სოციალურ ქსელში მომხმარებელი შორე შანიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს” აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2), მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ილონ მასკი მორიგ ცოლს აანონსებს და, როგორც პოსტში ვკითხულობთ, „ეს არის პირველი რობოტი, რომელიც შექმნეს სპეციალურად ხელოვნური ინტელექტით, პიროვნულობითა და ქალის მახასიათებლებით“.

ეს ინფორმაცია სხვა გვერდებმაც გაავრცელეს, რასაც, რეაქციებისა და კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გარდა ქართული გვერდებისა, ფოტოები იდენტური აღწერით, სხვა ქვეყნებშიც მანიპულაციურად ვრცელდებოდა.

აღნიშნული ინფორმაცია France 24-მა გადაამოწმა. მათ სტატიაში ვკითხულობთ: „ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის სურათები, რომელშიც ჰუმანოიდ ქალ რობოტებს კოცნის, ადასტურებს ტესლას მიერ „რობოტი ცოლის“ წარმოების ბოლო ეტაპებს. მაგრამ სურათები შექმნილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“. France 24-ის ცნობით, ილონ მასკის ფოტოები იმავე ავტორის ნამუშევარია, რომელმაც თეთრ ქურთუკში გამოწყობილი რომის პაპის ვირუსული ფოტო შექმნა.

სწორედ ამ გვერდზე გავრცელდა პირველად ილონ მასკის ფოტოებიც.

გარდა იმისა, რომ ფოტოს აღწერაშიც ვხვდებით ჰეშთეგს, #AI; #aiart (ხელოვნური ინტელექტი), მათზე დაკვირვებითაც ცხადად ჩანს, რომ ფოტოები ნამდვილი არ არის. ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის სხეულის ზოგიერთი ნაწილის, მაგალითად, ხელების გენერირება ზუსტად ჯერ არ შეუძლია. აღნიშნულ ფოტოებზეც ვხვდებით ამ უზუსტობებს, კერძოდ, ზედმეტ თითებს, მათ არაბუნებრივ პროპორციებს, სხვ.

საგულისხმოა, რომ უცხოურ წყაროებში ფოტოებს აღწერასთან ერთად ახლავს ინფორმაცია, რომ ფოტოები ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, ქართულში კი - არა.

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. განხილული ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

__________

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5325 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი