საქართველოს მთავრობა: მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: პროგრამით 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 720-ის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროგრამის მიმდინარეობის 1.5-წლიან პერიოდში, მხოლოდ 2 სკოლის მშენებლობა დასრულდა, 7 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, 52 სკოლა კი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზეა, რისთვისაც ექვსთვიანი პერიოდია განსაზღვრული. უშუალოდ სკოლების სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ხანგრძლივობა 2 წელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაგეგმილი სკოლების აშენებას უკეთეს შემთხვევაში, სულ მცირე 2.5 წელი დასჭირდება. თუმცა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თითქმის არც ერთი პროექტი არ დასრულებულა და უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის ვადების გახანგრძლივება ხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში 21 203 მოსწავლეა სკოლის გარეშე დარჩენილი და სხვა, ახლომდებარე სკოლებში გადანაწილებული, რაც დისკომფორტის გარდა სწავლის ხარისხზეც აისახება, რადგან გაკვეთილების ხანგრძლივობა არის შემცირებული. ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხა ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია დროულად განხორციელდეს.
რადგან პროექტის შინაარსი გადაჭარბებულ მოლოდინს აჩენს (თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროგრამები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და თვითონ „ქართული ოცნების“ დროსაც მიმდინარეობდა) და ამასთანავე, პროექტები დროში გაწელილად მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს მთავრობამ „ანგარიში 2023“ -ის ფარგლებში ფეისბუქ-პოსტი გაავრცელა, სადაც სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტზე არის საუბარი და აღნიშნულია: „მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი“.
ოფიციალური ინფორმაციით, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი 2022-2026 წლებში განხორციელდება და ჯამში 80 სკოლა აშენდება და 720-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.
თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტის შინაარსობრივი აღწერა - „800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს“, მანიპულირების ელემენტებს შეიცავს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროგრამის ფარგლებში ასეულობით სკოლის მშენებლობა იგეგმება. სინამდვილეში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტით 80 სკოლის აშენებაა გათვალისწინებული, 720 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით (იხილე: სტატია), 2009-2012 წლის შუალედში სააგენტოს მიერ 16 ახალი სკოლის მშენებლობა განხორციელდა, ხოლო რეაბილიტაცია 900-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება 2013-2021წწ. პერიოდს, ამ დროის განმავლობაში სააგენტოს მიერ 57 ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ამავე პერიოდში 140-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის არსებული პროგრამა უპრეცედენტოდ ვერ ჩაითვლება.
800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. მიმდინარე წელს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 193 593 000 ლარი არის გათვალისწინებული. გასულ წელს ამავე მიზნით 88 269 207 ლარი იყო გამოყოფილი. შესაბამისად, ორწლიან პერიოდში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ჯამში 281 862 207 ლარი უნდა დაიხარჯოს (შემდგომ სამ წელში პროგრამის დაანონსებული მილიარდიანი ბიუჯეტიდან დაახლოებით 718 137 79 ლარი დარჩება დასახარჯი).
სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს 2 საჯარო სკოლის (ქალაქ თბილისის N86 და ტყიბულის N7) მშენებლობა დასრულდა, სამი საჯარო სკოლის (ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის, ქალაქ თბილისის N102 და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის) სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ამასთანავე, 145 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდა, უკვე დაწყებულია 7 საჯარო სკოლის მშენებლობა და 17 სკოლის სრული რეაბილიტაცია (კახეთის 10, შიდა ქართლის რეგიონის სამ, ქუთაისის სამ და ქალაქ ონის ერთ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს).
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, ამ პერიოდის განმავლობაში, სამშენებლო სამუშაოები ექვს საჯარო სკოლაში (თბილისის N138 საჯარო სკოლა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა, გორის N11 საჯარო სკოლა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა) მიმდინარეობს, ორ საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა (თბილისის N171 საჯარო სკოლა და რუსთავის N22 საჯარო სკოლა), ორ საჯარო სკოლაში (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის საჯარო სკოლა) კი აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეა.
