18 ივნისს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მან გაავრცელა მტკიცება, რომ თურქეთში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მიერ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, მუდმივი ნეიტრალიტეტის აღიარებასა და უკრაინის სამხედრო პოტენციალის შემცირებას გულისხმობდა. პოსტში ასევე გაჟღერებულია მტკიცება, რომ ომის საწყის ეტაპზე რუსეთმა კიევის ალყა, სწორედ ამ შეთანხმების მიღწევის გამო მოხსნა. პოსტის ავტორი ეყრდნობა ვიდეოს მონაკვეთს, სადაც აფრიკის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი 2022 წლის მარტში თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრობს და ამბობს:
„როგორც იცით, თურქეთში მიმდინარეობდა მოლაპარაკებების მთელი სერია რუსეთსა და უკრაინას შორის [...] ნდობის გამომუშავება [სთან დაკავშირებით], მოლაპარაკებების ტექსტზე… ჩვენ უკრაინულ მხარესთან არ შევთანხმებულვართ, რომ ამ ხელშეკრულებას კონფიდენციალური სახე ექნებოდა, თუმცა ჩვენ არასდროს წარმოგვიდგენია ის და კომენტარი არ გაგვიკეთებია მასზე. ამ შეთანხმების პროექტი პარაფირებული იყო კიევის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ, მან თავისი ხელმოწერა დასვა - აი ის, ის არსებობს [აჩვენებს ქაღალდს]. ამგვარადვე იწოდება „შეთანხმება უკრაინის მუდმივ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე […] თვრამეტი პუნქტი, ამას გარდა, არის დანართი… ამაზე არც ვისაუბრებ… ის შეეხება ისეთ საკითხებს, როგორც შეიარაღებული ძალებს, ასევე სხვა საკითხებს, ყველაფერი გაწერილია საბრძოლო ტექნიკის ერთეულებიდან დაწყებული, შეიარაღებული ძალების შემადგენლობის ჩათვლით. აი დოკუმენტი, ის პარაფირებულია კიევის დელეგაციის მიერ, ხელმოწერა დასვეს. და მას შემდეგ, რაც ჩვენ დაპირებისამებრ კიევიდან გავიყვანეთ ძალები, როგორც ყოველთვის კიევის ხელისუფლებამ და მათმა უფროსებმა მოისროლეს ეს ყველაფერი ისტორიის სანაგვეზე. ასე აკურატულად და ვეცდები, ინტელიგენტურად გამოვხატო აზრი…“.
„ფაქტ-მეტრმა“ უკრაინის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტისა და შეიარაღების შემცირებაზე აღებული ვალდებულებების შესახებ გავრცელებული მტკიცებები გადაამოწმა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს მონაკვეთში პუტინი უკრაინული მხარის მიერ ხელშეკრულებაზე შეთანხმების კონტექსტში მხოლოდ დოკუმენტის პარაფირებაზე საუბრობს და არა ხელმოწერაზე. პარაფირება მხარე სახელმწიფოების წარმომადგენელთა ინიციალებით ხელშეკრულების ოფიციალურად ხელმოწერამდე ტექსტის ავთენტურობის დადასტურებაა. პარაფირების პროცედურა ამოწმებს, რომ მოცემული ტექსტი ხელშეკრულების საბოლოო შეთანხმებული ვარიანტია.
მსგავს განმარტებას იძლევა სახელშეკრულებო სამართლის შესახებ 1969 წელს ხელმოწერილი ვენის კონვენციაც, რომელიც პარაფირებას ხელშეკრულების ტექსტის ავთენტურობის დადგენის ერთ-ერთ საშუალებად აცხადებს. ამავე კონვენციით, მხარეების მიერ ხელშეკრულების სავალდებულო აღიარება ხელშეკრულების ხელმოწერით, დოკუმენტების გაცვლით, რატიფიკაციით, მიღებით, დამტკიცებით, მასთან მიერთებით ან შეთანხმების შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა საშუალებით ხდება. შესაბამისად, ჩვეულებრივ, ხელშეკრულების პარაფირება ხელშეკრულების გაფორმებას/სავალდებულოდ აღიარებას არ ნიშნავს.
მართალია, ამავე კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებს შორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, პარაფირებამ შესაძლოა, ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებისთვის საჭირო ხელმოწერის ფუნქცია შეითავსოს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო მედიაში რუსეთ-უკრაინას შორის თურქეთში მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ შეთანხმების ტექსტის მონახაზზე, სავარაუდო ვარიანტების შეთანხმებასა და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე კონცენტრირდებოდა. საერთაშორისო მედიაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის და უკრაინის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის აღიარების ვალდებულების აღების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ინფორმაცია არც ერთ მხარეს დაუდასტურებია.
