მიხეილ ჩხენკელი: სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ ჩხენკელის განცხადება არის მეტწილად მცდარი
რეზიუმე: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბათუმში ორი სკოლა - მე-3 და მე-6, დაინგრა. მე-6 სკოლის ტერიტორია (რუსთაველის ქ.#30) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შპს Tam Geo-ს საკუთრებაში 2012 წელს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1.5 მილიონ აშშ დოლარად გადასცა. კომპანიას 47-სართულიანი „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, თუმცა მშენებლობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მოგვიანებით, 2019 წლის აპრილში მშენებარე პროექტი „ბაბილონ თაუერი“ 24 მილიონ 990 000 ლარად გაიყიდა. პროექტი „ემ სი ქონსთრაქშენმა“ იყიდა.
ორი სკოლის დანგრევის ფაქტს ბათუმში ადგილი ნამდვილად ჰქონდა. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2009-2012 წლებში, იგივე „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, საქართველოში 16 ახალი სკოლა აშენდა და რეაბილიტაცია 900-მდე სკოლას ჩაუტარდა. მინისტრის განცხადება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ნაციონალები სკოლებს მხოლოდ ანგრევდნენ, რაც ცალსახად არასწორია. აქედან გამომდინარე, მიხეილ ჩხენკელის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ანალიზი
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბათუმში სტუმრობისას „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს სკოლების მშენებლობაზე ისაუბრა და პარალელურად, წინა ხელისუფლება სკოლების დანგრევაში დაადანაშაულა. „სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებს აშენებს, აკეთებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, შესაბამისობაში მოჰყავს ევროპულ სტანდარტთან“,- განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჩვენ განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან 2003-2012 და 2012-2021 წლებში აშენებული, რეაბილიტირებული და დანგრეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სკოლების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საჯარო ინფორმაცია 2009 წლიდან მოგვაწოდა, რადგან დასახელებული სსიპ-ი აღნიშნულ წელს შეიქმნა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2009-2012 წლის შუალედში სააგენტოს მიერ 16 ახალი სკოლის მშენებლობა განხორციელდა, ხოლო რეაბილიტაცია 900-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა.
რაც შეეხება 2013-2021წწ. პერიოდს, ამ დროის განმავლობაში სააგენტოს მიერ 57 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ამჟამად 4 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამავე პერიოდში 140-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, მათ შორის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების“ სააგენტოს მიერ სრულად 91, ნაწილობრივ კი 1800-მდე სკოლა რეაბილიტირდა.
გარდა ამისა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
66 სკოლის მშენებლობასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი დამატებით შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობას ახორციელებს.
სკოლების დანგრევასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად, სააგენტოდან გვაცნობეს, რომ სკოლების ძირითადი აქტივის - შენობა-ნაგებობის, ბალანსიდან ჩამოწერისა და დემონტაჟის პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის საკითხი მათი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.
ჩვენ ღია წყაროებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში (2003-2012) სკოლის დანგრევის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შევეცადეთ. ერთადერთი ინფორმაცია რაც მოვიძიეთ, არის ის, რომ 2010-2011 წლებში ბათუმში ორი საჯარო სკოლა - მე-3 და მე-6, დაინგრა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მე-6 სკოლის კუთვნილი ტერიტორია (რუსთაველის ქ.# 30), 3542 კვ/მ 2012 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შპს „Tam Geo“-ს მიყიდა, 2019 წლის ივნისიდან აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე უკვე შპს „ემ სი ქონსთრაქშენია“.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს Tam Geo-ს საკუთრებაში 2012 წელს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1.5 მილიონ აშშ დოლარად გადაეცა. კომპანიას 47-სართულიანი „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ვერ შეასრულა და მშენებლობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 2019 წლის აპრილში მშენებარე პროექტი „ბაბილონ თაუერი“ 24 მილიონ 990 000 ლარად გაიყიდა. პროექტი „ემ სი ქონსთრაქშენმა“ იყიდა.
აუქციონით განსაზღვრული პირობების მიხედვით, ახალი მფლობელი ყველა იმ ვალდებულებას აიღებს, რასაც უკვე ყოფილ მეპატრონეს, Tam Geo- ს, აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.
ჩვენ ბათუმში დანგრეულ სკოლებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მოპოვებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესურსცენტრისგან შევეცადეთ. მისმა ხელმძღვანელმა გოჩა დავითიძემ მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბათუმში ორი სკოლა - მე-3 და მე-6, დაინგრა. სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ „დიახ ასე იყო, ისინი [ნაციონალები] ანგრევდნენ, ჩვენ[ოცნება] ვაშენებთ“.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აჭარის განათლების სამინისტროში გაჩნდა იდეა, რომ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი კორპუსი აშენებულიყო. 2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტმა, აჭარის ბიუჯეტის განხილვის დროს, დააყენა ახალი კორპუსის მშენებლობის საკითხი.
2019 წლის ზაფხულში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მე-6 სკოლის ახალი კორპუსის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია „ალოგატორ პროვაიდერ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების ღირებულებამ 2.9 მლნ ლარი შეადგინა და ის ძალაში 2021 წლის 31 დეკემბრამდეა.
განხილული მასალის მიხედვით, 2010-2011 წლებში აჭარაში ორი სკოლა მართლაც დაინგრა (დანგრეული მე-6 სკოლის ტერიტორიაზე „ბაბილონ თაუერი“ შენდება). თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2009-2012 წლებში საქართველოში 16 ახალი სკოლა აშენდა და 900-მდე სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მინისტრის განცხადება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ნაციონალები სკოლებს მხოლოდ ანგრევდნენ, რაც ცალსახად არასწორია. აქედან გამომდინარე, მიხეილ ჩხენკელის განცხადება არის მეტწილად მცდარი.