რაჭაში, კურორტ შოვში დატრიალებული ბუნებრივი კატასტროფის პარალელურად, სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული გზავნილები ვრცელდება, რომლის მიხედვით, არსებობს იარაღი - HAARP, რომელსაც კლიმატზე ზემოქმედება შეუძლია და ბუნებრივი კატასტროფები სწორედ ამ იარაღის გამოყენებით ხდება.

გზავნილს სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებელი ავრცელებს.

მაგალითად, ერთ-ერთმა Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში შოვში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. აღწერა კი იტყობინებოდა, რომ ფოტო 3 აგვისტოს იყო გადაღებული და მასზე ხელოვნური ღრუბლები ჩანდა.

პოსტის კომენტარებში ავტორმა ღრუბლები კლიმატურ ომს (Weather warfare) და ამინდის ხელოვნურ მოდიფიკაციას დაუკავშირა.

კიდევ ერთმა მომხმარებელმა Дженни Бурджанадзе-მ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში მეწყრების, წყალდიდობების და ხანძრების მიზანმიმართული გაჩენა HAARP-ს და ამერიკელებს დაუკავშირა.

შოვის მოვლენები Инин Хундадзе-მაც HAARP-ს დაუკავშირა, რომელსაც დეზინფორმაცია აქამდე არაერთხელ გაუვრცელებია. მისი მტკიცებით, HAARP-ით ყველანაირი ბუნებრივი კატაკლიზმის გამოწვევა შეუძლიათ. ის ასევე ავრცელებს ღრუბლების ფოტოებს, თითქოს მათზე HAARP-ის ზემოქმედება იგრძნობა, რასაც შოვში გადაღებულ ფოტოსა და ფოტოზე გამოსახულ ღრუბლებთან აკავშირებს.

6 აგვისტოს Facebook-მომხმარებელმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სქიმმღვდელმონაზონი ზოსიმე HAARP-ის შესახებ საუბრობს: „ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს ყველა დროის ყველაზე ძლიერ და ყველაზე საშიშ გამანადგურებელ პროექტს, ზესაიდუმლო და ზემძლავრ იარაღს HAARP-ს, რომელსაც ძალუძს მთელი დედამიწის განადგურება და არა მარტო დედამიწის. მას შეუძლია ზემოქმედება მზეზე, [შეუძლია] გამოიწვიოს ზედაპირზე აფეთქებები [და] მზისგან გამოტყორცნილი ელექტრომაგნიტური ველის მანიპულირება. HAARP მის მსგავს პროექტებს შორის ყველაზე ზემძლავრია, ასეთ იარაღს ფლობს რუსეთიც, ჩინეთიც, უკრაინაც, ნორვეგიაც, პერუც, ტაჯიკეთი და სხვები. ამ პროექტის პირველი ავტორი გახლდათ ნიკოლა ტესლა, რომელმაც განაცხადა, რომ მას შეეძლო დედამიწა ორად გაეხლიჩა. სკეპტიკურად განწყობილმა მეცნიერებმა ეს არასერიოზულად მიიღეს, თუმცა შემდგომ ნიკოლა ტესლამ შეწყვიტა ამ პროექტზე მუშაობა. მან მის მიერ აღმოჩენილ სხივს უწოდა „სიკვდილის სხივი“. 1992 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებშიც განახლდა HAARP-ის პროგრამაზე მუშაობა. ეს მრავალფუნქციური ზესაიდუმლო და ზემძლავრი იარაღი თუკი იქნება მიმართული დედამიწისაკენ, შეუძლია გამოიწვიოს მიწისძვრები და ცუნამი. იონოსფეროში იგი წარმოქმნის პლაზმის ბროლს, რომლიდანაც შესაძლებელია მილიონობით ვატი სხვადასხვა სიხშირის რადიო და ელექტრომაგნიტური ენერგიის გადატუმბვა, სადაც კი მოესურვებათ, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი სხვადასხვა სტიქიური უბედურებისა. ერთი სიტყვით, HAAPR-ით შესაძლებელია უამრავი საშინელება დაატყდეს მთელ სამყაროს. ოფიციალურად მას რაკეტსაწინააღმდეგო ფარად ასახელებენ. სინამდვილეში კი HAARP-ს და მის ანალოგებს შეუძლიათ განუსაზღვრელად მრავალ სიხშირეზე მოქმედება“.

