სოციალურ ქსელში მომხმარებელი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, პოსტს აქვეყნებს, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება. ავტორი აღნიშნავს, რომ ჩინეთის მხრიდან ვიზიტისას მას მხოლოდ ეკოლოგიის მინისტრი შეხვდა. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია მცდარია. ევროკომისიის პრეზიდენტს ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთანაც.
ევროკომისიის პრეზიდენტი პეკინში 5 აპრილს ჩავიდა. მასთან ერთად ჩინეთს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში სწორედ მაკრონის მიწვევით იმყოფებოდა. ევროკომისიამ თავიდანვე აღნიშნა, რომ არ მოხდებოდა მაკრონის ე.წ. „სახელმწიფო ვიზიტში“ ჩარევა, რაც ხსნის მათ ცალ-ცალკე ჩასვლას პეკინში და ოფიციალურ დახვედრას შორის განსხვავებასაც.
6 აპრილის განმავლობაში ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრემიერ ლი ქიანგს შეხვდა, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების საკითხები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, ორ მხარეს შორის ძლიერ ეკონომიკურ კავშირებსა და მათ მნიშვნელობას. მოგვიანებით, ევროკომისიის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრო, სადაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიცაა: რუსეთ-უკრაინის ომი და ჩინეთის პოლიტიკა ამ ომთან მიმართებით. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და სი ძინპინს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები კონპლექსურია და მასზე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები - როგორიცაა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, ახდენს გავლენას. „ჩინეთის პოზიცია ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი რუსეთს არ მიაწოდოს არანაირ სამხედრო აღჭურვილობას, პირდაპირ თუ ირიბად, რადგან ყველამ ვიცით, რომ აგრესორის შეიარაღება საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას“.
ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთში ვიზიტისას მხოლოდ მხოლოდ ეკოლოგიის მინისტრს შეხვდა, მცდარია. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელოვანი საფუძველი ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობის ხაზგასმა იყო, რაც უშუალოდ ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც გამოიკვეთა. ამავდროულად, პრეზიდენტ ლაიენისა და მაკრონის ვიზიტი, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის როლის მნიშვნელობას, ასევე ევროპასა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს გამოხატავს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.