შეთანხმების საბოლოო მიღწევაზე არ საუბრობს თავად პუტინიც. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „...შეთანხმების პროექტი პარაფირებული იყო კიევის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ...“ საიდანაც აშკარად ჩანს, რომ საუბარია არა ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტზე, არამედ შეთანხმების პროექტზე, ე.წ „draft“ ვერსიაზე, რომელიც 2022 წლის მარტის განმავლობაში ინტენსიურად მუშავდებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინამ მუდმივი ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ხელი მოაწერა და მასში გათვალისწინებული ვალდებულებები აიღო, თუმცა სინამდვილეში, მოლაპარაკებების უკრაინული მხარის ჯგუფის ხელმძღვანელმა დოკუმენტის გვერდებზე თავისი ინიციალები დოკუმენტის პარაფირებისთვის - შესაბამისად, მისი ავთენტურობის დასადგენად გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. 28 თებერვალს შეხვედრა ბელარუსში შედგა, რომელსაც 3 და 7 მარტს ბელარუს-უკრაინის საზღვარზე მოლაპარაკებების მომდევნო სერიის გამართვა მოჰყვა. მოლაპარაკებების მეოთხე და მეხუთე რაუნდი 2022 წლის მარტში თურქეთში გაიმართა. ამ მოლაპარაკებებზე მხარეები მართლაც მსჯელობდნენ იმ პირობებზე, რომლებიც პუტინმა თავის გამოსვლაში ახსენა.
14-17 მარტს თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა 15-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს, სადაც მხარეებმა პოზიციების დაახლოება შეძლეს.
„Financial times“-მა, რომელმაც 15-პუნქტიანი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე 5 წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია 16 მარტს პირველმა გამოაქვეყნა, უკრაინული და რუსული მხარეების მიერ შეთანხმების საწყისი ვარიანტის დეტალებს გაუსვა ხაზი. შეთანხმების საწყის ვარიანტში გამოყოფილი იყო პირობები, რომელთა შესრულებასაც ომის დასრულება შესაძლებელი უნდა გაეხადა.
შეიძლება ითქვას, რომ მარტში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის მოთხოვნები ომის დაწყებამდე და მისი დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ გაჟღერებულ ყველა მოთხოვნას მოიცავდა, მასში შედიოდა უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების უარყოფა, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მიღება და რუსული ენისთვის ლეგალური გარანტიების მიცემა. რასაც უკრაინაში უცხოური სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შესახებ და უკრაინული სამხედრო ძალების შეზღუდვის შესახებ დათქმები ემატებოდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე დიდ სირთულედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეთანხმება წარმოადგენდა, რადგან რუსეთი უკრაინის მიერ ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა, რასაც უკრაინა უარყოფდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს უნდა შეემუშავებინათ ყოვლისმომცველი შეთანხმება, რათა პუტინსა და ზელენსკის მასზე ხელმოწერა დაესვათ.
მოლაპარაკებები მარტის თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ლავროვი 28 მარტს ასევე აცხადებდა, რომ ძირითადი საკითხების გარკვევის შემდეგ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის გამართვა საჭირო იყო. თუმცა ომის დაწყებიდან დღემდე პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა არ გამართულა და მათ მიერ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ მომხდარა.
2022 წლის მარტის ბოლოს, მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ნეიტრალიტეტის აღიარებასა და NATO-სთან შეერთების სურვილის უარყოფაზე მზადყოფნა განაცხადა, თუმცა უკრაინის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხზე, რომელიც მათ შორის NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების უარყოფას მოიცავს, უკრაინაში რეფერენდუმის გამართვის პირობა წამოაყენა. ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის საბოლოოდ მიღწევა მხოლოდ მისი პუტინთან შეხვედრით შეიძლებოდა.
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე სამსჯელოდ ზელენსკიმ 22 მარტსაც გამოთქვა.
