა, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა იქვე დაამატა, რომ სანქციების აღსრულება უფრო ფართო საკითხია, კომერციულ სექტორთან კი, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას გააგრძელებს, ეროვნული ბანკი „სრულ უნისონშია“. საბოლოოდ, ბრიფინგის შემდგომაც გაუგებარი დარჩა ეროვნული ბანკის პოზიცია იმაზე, კომერციული სექტორი მას არ ემორჩილება, თუ რეგულაცია სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის.
ის რაც არ თქვა ცხადად ნათია თურნავამ, განმარტა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა. ძნელაძის პოზიციით, ეს ცვლილება ბანკებს სანქცირებული პირის მომსახურებას (მიუხედავად მოქალაქეობისა) არ ავალდებულებს. მისი თქმით, „კონკრეტულად ეს ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი არ ზღუდავს სანქცირებული საქართველოს მოქალაქის მომსახურებას“.
საბოლოო ჯამში, შესაძლებელია ითქვას, რომ აღნიშნული ბრძანება ცვლილებებამდე კომერციულ ბანკებს იმპერატიულად ავალდებულებდა, საბანკო მომსახურება ნებისმიერი სანქცირებული პირისათვის მოქალაქეობის მიუხედავად და უპირობოდ შეეზღუდათ. ცვლილების შედეგად კი კომერციულ ბანკებს - საქართველოს სანქცირებული მოქალაქის შემთხვევაში, მისთვის მომსახურების გაწევის უფლება - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლამდე, მიეცათ. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად საერთაშორისო სანქციების აღუსრულებლობის შესაძლებლობა (საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში) დაუშვა და ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად კომერციულ ბანკებს გადააბარა.
რა შედეგები მოიტანა ან შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ?!
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და რეპუტაცია - ეროვნული ბანკი კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყანაში ფასების სტაბილურობასა და საფინანსო სექტორის გამართულ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ბანკის უმთავრესი მახასიათებელი კი, რაც განსაზღვრავს ნდობას უშუალოდ ამ ინსტიტუტისა თუ მთლიანად ქვეყნის საფინანსო სისტემის მიმართ - როგორც ქვეყნის გარეთ ასევე ქვეყნის შიგნით, მისი დამოუკიდებლობაა. დამოუკიდებლობა - როგორც ეროვნული ბანკის აუცილებელი მახასიათებელი, ნაკარნახევია მიდგომით, რომ ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს მთლიანად ეკონომიკის საუკეთესო ინტერესი, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაშია ხელისუფლების მოკლევადიან პოლიტიკურ მიზნებთან. დამოუკიდებელმა ეროვნულმა ბანკმა კი უნდა გაატაროს ის პოლიტიკა, რაც ქვეყნის ინტერესშია, მიუხედავად იმისა, ის თანხვედრაშია, თუ - არა ხელისუფლების მიზნებთან. პოლიტიკურ გავლენას დაქვემდებარებული ცენტრალური ბანკის საუკეთესო მაგალითი უახლესი ისტორიიდან თურქეთია, სადაც ცენტრალური ბანკის პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი ქმედებები სამომხმარებლო ფასების მასშტაბურ ზრდასა და ვალუტის უპრეცედენტო გაუფასურებაში გამოიხატა.
საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის შესაძლო ვარდნის ირგვლივ კითხვები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის თავისებურებებითა და მმართველობით რგოლში განხორციელებული წინააღმდეგობრივი ცვლილებებით იყო განპირობებული. ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესის დამაზიანებელი ხასიათის დადასტურება და შედეგი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება, რომლის შესაძლო განახლების ან ვადების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ გამხდარა.
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის ვარდნასთან მიმართებით არსებული ეჭვები, შეიძლება ითქვას, დაადასტურა 2023 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებამ, როდესაც ეროვნულმა ბანკმა შემჭიდროებულ ვადებში და პრაქტიკულად უცვლელად ასახა სახელისუფლებო გუნდის პოზიცია სანქცირებული პირის საბანკო ანგარიშების საკითხზე საკუთარ მარეგულირებელ აქტში. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და შესაძლო პოლიტიკური გავლენის არსებობის კონტექსტში, ნიშანდობლივია რომ ეროვნულ ბანკს არც საქართველოს მოქალაქეთათვის განსხვავებული რეჟიმის საჭიროება და არც უდანაშაულობის პრეზუმფცია არ გახსენებია სახელისუფლებო გუნდის მხრიდან შესაბამისი განცხადებების გაკეთებამდე.