გარდა აღნიშნულისა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს რეგიონებში დიზაინ ბილდის კონცეფციის ფარგლებში 52 საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 5-6 კალენდარული თვეა განსაზღვრული, რაც მიმდინარე ხელშეკრულებების შემთხვევაში, აგვისტო-სექტემბერს გულისხმობს, ხელშეკრულება 150 სკოლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლადაც არის გაფორმებული. ამ შემთხვევაში სამუშაოების წარმოება 18-24 თვეში უნდა დასრულდეს.
საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის 2022-2023 წლის სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი1: სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 2022-2023 წლებში
წყარო: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, 2022-2023 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 სკოლაა აშენებული, 7 სკოლის მშენებლობა დაწყებულია, 52 სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. რაც შეეხება რეაბილიტაციას, 150 სკოლის სრული/ ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულებულია, 150 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე დადებულია. შესაბამისად, ამ პროგრამის ფარგლებში, 3.5 წელიწადში 71 სკოლის მშენებლობა და 553-ის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, რაც ადვილად შესასრულებელი ამოცანა არ ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ სკოლის მხოლოდ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას 6 თვე სჭირდება, ხოლო უშუალოდ სამშენებლო ან სარეაბილიტაციო სამუშაოებს - მინიმუმ, 18 თვე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების ვადების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაშიც, რაც ქართულ სინამდვილეში თითქმის წარმოუდგენელია, უკვე დაკონტრაქტებული სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2022-2023 წლებში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა დიზაინ ბილდინგის კონცეფციით სკოლის შენობების პროექტირების შესყიდვას უკავშირდება.
სკოლის მშენებლობებთან დაკავშირებული სხვა ტენდერების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილებაა შესული, რაც ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების კორექტირებას და დასრულების ვადების გახანგრძლივებას უკავშირდება. რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ:
ქალაქ გორის N11 სკოლის მშენებლობის ტენდერი (NAT220016557) შპს „ენენ ჯგუფმა“ მოიგო, რომლის საბოლოო ღირებულება 10 980 055 ლარი იყო. ხელშეკრულება 2022 წლის სექტემბერში გაფორმდა. თუმცა მოგვიანებით, იმის გამო რომ თავდაპირველად წარდგენილი პროექტი შეიცვალა, ხელშეკრულების ვადის ათვლა 2022 წლის სექტემბრის ნაცვლად, 2023 წლის ივნისიდან დაიწყო. საბოლოოდ, ხელშეკრულების ვადად 2024 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2025 წლის ივნისი განისაზღვრა.
თბილისის N138 სკოლის მშენებლობის ტენდერი (NAT220001674) კომპანია „ბალავარმა“ მოიგო. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 9 120 0158 ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით, ხელშეკრულების ღირებულება 358 315 ლარით გაიზარდა, ასევე, პროექტის დასრულების ვადამ 47 კალენდარული დღით გადაიწია - 2023 წლის 25 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის სკოლის მშენებლობას (NAT210014795) კომპანია „მტმ“ ახორციელებდა. ხელშეკრულების ღირებულება 1 536 877 ლარი იყო. ხელშეკრულების შეწყვეტა თვითონ კონტრაქტორმა კომპანიამ მოითხოვა, რის საფუძველიც ის გახდა, რომ სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი გაჭიანურდა, მშენებლობის დაწყების დრომ გადაიწია და ამ პერიოდში სამშენებლო მასალის ფასები გაიზარდა, აქედან გამომდინარე, კონტრაქტორი ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხაში მშენებლობას ვერ განახორციელებდა.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიულ ფართებში 21 203 მოსწავლეა გადაყვანილი, რაც მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ერთგვარი დისკომფორტია და ამასთანავე, შემცირებული გაკვეთილების ხანგრძლივობის გამო, სწავლის ხარისხზეც აისახება.
საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის 2022 წელს 33 837 650 ლარი იყო გათვალისწინებული, 2023 წელს ამავე მიზნით 45 053 243 ლარია გამოყოფილი. ზუსტად რა რაოდენობის თანხა იხარჯება ალტერნატიულ სკოლებში გადაყვანილი მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის, ცალკე მითითებული არ არის (არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 13 მლნ), თუმცა აღნიშნული ბიუჯეტისთვის რომ დამატებითი ტვირთია, ფაქტია.
რადგან პროექტის შინაარსი გადაჭარბებულ მოლოდინს აჩენს და ამასთანავე, პროექტები დროში გაწელილად მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.