Reuters-ის თანახმად, უკვე 29 მარტს პირისპირ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ თავისი შეთავაზება წარმოადგინა. შეთავაზება კიევის მიერ მოსკოვისთვის სასურველი დათმობების სანაცვლოდ, რაც კიევის მიერ ნეიტრალიტეტის აღიარებას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების უარყოფას და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარს მოიცავს, კონკრეტული სახელმწიფოების მიერ კიევისთვის NATO-ს მე-5 პუნქტის მსგავსი კოლექტიური თავდაცვის გარანტიების გაცემას გულისხმობდა. უკრაინულმა მხარემ რუსეთის წარმომადგენლებს ანექსირებული ყირიმის საკითხის გადასაწყვეტად 15-წლიანი საკონსულტაციო პერიოდი შესთავაზა, დონბასის რეგიონის პრობლემა კი გეგმის მიხედვით უკრაინისა და რუსეთის ლიდერების მიერ საკითხის განხილვით უნდა აღმოფხვრილიყო.
თუმცა რადგანაც დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებისა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მოწესრიგებული არ იყო, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები ამ ტერიტორიებზე დროებით არ გავრცელდებოდა.
შეთავაზების პროექტის მიხედვით, უკრაინაში სამხედრო წვრთნების ჩატარება მხოლოდ გარანტორ ქვეყნებთან შეთანხმების შემთხვევაში მოხდებოდა, შეთანხმება კი ძალაში უკრაინაში რეფერენდუმის გამართვის, უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების ასახვის და უკრაინისა და გარანტორი ქვეყნების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ შევიდოდა.
შეთავაზება ასევე მოიცავდა პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრის გამართვას შეთანხმების ხელმოსაწერად, ან გადაუწყვეტელ საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
უკრაინის მხარის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებს ხელი არცერთ დოკუმენტზე მოუწერიათ და მათ მხოლოდ უკრაინული შეთავაზებები გააჟღერეს.
29 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის „კონსენსუსსა და ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს. მანვე აღნიშნა, „უფრო რთული“ საკითხები უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა განხილულიყო „საერთო მიდგომაში საბოლოო ცვლილებების შესატანად“, რის შემდეგაც დღის წესრიგში ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა იდგა.
ამავე დღეს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც უსაფრთხოების გარანტირების სანაცვლოდ ნეიტრალურ სტატუსის მიღებას მოითხოვდა, რეფერენდუმის საშუალებით უკრაინის მოსახლეობას უნდა დაედასტურებინა. გარანტორი ქვეყნების პარლამენტებისა და უკრაინის პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირება კი მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა.
როგორც ზემოთაა აღნიშნული, 29 მარტის მოლაპარაკებების დროს უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ, განაცხადა, რომ კიევის წარმომადგენლებს ხელი დოკუმენტებზე არ მოუწერიათ. დამატებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს არ შეხვედრიან და სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ომის არცერთ ეტაპზე მიუღწევიათ. მეტიც, სხვადასხვა შეთანხმების სამუშაო ვერსიაში გათვალისწინებული ნეიტრალური სტატუსის, ან უკრაინის კონსტიტუციაში შესატანი სხვა ცვლილებების შესახებ უკრაინაში რეფერენდუმი არ გამართულა და პარლამენტს რაიმე შეთანხმების რატიფიკაცია არ მოუხდენია. ამდენად, ომის საწყის ეტაპზე მოლაპარაკებები უშედეგოდ წარიმართა.
დამატებით, დავით არახამიას განცხადებით, ვერბალურად რუსული მხარე უკრაინულ შეთავაზებებს დაეთანხმა, თუმცა ყირიმთან დაკავშირებით, მათ ვერბალური თანხმობაც კი არ განუცხადებიათ, რაც მოლაპარაკებების პროცესის დაუსრულებლობასა და ერთ-ერთ ძირითად საკითხებზე შეუთანხმებლობაზე მეტყველებს. კერძოდ, სტამბოლის შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ კრემლმა ყირიმზე მოლაპარაკებების შესაძლებლობა კატეგორიულად უარყო. იმდროინდელ იტალიის პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან, სატელეფონო საუბრისას კი პუტინმა განაცხადა, რომ ჯერ ცეცხლის შეწყვეტისთვის ან ზელენსკისთან შეხვედრისთვის დრო სათანადოდ მომწიფებული არ იყო.
შეთავაზების ტექსტზე მხარეების მიერ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, უსაფრთხოების გარანტიებისა და დონბასისა და ყირიმის სტატუსის შესახებ საკითხი გადაუჭრელი რჩებოდა.
აპრილში უკრაინულმა მხარემ მოითხოვა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და გარანტორი ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს უსაფრთხოების გარანტირების პროცესში ჩართვა სურდა, რუსეთს გარანტორ ქვეყნად აღარ აღიქვამდა. რაც შეეხება ყირიმისა და დონბასის საკითხს, უკრაინელებმა მიუხედავად იმისა, რომ გააჟღერეს შეთავაზება ყირიმზე მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით, უარყვეს რაიმე ფორმით დონეცკისა და ლუჰანსკის „დამოუკიდებლობის“ ლეგიტიმაცია. ამის საპირისპიროდ, მოსკოვი ყირიმზე რაიმე დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას გამორიცხავდა და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას უსვამდა ხაზს. აპრილის ბოლოს კიევი უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნას უკვე დონეცკსა და ლუჰანსკზე ავრცელებდა.
საბოლოოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მარტში წარმართული მოლაპარაკებები 2022 წლის აპრილის დასაწყისში შეფერხდა, როცა 2 აპრილს ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ნაწილების გასვლის შემდეგ ადამიანთა მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. შედეგად ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის რუსეთთან მოლაპარაკებები რთული გახდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ მაინც განაცხადა.
საბოლოოდ, სერგეი ლავროვმა 7 აპრილს უკრაინული მხარის მიერ შეცვლილი ხელშეკრულების პროექტი წარდგენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, მარტის ბოლოს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინულმა მხარემ ცალსახად აღიარა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ყირიმსა და სევასტოპოლს არ დაფარავდა, უკრაინის მიერ 6 აპრილს წარმოდგენილი პროექტი კი ამ პოზიციას აღარ იზიარებდა. მეტიც, ყირიმის სტატუსის საკითხი, მისი თქმით, უკრაინული გეგმის მიხედვით პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე უნდა აღმოფხვრილიყო. ასევე ლავროვის თანახმად, უკრაინის შემოთავაზებაში უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების გამართვასთან დაკავშირებით არაორაზროვანი ჩანაწერი შეიცვალა და მათი გამართვა შესაძლებელი ხდებოდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ისე რომ რუსეთი ნახსენები არ იყო.
ლავროვის თქმით, უკრაინული მხარის მიერ წარდგენილი სამშვიდობო პროექტი ეწინააღმდეგებოდა სტამბოლში 29 მარტის შეხვედრაზე მიღწეულ ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც დოკუმენტში იყო გაწერილი და მასზე არახამიას ჰქონდა ხელი მოწერილი. ლავროვის მტკიცება ეწინააღმდეგება უკრაინული მხარის, კერძოდ, არახამიას მტკიცებას, რომ 29 მარტის მოლაპარაკებების დროს უკრაინის წარმომადგენლებს ხელი დოკუმენტებზე არ მოუწერიათ. რაიმე დოკუმენტზე საბოლოო შეთანხმებაზე ინფორმაცია არც ერთ მხარეს დაუდასტურებია და ლავროვიც დოკუმენტში მხოლოდ პრინციპების გაწერაზე მიუთითებს (ე.ი. არა საბოლოო დეტალური შეთანხმების) - შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ლავროვი ხელმოწერაში დოკუმენტის პარაფირებაზე მიუთითებს, რა დროსაც განხილული/შეთანხმებული დოკუმენტის ნამდვილობის დასადასტურებლად არახამია დოკუმენტზე მის ინიციალებს დასვამდა.
ლავროვის განცხადებით, მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე უკრაინული მხარე ჯარების გაყვანასაც მოითხოვდა და აშკარა იყო მათი გაგემა, რომ გააგრძელებდნენ პირობების წამოყენებას, რაც რუსული მხარისთვის მიუღებელი იყო.
ლავროვის თანახმად, უკრაინული პოზიციიდან გამომდინარე, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა დეესკალაციის მოქმედებები გაატარა კიევის და ჩერნიჰივის ოლქებში, როგორც კეთილი ნების ჟესტი, რათა ხელი შეეწყო შეთანხმებების მიღწევისათვის. ლავროვის აღნიშნული განცხადება საგულისხმოა, რადგან ის მიუთითებს, რომ ჯარების გაყვანა იყო კეთილი ნების ჟესტი და დეესკალაციის ღონისძიება, რომელიც გადაიდგა შეთანხმებების მიღწევის ხელშესაწყობად, რაც ეწინააღმდეგება პუტინის მტკიცებას, რომ ჯარების გაყვანა შეთანხმების შესასრულებლად განხორციელდა. ამ შემთხვევაში, ლავროვიც ადასტურებს, რომ შეთანხმება საერთოდ არ არსებობდა და ჯარების გაყვანის მიზანი მისი ხელშეწყობა იყო და არა შესრულება.
საბოლოოდ, უკრაინული გეგმა რუსულმა მხარემ უარყო. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ კიევის რეჟიმი ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ კონტროლდებოდა და ისინი პრეზიდენტ ზელენსკის ბრძოლის გაგრძელებისკენ უბიძგებდნენ, თუმცა, პროვოკაციების მიუხედავად, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს გააგრძელებდა რუსული სამშვიდობო პროექტის მიხედვით, რომელიც მკაფიო, თავდაპირველ და საკვანძო მოთხოვნებს სრულად მოიცავდა. შესაბამისად, ლავროვის განცხადებიდან ირკვევა, რომ რუსულმა და უკრაინულმა მხარემ ერთმანეთის სამშვიდობო პროექტებს შორის პოზიციების დაახლოება ვერ მოახერხეს, რაც, ლოგიკურად, შეთანხმების მიღწევას შეუძლებელს ხდიდა.
12 აპრილს პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. პუტინმა ფაქტობრივად გაიმეორა ლავროვის პრეტენზიები უკრაინასთან დაკავშირებით და თქვა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებებზე მხარეები გარკვეულ თანხმობამდე მივიდნენ, რომელიც გულისხმობდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ყირიმზე, სევასტოპოლსა და დონბასზე არ გავრცელდებოდა. მოგვიანებით კი, მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ სტამბოლში მიღწეული შეთანხმება დატოვა, რადგან სევასტოპოლისა და დონბასის საკითხები მოლაპარაკებების პროცესში დააბრუნა.
ცნობისთვის, მოსკოვმა ყირიმის ანექსია და დონბასის ნაწილის ოკუპირება 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის 21 თებერვალს კი თვითაღიარებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. ამდენად პუტინის განცხადება ნიშნავს,რომ მოლაპარაკებები ჩიხში უკრაინის მიერ საერთაშორისო სამართლით აღიარებული თავისივე ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაბრუნებამ შეიყვანა.
მოლაპარაკებების პროცესი ამ პერიოდში შეჩერდა, რაშიც ერთმანეთს ორივე მხარე ადანაშაულებდა. მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა იმ პერიოდში არანაირი ფორმით არ მართავდნენ მოლაპარაკებებს და კიევს პროცესიდან გასვლაში დასდო ბრალი. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ასევე ავრცელებდა ინფორმაციას მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან შეხვედრის სურვილს ამ პერიოდშიც გამოთქვამდა.
2022 წლის 26 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის შეთავაზების საპასუხოდ, რომელიც უკრაინას რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას ურჩევდა, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის წინაპირობად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დაასახელა. მანვე ომის დასრულების სანაცვლოდ, რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემა დიპლომატიური მოლაპარაკებებიდან გამორიცხა და განაცხადა, რომ უკრაინელები ამ მიწების დასათმობად მზად არ არიან.
2022 წლის 4 ოქტომბერს კი ზელენსკიმ დადგენილება გამოსცა და რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებლად გამოაცხადა. დადგენილება რუსეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ 4 რეგიონში ჩატარებული „რეფერენდუმების“ საფუძველზე მათ რუსეთთან მიერთებას მოჰყვა.
ამდენად, რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის მარტში მიმდინარე აქტიური მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ შემდგარა. აფრიკელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე პუტინის მიერ ნაჩვენები შეთანხმება ხელშეკრულების სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელზეც პუტინის მიხედვითვე ინიციალები უკრაინული დელეგაციის ლიდერმა დოკუმენტის პარაფირებისთვის - დოკუმენტის შინაარსის ავთენტურობის დასადასტურებლად, დაიტანა. შესაბამისად, წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, უკრაინას ომის საწყის ეტაპზე ნეიტრალიტეტისა და შეიარაღების შემცირების შესახებ ვალდებულებები ოფიციალურად არ აუღია. შესაბამისად, არც რუსეთს ექნებოდა კიევისა და მიმდებარე რეგიონებიდან ჯარების გაყვანის ვალდებულება აღებული.
