მიხეილ დაუშვილი: ეროვნული ბანკი „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ მიხეილ დაუშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
რეზიუმე: კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული ბანკი სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება ეკრძალება, მთავრობას კი ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევა.
ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, მათ საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს. საბჭოს წევრები საკუთარი რიგებიდან პრეზიდენტს ირჩევენ. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 3 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.
თებერვალში პარლამენტმა ახალი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოიღო, ცვლილებას სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ივნისში პარლამენტმა ვეტო დაძლია. პირველი-ვიცე პრეზიდენტი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა გახდა, ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობა კი დროებით (ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე) ოთხამდე გაიზარდა.
ნათია თურნავას გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოში 2021 წლიდან წარმოდგენილები არიან ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. მათ დამტკიცებაზე პარლამენტს პრობლემა არ ჰქონია, თუმცა 2019-2023 წლებში საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წარდგენილი 4 სხვა კანდიდატი ჩააგდო. „ქართული ოცნება“ საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედ ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგენასაც ითხოვდა, რასაც სალომე ზურაბიშვილი არ დასთანხმდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედი 7 წევრიდან 3 ყოფილი მინისტრი ან და მინისტრის ყოფილი მოადგილეა. „ფაქტ-მეტრი“ არ შედის დასახელებული პირების დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასებაში. თუმცა, მიუხედავად ფაქტისა, რომ ისინი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან, მათი საქმიანობა მთავრობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, რაც ახალი წევრების არჩევის საეჭვო პროცესთან ერთობლიობაში, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კითხვების დასასმელად ობიექტურ საფუძველს ნამდვილად ქმნის. სწორედ ეს წარმოადგენს მიხეილ დაუშვილის განცხადების პათოსს. თუმცა აღნიშნული მსჯელობა პოლიტიკური შეფასების ნაწილია და „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიის თანახმად, ვერდიქტის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა. შესაბამისად, ჩვენ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ და მხოლოდ ვითარების ანალიზით შემოვიფარგლებით.
ანალიზი: 27 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა: „ორგანოს, უმნიშვნელოვანეს დაწესებულებას, სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც არის ეროვნული ბანკი და რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა და ინფლაცია აბარია და ფაქტობრივად ამაზე არის პასუხისმგებელი, ეს ინსტიტუტი ადექით და პირდაპირ დაუქვემდებარეთ პარტიულ ვერტიკალს“.
ეროვნული ბანკი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, მისი ფუნქციები და სტრუქტურა მოკლედ კონსტიტუციის 68-ე მუხლშია გაწერილი, დეტალურად კი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. ასევე ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ვრცელია ეროვნული ბანკის ფუნქციების ჩამონათვალიც:
1) ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება;
2) საფინანსო სექტორის ზედამხედველობა;
3) საერთაშორისო რეზერვების ფლობა და განკარგვა;
4) მთავრობის ბანკირობა და ფისკალური აგენტობა;
5) საგადახდო სისტემის უსაფრთხოებისა და ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობა;
6) ფულის ნიშნების ემისია;
7) საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკის წარმოება;
8) კრიზისული სიტუაციების მართვაში მონაწილეობის მიღება...
საფინანსო სექტორის ზედამხედველობაში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების გარდა, იგულისხმება ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები...
ფუნქციათა ფართო სპექტრის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი წმინდა საკანონმდებლო ვალდებულების გარდა,სტაბილური განვითარებისთვის შინაარსობრივადაც უმნიშვნელოვანესია.
საბანკო სექტორი ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც საქართველომ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია. სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, 90-იანი წლების შემდეგ, არც ომისა და არც სხვადასხვა პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, მეანაბრეებს კუთვნილი თანხები აღარ დაუკარგავთ. ამასთან, 2021-2022 წლებში ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად (2021 წელს წლიური ინფლაცია 9.6% იყო, მაგრამ ნოემბერ-დეკემბერში ფასების ზრდის ტემპის უკვე 13.9%-ს აღწევდა), იმავე პერიოდში, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი, ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში.
