სოციალურ ქსელში გავრცელებული მორიგი დეზინფორმაციული ცნობის მიხედვით, პოლონური ჟურნალი Polityka მთავარ გვერდზე უკრაინის საწინააღმდეგო ილუსტრაციას აქვეყნებს. ერთ-ერთი Facebook-მომხმარებელი ჟურნალის ყდის გამოგონილ სურათს შემდეგი აღწერით აქვეყნებს:
„ეს პოლონური ჟურნალი Polityka გახლავთ, რომელიც დღეს ასეთი სათაურით გამოვიდა: "ყველა ვირთხა ვერ მოასწრებს ცოცხლად გაქცევას"
P.S.
ჩაძირული გემი რატომ არის უკრაინულ ფერებში და ვის გულისხმობს პოლონური ჟურნალი ვირთხებში? მაგის განმარტებას აღარ შეუდგები!“.
აღნიშნული ყალბი ცნობა ინტერნეტში სხვადასხვა ენაზე გავრცელდა. დეზინფორმაცია მასობრივად გაავრცელეს რუსულენოვანმა Facebook-ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10) და რუსულმა მედიამაც (1, 2, 3, 4).
ფოტო ინტერნეტში 2023 წლის იანვარში გავრცელდა. ყდაზე გაკეთებული წარწერიდან კი ვიგებთ, რომ აღნიშნული ილუსტრაცია Polityka-მ, თითქოს, N6 ჟურნალის გარეკანისთვის გამოიყენა. ამასთან, გავრცელებულ ფოტოზე, Polityka-ს უკვე გამოცემული ჟურნალებისგან განსხვავებით, მეექვსე ნომრის დაბეჭდვის თარიღი მითითებული არაა.
სინამდვილეში, Polityka-ს, რომელიც ყოველკვირეულად გამოდის, მსგავსი ყდითა და ნომრით ჟურნალი არ გამოუქვეყნებია. გამოცემის ოფიციალურ გვერდზე 2023 წელს გამოშვებული სულ სამი ნომერი იძებნება: N3, N4 და N5. აღნიშნული ნომრები 11-დან 31 იანვრამდე პერიოდს ფარავს.
ჟურნალის 2023 წლის პირველი და მეორე ნომერი კი (1-10 იანვარი) 2022 წლის ბოლოს გამოიცა:
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ფოტოს მსგავსი ყდით ჟურნალის არცერთი ნომერი არ იძებნება არც Polityka-ს ოფიციალურ გვერდებზე Facebook-ზე ან Twitter-ზე.
ამდენად, გავრცელებული უკრაინის მადისკრედიტებელი ფოტო პოლონურ ჟურნალ Polityka-ს არ ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ რუსულ წყაროებს უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა ჟურნალის გარეკანები აქამდეც არაერთხელ გაუყალბებიათ. ფაქტ-მეტრმა სხვადსახვა დროს ამ ტიპის არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.
--------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.