ამდენად, სოციალურ ქსელში რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების კონტექსტში, HAARP-ს სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფასთან აქტიურად აკავშირებენ.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რა არის HAARP და ბუნებრივ მოვლენებთან და სტიქიურ უბედურებების წარმოქმნასთან რაიმე კავშირი აქვს, თუ - არა.

თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც შოვში არსებული კოტეჯი და „უცნაური“ ფორმის ღრუბლები ჩანს, არა 2023 წლის 3 აგვისტოს, სტიქიური უბედურების დღეს, არამედ 2020 წლის 20 ივლისს არის გადაღებული. ორიგინალი ფოტო სასტუმრო „სანსეტ შოვის“ Facebook-გვერდზე სწორედ 2020 წელს გამოქვეყნდა.

ამდენად, ფოტოზე ღრუბლების არსებობა, რომელსაც სოციალურ ქსელში „ხელოვნურად“ ახასიათებენ, 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებს სულაც არ უკავშირდება.

დამატებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული ღრუბლები სინამდვილეში არაბუნებრივი ფორმის სულაც არაა.

აღსანიშნავია, რომ ღრუბლები ფორმით და ზომით ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც მათი წარმოქმნისას არსებული განსხვავებული ბუნებრივი პირობებითაა განპირობებული.

მაგალითად, არსებობს სტრატოკუმულუსისა და ალტოკუმულუსის ფორმის ღრუბლები, რომლებიც საგრძნობლად ჰგავს შოვში გადაღებულ ფოტოზე გამოსახული ღრუბლების სახეობას. ამ ტიპის ღრუბლებმა შეიძლება წარმოქმნან მსუბუქი წვიმა, იშვიათ შემთხვევაში, ჭექა-ქუხილთან ერთად.

რაც შეეხება HAARP-ს, რომლის შესახებ კონსპირაციები მუდმივად ვრცელდება, სინამდვილეში, HAARP (ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა) არა იარაღი, არამედ ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა. პროგრამა იონოსფეროსთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად შეიქმნა, მათ შორის - იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ გავლენას ახდენს იონოსფერო სატელიტურ კომუნიკაციაზე, როგორ რეაგირებს იონოსფერო მზის აქტივობებზე და ა.შ.

იონოსფერო ატმოსფეროს ზედა ნაწილია, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 60-80 კილომეტრზე იწყება, 500 კილომეტრს აღწევს და მზის ულტრაიისფერი სინათლის საშუალებით იონიზებული (დადებითად დამუხტული) ატომებითა და მოლეკულებით შედგება. იონოსფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიო გადამცემებისთვის, რადგან რადიო სიხშირეები სწორედ იონოსფეროში აირეკლება, რაც შორ მანძილზე კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა. მაღალი სიხშირეებით სატელიტებთან რადიოკომუნიკაციაც იონოსფეროს გავლით ხდება.

რადიოკომუნიკაციისთვის იონოსფეროს ამგვარი მნიშვნელობის გამო 1993 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა HAARP-ის - იონოსფეროს შემსწავლელი დანადგარის, მშენებლობა დაიწყო. თავდაპირველად განსაკუთრებული აქცენტი სამოქალაქო და თავდაცვითი მიზნით კომუნიკაციებისა და სათვალთვალო სისტემების გასაუმჯობესებლად ატმოსფეროს ზედა ფენების შესწავლისა და გამოყენების მნიშვნელობაზე გაკეთდა. აშშ-ს საჰაერო ძალებთან კავშირის გამო, პროგრამას კონსპირაციულ თეორიებთან მუდმივად აკავშირებდნენ.

HAARP-ის შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელება მაშ შემდეგაც გააქტიურდა, რაც 2015 წლის 11 აგვისტოს კვლევითი დანადგარი აშშ-ის საჰაერო ძალებიდან ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.

