სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4),პოსტს ავრცელებს აღწერით: „სტოლტენბერგი: «ჩვენ შეგვიძლია უკრაინა ნატო-ში დღესაც მივიღოთ, მაგრამ პირველ რიგში მან უნდა დაამარცხოს რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რათა ჩვენი ნდობა დაიმსახუროს»“. რეალურად, იენს სტოლტენბერგის აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი განცხადება არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება.უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასა და მიმდინარე ომზე იენს სტოლტენბერგმა შემდეგი განცხადებაგააკეთა: „კიევში მე გუშინ ვთქვი, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია და ნატოს ყველა მოკავშირე ამაზე შეთანხმდა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. მაგრამ მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, არის იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება უკრაინას წინსვლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მაგრამ მთავარი ფოკუსი ახლა არის იმაზე, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ომი, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რადგან სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე წევრობაზე საუბარს აზრი არ აქვს“.
აღნიშნულ განცხადებაში ჩანს, რომ იენს სტოლტენბერგი ყველაზე დიდ მნიშვნელობას უკრაინის მხარდაჭერას ანიჭებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება. მეორე მხრივ, ეს გულისხმობს პუტინის მარცხს უკრაინაში. ამასთანავე, რათა უკრაინა გახდეს ნატოს წევრი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, სუვერენიტეტი შეინარჩუნოს და მიმდინარე ომში გაიმარჯვოს.
მტკიცება, რომ ნატო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად უკრაინას რუსეთის, ჩინეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის დამარცხებას ავალდებულებს, იენს სტოლტენბერგის სიტყვებში არ იძებნება. აღნიშნული დეზინფორმაცია, ნონა შარაბიძის პოსტის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, 11 ივლისს, რუსულ სოციალურ ქსელში -VK, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რუსული მედიის - RT, პოსტის კომენტარებში გააჟღერა. აღნიშნული კომენტარის და ნონა შარაბიძის პოსტის გარდა, ინტერნეტსივრცეში არ მოიძებნება წყარო, რომელიც ზემოხსენებულ განცხადებას დაადასტურებს.
ვილნიუსის სამიტის შედეგად, ნატო უკრაინას დამატებითი შეიარაღების, საბრძოლო მასალის და სხვა სახის დახმარებას დაჰპირდა. ამავდროულად, შეიქმნა ახალი ნატო-უკრაინის საბჭო, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობებს უფრო მჭიდროს გახდის და კრიზისულ სიტუაციებში მოლაპარაკებების შესაძლებლობას შექმნის. რაც ყველაზე მთავარია, ვილნიუსის სამიტის შედეგად, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება - წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე MAP-ის შესრულება, მოეხსნა.
შესაბამისად, სტოლტენბერგის განცხადება, თითქოს უკრაინამ ნატოში გასაწევრიანებლად და ნდობის მოსაპოვებლად - რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა უნდა დაამარცხოს, სანდო წყაროებით არ დასტურდება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.