ფაქტი რომ აღნიშნული ცვლილება არ არის თავსებადი საქართველოს საფინანსო სექტორის ინტერესებთან, ირიბად დაადასტურა კომერციული ბანკების უმრავლესობის მხრიდან პრაქტიკულმა დემარშმა გადაწყვეტილების სულისკვეთების გაზიარების ნაწილში. 20 სექტემბერს ასევე ცხადი გახდა, რომ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის უმრავლესობა არ იზიარებდა გადაწყვეტილების შინაარსს და ის ერთპიროვნულად იქნა მიღებული იმ პირის მიერ, რომლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასაც ნებისმიერ ფასად ცდილობდა ხელისუფლება. კერძოდ, თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა (არჩილ მესტვირიშვილი, ნიკოლოზ გაგუა, პაპუნა ლეჟავა) და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ. საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ეკატერინე მიქაბაძემ კი განმარტა, რომ თანამდებობას არ ტოვებს, თუმცა ბრძანების შინაარსზე მასთან კონსულტაცია არ გამართულა.
ცალკე გასათვალისწინებელია აღნიშნული ცვლილებისა და მისი მიღების დასაბუთების აბსურდულობა. კერძოდ, ბრძანების საფუძვლად დეკლარირებულია უდანაშაულობის პრინციპის დაცვის კონსტიტუციით განპირობებული ვალდებულება. თუ დავუშვებთ, რომ ეს საკითხის სწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და უდანაშაულობის პრეზუმფცია რელევანტურია ამ საკითხის რეგულირებისას, გამოვა რომ თავად 19 სექტემბრის ბრძანებაც არაკონსტიტუციურია, რადგან უდანაშაულობის პრეზუმფცია თანაბრად ვრცელდება როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის მოქალაქეებზე. შესაბამისად, რადგან ეროვნული ბანკი ცვლილების საფუძვლად უდანაშაულობის კონსტიტუციურ პრინციპს უთითებს, სასამართლოს ცენზის მოთხოვნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც უნდა გაევრცელებინა და დაეშვა სანქცირებული პირების მომსახურება მოქალაქეობის მიუხედავად. მეორე მხრივ, სადავოა თავად აღნიშნული საფუძვლის რელევანტურობა. სამართლის სპეციალისტების დიდი ნაწილი თვლის, რომ სანქციების აღსრულების პროცესით გათვალისწინებულ ქმედებებთან უდანაშაულობის პრეზუმფცია კავშირში არ არის (ბმული 1; ბმული 2).
შედეგად იკვეთება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა წინააღმდეგობრივი ბრძანება, რომელიც: სანქცირებული პირისთვის საბანკო მომსახურების გაწევას აკანონებს; იმეორებს სახელისუფლებო გუნდის პოზიციას; სამართლებრივად, როგორც მინიმუმ, არასათანადოდ დასაბუთებულია და ეწინააღმდეგება საფინანსო სექტორის მხრიდან სწორად მიჩნეულ პრაქტიკას, სათანადო მსჯელობისა და კონსულტაციების გარეშე, ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეუთანხმებლად და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების საწინააღმდეგო მოსაზრების მიუხედავად, ერთპიროვნულად და ნაჩქარევად გამოსცა. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ზიანს აყენებს თავად ეროვნული ბანკის, ქართული საფინანსო სისტემისა და ეროვნული ვალუტის რეპუტაციას და სანდოობას.
ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ბაზარზე მყისიერი შედეგის მაგალითია ეროვნული ვალუტის ქცევა, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკის მხრიდან მინიმუმ 20 მლნ დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით - 3.4 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 3.6 თეთრით შემცირდა (გაუფასურდა). აღნიშნული ცალსახად ბაზრის მოკლევადიან რეაქციას წარმოადგენს, გრძელვადიანი გავლენა კი მოვლენების შემდგომ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
მმართველობის კრიზისი ეროვნულ ბანკში - ეროვნული ბანკის თანამდებობიდან გადამდგარი ვიცე-პრეზიდენტები ამავდროულად არიან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, რაც ნიშნავს, რომ მათი განცხადების დაკმაყოფილების შემდგომ (სავარაუდოდ 2 თვეში) ეროვნული ბანკის საბჭოში მხოლოდ 4 წევრი რჩებოდა. 2023 წლის დეკემბერში ვადა საბჭოს კიდევ ერთ წევრს, რობერტ სინგლეტარს, ეწურება. შედეგად, 2024 წლის დასაწყისში საბჭოში მხოლოდ 3 წევრი - ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა - დარჩებოდა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად საბჭო ქმედუნარიანია, თუ ის მინიმუმ 5 წევრისაგან შედგება. შესაბამისად, საბჭოს ქმედუუნარობის თავიდან აცილების მიზნით, წლის ბოლომდე ის მინიმუმ ორი წევრით უნდა შევსებულიყო. 21 სექტემბრის მდგომარეობით, საბჭოს ქმედუნარიანობის საკითხი დღის წესრიგიდან სავარაუდოდ მოხსნილია, რადგან პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი[2] ორი კანდიდატი - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია. შესაბამისად, ქმედუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭირო წევრების მინიმალური ზღვარი ფორმალურად დაკმაყოფილებული იქნება უახლოესი პერიოდისათვის, თუმცა 21 სექტემბრის მდგომაორებით, უცნობია, თავად არჩეული პირების პოზიცია აპირებენ, თუ - არა ისინი საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულებას.
თავისთავად საბჭოს ქმედუნარიანობის შენარჩუნება - კანდიდატებზე მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის შეუთანხმებლობის ხშირი პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოწვევას წარმოადგენდა. კერძოდ, 2019-2023 წლებში საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წარდგენილი 4 კანდიდატი: გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე ჩააგდო, თუმცა უმრავლესობა მზად იყო მთავრობის კიდევ ერთი წევრის - მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის დასამტკიცებლად, რომელიც კანდიდატად თავად პრეზიდენტმა არ წარადგინა. მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტი ასევე ვერ თანხმდებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურაზე. შედეგად, საბჭო თავს იკავებს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენისაგან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს ახალი წევრების არჩევის გადაწყვეტილებაც გადაუდებელი აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯია და საბჭოს წევრების შევსების შესაძლებლობის არსებობა გარემოებათა დამთხვევითაა გამოწვეული. თავად არჩევის პროცესი კი უკიდურესად მიუღებელი ფორმით, შინაარსობრივი მხარის უგულებელყოფით, მხოლოდ ფორმალურად წარიმართა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს, ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებამდე წარუდგინა. 21 სექტემბერს კომიტეტების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განაცხადებით კი ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებდა, კანდიდატურების წარდგენაზე.
საბოლოოდ, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 21 სექტემბერს მხარი არ დაუჭირეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების არჩევას. მიუხედავად კომიტეტების უარყოფითი დასკვნისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრა განხილვისა და მოსმენის გარეშე მომხდარიყო, ხოლო პრეზიდენტის წარდგინების უკან გახმობის მექანიზმი არ არსებობდა. თავის მხრივ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა წევრების არჩევას ფორმალურად მხარი დაუჭირა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს ფორმალური ქმედუნარიანობის შენარჩუნება სავარაუდოდ, ამ ეტაპზე მოხერხდება, თუმცა ეროვნულ ბანკში მმართველობის კრიზისი სახეზეა და მმართველობის ხარისხთან მიმართებით არსებითი კითხვის ნიშნები რჩება. ეროვნული ბანკის საბჭოს ქმედუნარიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომა თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, თუმცა პრინციპულად მიუღებელია მისი მხოლოდ ფორმალური მიზნებისათვის ტექნიკურად შევსება.
სანქციების თვალსაზრისით მოსალოდნელი შედეგები - ცალკეული პოლიტიკური განცხადებების საწინააღმდეგოდ - თავისთავად ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება, ავტომატურად ქართული საფინანსო სისტემის მიმართ მეორადი სანქციების ამოქმედებას ამ ეტაპზე ბუნებრივია, არ ნიშნავს. მეორადი სანქციების ამოქმედებისათვის აუცილებელი წინაპირობაა დარღვევის ფაქტის არსებობა, თავისთავად ქმედების დაშვებულობა კი არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქმედებას ადგილი ექნება. მეორადი სანქციები მოსალოდნელია ამოქმედდეს მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვინც აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლებს. ქართული საბანკო სექტორის უმრავლესობის განცხადებებიდან ნათელია, რომ ისინი სანქციების დარღვევაში მონაწილეობას არ განიხილავენ.
თუმცა საგანგაშო სიგნალია თავად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელიც სანქციების დარღვევას აკანონებს. სხვა სიტყვებით, კომერციულმა ბანკმა შესაძლებელია დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები, თუმცა ის ეროვნულ დონეზე თანხვედრაში იქნება სამართლებრივ ჩარჩოსთან. მსგავსი შესაძლებლობის არსებობა კი საქართველოს საფინანსო სისტემას ავტომატურად აქცევს მომეტებული ყურადღებისა და სიფრთხილის ობიექტად, რომელთან თანამშრომლობაც გაზრდილი რისკის მატარებელია.
[1] ალტერნატიული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის წინაპირობაა. თუმცა ფორმალურად სანქცირების თარიღისათვის ის საქართველოს მოქალაქედ ითვლებოდა. 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. შესაბამისი დასკვნა კი საქართველოს პრეზიდენტთან შემდგომი რეაგირებისათვის გადააგზავნა. წინმსწრებად ცნობილი იყო პრეზიდენტის პოზიციაც, რომ ის მოქალაქეობის შეწყვეტაზე მოთხოვნას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა.
[2] კანდიდატების წარდგენა წინ უსწრებდა ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.