პროგრამის მთავარი ნაწილი იონოსფერული კვლევის ინსტრუმენტია (IRI), რომელსაც იონოსფეროში 3.6 მეგავატის გამოსხივება შეუძლია. გადაცემის სიხშირეები კი 2.7-დან 10 MHz-მდე დიაპაზონში მერყეობს. რადიოტალღები იონოსფეროში ელექტრონების ტალღისებურ მოძრაობას იწვევენ, იზრდება მათი ტემპერატურა და იონოსფეროს კონკრეტულ რეგიონში ელექტრონების სიმკვრივე იცვლება. ამდენად, მეცნიერებს შეუძლიათ, შეისწავლონ როგორ რეაგირებს იონოსფერო ცვალებად პირობებზე.

HAARP რადიოტალღების მიერ მიღებული ეფექტი ბუნებრივი ურთიერთქმედებით მიღებულ ეფექტის მსგავსია. თუმცა ბუნებრივი მოვლენები შემთხვევითი და ძნელი დასაკვირვებელია. HAARP-ის საშუალებით კი მეცნიერებს შეუძლიათ გააკონტროლონ კვლევისთვის საჭირო მოვლენები და გამეორების საშუალებით დაადასტურონ დაკვირვებები. ამდენად, პროგრამის გადამცემები იყენებენ რადიოტალღებს, რათა დროებით იმოქმედონ იონოსფეროს შეზღუდულ არეალზე, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ბუნებაში ჩვეულებრივ ძნელად დასაკვირვებელი ფენომენები შეისწავლონ. IRI-ის გამოყენების შედეგად წარმოქმნილ პროცესებზე კონტროლირებადი გზით დაკვირვება საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უკეთ გააცნობიერონ პროცესები, რომლებიც მზის ბუნებრივი სტიმულაციის ქვეშ მუდმივად ხდება.

ვინაიდან HAARP ზემოქმედებს იონოსფეროზე, ეს ავტომატურად გამორიცხავს HAARP-ის გამოყენებით ამინდზე ზემოქმედებას, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში - ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება. HAARP-ის მიერ გადაცემული რადიოტალღების სიხშირის ტალღები არ შეიწოვება არც ტროპოსფეროში და არც სტრატოსფეროში. HAARP-ის მკვლევრების მიხედვით, ტექნოლოგიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე სახით ამინდზე მოახდინოს გავლენა, რადგან დიდი მასშტაბით ამინდის ცვლილება ხელოვნური ჩარევით შეუძლებელია. ამდენად HAARP-ს ამინდზე გავლენის მოხდენა - ღრუბლების ჩამოყალიბება, ქარიშხლის, შტორმის გამოწვევა და ა.შ., არ შეუძლია.

იონოსფეროში არსებული მზისგან წარმოქმნილი შტორმებიც კი დედამიწის ზედაპირის ამინდზე გავლენას ვერ ახდენს, ამდენად შეუძლებელია იონოსფეროში HAARP-ის მიერ ხელოვნურად წარმოქმნილმა პროცესებმა დედამიწის ზედაპირზე გავლენა იქონიონ.

დამატებით, HAARP-ს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ისეთ ბუნებრივ სტიქიურ უბედურებაზე როგორიცაა მეწყერი, რაც უმეტესად გეოლოგიური, მორფოლოგიური (მაგალითად ეროზია) და ანთროპოლოგიური ფაქტორებით ხდება. მეწყრის რისკები ასევე იზრდება ძლიერი წვიმის, მიწისძვრის, ვულკანის ამოფრქვევისასაც, რაც ფერდობებს არასტაბილურს ხდის. თუმცა ვინაიდან HAARP მხოლოდ იონოსფეროზე ზემოქმედებისა და კვლევის პროგრამაა, მას არა მხოლოდ მეტეოროლოგიურ პროცესებზე არ აქვს გავლენა, არამედ გეოლოგიური პროცესების წარმოქმნის ან სტიმულირების შესაძლებლობაც არ გააჩნია.

ამდენად მტკიცება, თითქოს HAARP-ს ამინდზე ზემოქმედება და ბუნებრივი კატასტროფების გამოწვევა შეუძლია, ყალბია.

„ფაქტ-მეტრმა“ HAARP-თან დაკავშირებული დეზინფორმაციული გზავნილები არაერთხელ გადაამოწმა. იხილეთ სტატია 1, 2, 3;

HAARP-თან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები ფაქტების გადამმოწმებელმა უცხოურმა ორგანიზაციებმა და მედიებმა არაერთხელ შეისწავლეს და გააბათილეს. იხილეთ: ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8;

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი