დეზინფორმაცია: ჯანმოს „ინდური შტამი“ არ უღიარებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27 მაისს Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ ინდურ შტამთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. პოსტის თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) არანაირი „ინდური შტამი“ არ უღიარებია. ტელევიზიები კი საზოგადოების დაშინებასა და შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. პოსტს კომენტარების სექციაში თანდართული აქვს სქრინი, რომელიც პოსტის ავტორის თანახმად, „ინდურ შტამთან“ დაკავშირებით ჯანმოს დასკვნას წარმოადგენს.

სინამდვილეში, თანდართული სქრინი არა ჯანმოს დასკვნა, არამედ ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ სოციალურ მედიაპლატფორმებისკენ მიმართული განცხადებაა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ტერმინი „ინდური ვარიანტი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად არ გამოიყენება. ჯანმო თავის ანგარიშებში B.1.617-ს (B.1.617 - ინდოეთში აღმოჩენილი SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტის მეცნიერული დასახელება) ტერმინ „ინდური ვარიანტით“ არ მოიხსენიებს. აღნიშნულ განცხადებაში ასევე თანდართულია ინდოეთის ჯანდაცვისა და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტროს მიერ 12 მაისს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ჯანმოს 32-გვერდიან მოხსენებაში B.1.617-ის აღსანიშნავად ტერმინი „ინდური ვარიანტი“ არ არის გამოყენებული. შესაბამისად, სამინისტრო მედია საშუალებებს, თავიანთ პლატფორმებზე ამ ტერმინის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მართლაც, ჯანმო, როგორც ყოველკვირეულ მოხსენებებში, ისე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში B.1.617-ს მოიხსენიებს როგორც ახალ ვარიანტს, რომელიც ინდოეთში დაფიქსირდა და ორგანიზაცია ტერმინ „ინდურ ვარიანტს“ არ იყენებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაცია ვირუსის ახალი ვარიანტის არსებობას და მის ინდოეთში აღმოჩენას არ აღიარებს.

ჯანმოს განცხადებით, B.1.617 ინდოეთში პირველად 2020 წლის დეკემბერში იქნა იდენტიფიცირებული. თუმცა მოცემულ შტამზე ინფორმაცია ვირუსების გენომების გლობალურ მონაცემთა ბაზაში (GISAID) ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2021 წლის მარტის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული შტატის, მაჰარაშტრას კოვიდტესტების ნიმუშების ანალიზისას 15-20%-ში ახალი, „ორმაგი მუტაციის“ შტამი იქნა იდენტიფიცირებული. აპრილში კი ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდა.

თავდაპირველად B.1.617 ჯანმოს მიერ კლასიფიცირებული იყო, როგორც „ინტერესის ვარიანტი“ (variant of interest). თუმცა, 10 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის შტამი, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა, „ინტერესის ვარიანტიდან“ (variant of intereset), მისი სწრაფი გავრცელების გამო, „შეშფოთების ვარიანტად’’ (variant of concern) გადააკვალიფიცირა. 20 მაისს, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის, ინდოეთში იდენტიფიცირებული შტამის წინააღმდეგ“. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს შორის არის ფაიზერი, ასტრაზენეკა, მოდერნა, ჯონსონ და ჯონსონი და სინოფარმი. 23 მაისს, ინდურ ორმაგ მუტაციაზე ოქსფორდ/ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა პირველადი კვლევებით დადასტურდა.

ამასთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 27 მაისს საქართველოში გამოვლენილ SARS-CoV-2-ის ინდური შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცენტრის განცხადებით, ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები SARS-CoV-2-ის ინდური შტამით იყვნენ ინფიცირებულები. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში სხვადასხვა დროს, ერთი და იმავე ქვეყნიდან შემოვიდნენ, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. სამმა მათგანმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს ჯანმოს „ინდური შტამი“ არ უღიარებია, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, საქმე ტერმინის გამოყენებაში მდგომარეობს. ჯანმო ოფიციალურ მოხსენებებში ახალ შტამზე საუბრისას, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა, ტერმინ „ინდური შტამის“ ან „ინდური ვარიანტის“ გამოყენების მაგივრად, შტამის მეცნიერულ დასახელებას - B.1.617-ს, იყენებს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5456 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი