სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა Дженни Бурджанадзе-მ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2), მორიგი ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მამაკაცების დაპირისპირებაა ნაჩვენები. ვიდეოში ასევე ისმის შეძახილი უკრაინულ ენაზე „დიდება უკრაინას“. პოსტს თან ერთვის აღწერა, რომ „12[-მა] ხახოლმა ვარშავაში 8 პოლონელი სცემა“, მიზეზად კი პოლონელების მიერ „დიდება უკრაინის“ წარმოთქმის უარყოფაა დასახელებული.

პოსტის მიზანი უკრაინელთა დისკრედიტაცია და საფრთხედ წარმოჩენაა, რაზეც პოსტის კომენტარებიც მეტყველებს.

ინფორმაცია, რომ ვარშავაში უკრაინელებმა პოლონელები სცემეს, პოლონურ გამოცემა Gazeta Stronoga-ს ეფუძნება, რომელმაც X პლატფორმაზე (წარსულში Twitter) გამოაქვეყნა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 8 პოლონელსა და 12 ადამიანს შორის - რომლებიც გამოცემის მიხედვით „თავს უკრაინელებად აცხადებდნენ“ - დაპირისპირება მოხდა. Gazeta Stronoga-ს განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი პოლონელების მიერ „Slava Ukraine“-ს წარმოთქმისგან თავის შეკავება გახდა.

მოგვიანებით, ინფორმაცია სხვადასხვა მედიაპლატფორმით გავრცელდა, თუმცა ფორმულირება „თავს უკრაინელებად აცხადებდნენ“, მტკიცებითი ფორმის წინადადებამ ჩაანაცვლა და 12 ადამიანი უკვე უკრაინელად იყო მოხსენიებული.

სინამდვილეში, პოლონეთის საპოლიციო უწყებებმა ინციდენტში უკრაინელების მონაწილეობა უარყვეს.

მათი განცხადებით, 24-25 აგვისტოს ღამეს მომხდარი ინციდენტის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა 13 პირი გამოჰკითხეს, მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აგრესორებად იყვნენ იდენტიფიცირებულები. უკრაინის მოქალაქეები კი, მათ შორის, ვისაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა, არ ყოფილან.

ინფორმაცია პოლონურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამაც გადაამოწმა და აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ინციდენტში არა უკრაინის, არამედ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას ასახავს.

ცნობისთვის, რუსული დეზინფორმაციული მანქანა პოლონეთსა და უკრაინას დაპირისპირებულ მხარეებად წარმოაჩენს. უკრაინაში რუსეთის მიერ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყების პარალელურად, უკრაინასა და პოლონეთს შორის გაღრმავებული ურთიერთობების თავიდან ასარიდებლად და პოლონურ საზოგადოებაში უკრაინის მხარდაჭერის შესამცირებლად, რუსული დეზინფორმაციული მანქანა ისტორიულ წყენასა და თანმდევ ემოციებს მანიპულაციურად იყენებს, რისი მიზანიც პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაციება და დაძაბვაა. განსაკუთრებით ინტენსიურად ვრცელდება დეზინფორმაციული მტკიცებები იმის შესახებ, რომ პოლონეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილის ოკუპაციასა და ტერიტორიის მიერთებას გეგმავს. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია (ბმული 1, 2, 3).

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და თანდართული მტკიცება, თითქოს ვარშავაში პოლონელები უკრაინელებმა „დიდება უკრაინის“ თქმისგან თავის შეკავების გამო სცემეს, ასევე პოლონურ საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისახავ მიზნად და პოლონური საზოგადოების გაღიზიანებისკენაა მიმართული. ამაზე მეტყველებს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების საკითხებში პოლონეთის მთავრობის კომისრის, სტანისლავ ჟარინის განცხადებაც, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯად შეაფასა. მისივე განცხადებით, მსგავსი ქმედებები პოლონეთის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ოპერაციებს შეესაბამება.

ამდენად, მტკიცება, რომ ვარშავაში პოლონელები უკრაინელებმა იმის გამო სცემეს, რომ „დიდება უკრაინას“ სკანდირებისგან თავი შეიკავეს, ყალბია.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.