რაც შეეხება რუსეთის მიერ კიევისა და მისი მიმდებარე რეგიონებიდან ჯარების გაყვანას, 29 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Telegram-არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მოსკოვი კიევისა და ჩერნიჰივის მიმართულებით სამხედრო აქტივობას რადიკალურად შეამცირებდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ფომინის, განცხადებით ეს მოლაპარაკებების დროს ორმხრივი ნდობისა და მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად მიმართული ქმედება იყო. 6 აპრილს მსგავსი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც გააჟღერა (ასევე იხილეთ ლავროვის ზემოთ განხილული განცხადება ამავე საკითხზე), როდესაც კიევიდან რუსული ჯარების უკრაინის აღმოსავლეთით გადაყვანა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის რუსეთის კეთილი ნების გამოხატულებად შერაცხა. აღნიშნული გარკვეულწილად ეწინააღმდეგება პუტინის მტკიცებას, რომ რუსეთმა კიევიდან ძალები დაპირებისამებრ და შეთანხმების მიხედვით გაიყვანა. პესკოვის განცხადება მიუთითებს, რომ იმ დროისთვის საბოლოო შეთანხმება არ არსებობდა, ხოლო მოლაპარაკებები კვლავ გრძელდებოდა. პესკოვის თანახმად, ჯარების გაყვანა მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო და არა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულება, ასევე არა ნაკისრი პასუხისმგებლობის შესრულება, არამედ კეთილი ნების გამოხატულება.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა თავისი ნაბიჯი კეთილგანწყობის ჟესტად წარმოადგინა, რუსეთის მიერ კიევისა და მიმდებარე რეგიონებიდან ჯარის გაყვანას თან უკრაინელების მიერ რუსული სამხედრო ნაწილებისთვის მიყენებული მძიმე დანაკარგები, ლოგისტიკური და ტაქტიკური წარუმატებლობა და რუსული არმიის გაუარესებული მორალური მდგომარეობა ახლდა. შედეგად, რუსული ძალები გაჭედილები იყვნენ საწყის ეტაპზე მიღწეულ პოზიციებზე და პროგრესს ვეღარ ახერხებდნენ. მარტის მეორე ნახევარში უკრაინულ ძალებს კიევთან რუსული საჯარისო დანაყოფების წინააღმდეგ კონტრშეტევა ჰქონდათ დაწყებული, ხოლო რუსეთის არმიის თავდასხმების ინტენსივობა იკლებდა. ამ პერიოდში უკრაინამ მოახერხა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებების დაკავება.შესაბამისად, რუსულმა არმიამ კიევის ბრძოლაში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, პროგრესს ვეღარ ახერხებდა და დაბალი მორალის ფონზე უკრაინის კონტრშეტევის მოგერიება უჭირდა - ეს კი მიუთითებს, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით, კიევთან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და უკან დახევა მათთვის ლოგიკური გამოსავალი იყო შემდგომი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად. აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ კიევისა და მიმდებარე რეგიონებიდან ჯარების გაყვანა კეთილი ნების ჟესტად ან შეთანხმებით ნაკისრი პასუხისმგებლობის გამო ალყის მოხსნად ვერ შეფასდება, როგორც ამას რუსული მხარე ამტკიცებს და ირაკლი ზაქარეიშვილი იმეორებს.
უკრაინული მხარე ისევე, როგორც დასავლელი დიპლომატები და ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ეს სვლა არა კეთილი ნების გამოხატულება, არამედ ცალკეული ქვედანაყოფების როტაცია იყო, რაც მიზნად მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას ისახავდა. რუსეთის მიერ კიევის მისადგომებიდან გასვლა არა ჯარების გაყვანად, არამედ სამხედრო ძალების აღმოსავლეთ უკრაინაში გადაჯგუფებად შეაფასა პენტაგონმაც. აღნიშნული შემდგომ ბრძოლის ველზეც გამოიხატა - რუსეთმა გაყვანილი ძალები უკრაინის აღმოსავლეთში გადაისროლა და შეტევითი ოპერაციები შემდგომ პერიოდში ამ მიმართულებით გააგრძელა.
ირაკლი ზაქარეიშვილის პოსტში ასევე ნახსენებია, რომ ვლადიმერ პუტინმა კიევისთვის ალყის მოხსნის მიზეზების თაობაზე ისაუბრა. თუმცა რეალურად, ომის არც ერთ მონაკვეთში კიევი სრულ ალყაში არ ყოფილა და კიევის მომარაგების გზები არსებობდა, რადგან რუსულმა არმიამ ქალაქის ყველა მხრიდან ბლოკირება ვერ მოახერხა. ამდენად, ირაკლი ზაქარეიშვილის გავრცელებული ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენს.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.