იმისთვის რომ ეროვნულმა ბანკმა გამართულად იფუნქციონიროს, საბჭო პროფესიონალი და დამოუკიდებელი კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც იგივე მოეთხოვება.
საბჭოს არსებული წევრების მიმართ პროფესიონალიზმთან დაკავშირებით ოპოზიციას კითხვები არ აქვს. კითხვები პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით ჩნდება, რასაც ცალკეული წევრების უახლოესი წარსული აჩენს. მინისტრი და მინისტრის მოადგილეები პოლიტიკურ გუნდთან ასოცირდებიან, რის გამოც პოლიტიკური ზეწოლის ან თუნდაც პოლიტიკური გავლენის შედეგად გადაწყვეტილების მიღების რისკი იზრდება.
2023 წლის ივლისის მდგომარეობით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, სავალუტო ინტერვენციების ან რაიმე სხვა სახის გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა.
ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ 2019 წელს პარლამენტმა 2 კანდიდატურა - გიორგი ხიშტოვანის და გიორგი მიროტაძის - ჩააგდო. 2023 წელს კი გიორგი ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს ეთქვათ უარი. ბოლო შემთხვევის დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კანდიდატების კომპეტენცია დაადასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ უარის თქმის მიზეზი, მათი შეუთანხმებელი წარდგენის ფაქტი გახდა.
იმ დროს, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში 7-დან 3 (9 წევრიანი საბჭოდან ორი ადგილი ვაკანტურია) ადგილი უკვე უკავიათ ყოფილ მინისტრსა და მინისტრის ყოფილ მოადგილეებს, მმართველი პარტია დამატებით, მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგენას ცდილობდა, რაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას პოტენციურად კიდევ უფრო დაასუსტებდა.
შესაძლო პოლიტიკური გავლენების გაჩენის/გაძლიერების შესახებ კითხვები ვეტოს დაძლევის ფაქტმა გააჩინა, რასაც არამხოლოდ ადგილობრივი ოპოზიცია, სავალუტო ფონდიც ეწინააღმდეგებოდა. ოპოზიციაში ფიქრობდნენ, რომ ცვლილებები ექსკლუზიურად ნათია თურნავასთვის განხორციელდა. სანამ საბჭო პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავას აირჩევდა, მოვლენების მსგავს განვითარებას რომან გოცირიძე პროგნოზირებდა.
2023 წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა. მის მოვალეობას 3.5 თვე ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილის ასრულებდა, 22 ივნისიდან კი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა ასრულებს. მოვალეობის შესრულებიდან პირველ სამ კვირაში ნათია თურნავას ჯერ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც მისი საქმიანობის თუნდაც წინასწარი შეფასების საშუალებას გააჩენდა.
2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის 9-წევრიან საბჭოში 2 ადგილი ვაკანტურია, 2 ადგილი დეკემბერში გათავისუფლდება - არჩილ მესტვირიშვილსა და რობერტ სინგლეტარს (საბჭოს წევრობის უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქესაც გააჩნია) უფლებამოსილება ეწურებათ. მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი და პარლამენტი ახალ წევრებზე ვერ შეთანხმდებიან, საბჭოს 5 წევრი საქმიანობას ლეგალურად გააგრძელებს. კანონის მიხედვით, 5 წევრი აუცილებელი მინიმუმია. შეთანხმების შემთხვევაში, მათ საკუთარი რიგებიდან, საქართველოს პრეზიდენტისთვის დასამტკიცებლად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატის წარდგენის უფლებაც გააჩნიათ.
სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატებს პარლამენტსდასამტკიცებლად წარუდგენს, თუ - არა, ვინ იქნებიან ისინი, დაამტკიცებს, თუ - არა მათ პარლამენტი, რაც მთავარია, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საბჭო და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომავალში, ობიექტური შეფასებისათვის მეტ შესაძლებლობას გააჩენს.