სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში, ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4), ბილბორდის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც წერია: „აშშ ყველა მამაკაცს აქვს ორსულობის უფლება, მხარი დაუჭირეთ რეპროდუქციულ თავისუფლებას“. „აი, ესაა რუსოფობ-პიდარასტების საყვარელი ამერიკა!“,- წერია Facebook- პოსტში. რეალურად, აღნიშნული ბილბორდი სატირული შინაარსის პოლიტიკური რეკლამების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზაცია „Citizens for Sanity“-ის მიერ არის შექმნილი.

„Citizens for Sanity“ (მოქალაქეები საღი აზრისთვის) წარმოადგენს კონსერვატიულ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2022 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა სტივენ მილერმა შექმნა. „Citizens for Sanity“-ს მისია მათ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი: „საღი აზრის დაბრუნება ამერიკაში, ლოგიკისა და გონიერების მნიშვნელობის ხაზგასმა, „ვოუქიზმისა“ და ანტიკრიტიკული აზროვნების იდეოლოგიების დამარცხება, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი ქვეყნის ყველა სექტორი და საფრთხეს უქმნის იმ თავისუფლებებს, რომლებიც ამერიკული ოცნების საფუძველს წარმოადგენს“.

სწორედ პოლიტიკური რეკლამების სერიიდანაა Facebook-ის ანგარიშის მიერ გაზიარებული ბილბორდი: „ყველა მამაკაცს აქვს ორსულობის უფლება, მხარი დაუჭირეთ რეპროდუქციულ თავისუფლებას“,- წერია ბანერზე.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის პოლიტიკური რეკლამები ძირითადად დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული (იხილეთ ფოტოები):

აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული რეკლამები ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელების კუთხით. მაგალითად, ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „Politifact“-მა გადაამოწმა „Citizens for Sanity“-ის მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი და დემოკრატები უკრაინას ქონებას უგზავნიან, მაგრამ არაფერს - მათ შვილებს. „Politifact“ წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია: „2021 ფისკალურ წელს აშშ-ს ბავშვებზე დანახარჯები შვიდჯერ აღემატებოდა უკრაინის ომის ფედერალურ ხარჯებს“.

ორგანიზაციამ „Citizens for Sanity“ ასევე გაავრცელა ანტიიმიგრაციულ რეკლამა, რომელიც მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. „ვის უშვებს ჯო ბაიდენი ჩვენს ქვეყანაში?“ ვიდეოში ნათქვამია, რომ ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ აშშ-ში შესვლის ნება მისცა კრისტოფერ პუენტეს, მამაკაცს, რომელსაც ბრალი ედებოდა 2020 წელს 3 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში. მაგრამ, როგორც ირკვევა, პუენტე წლების განმავლობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამდეც, იმყოფებოდა აშშ-ში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „Citizens for Sanity“-ის გუნდში მილერის გარდა - ტრამპის ადმინისტრაციიდან, სხვა თანამშრომლებიც არიან ჩართულნი.

ამდენად, Facebook-ის მომხმარებელი აღნიშნული სატირული ბილბორდის გაზიარებით და წარწერით: „ესაა რუსოფობ-პიდარასტების საყვარელი ამერიკა“, ანტიამერიკული ნარატივის გავრცელებას ცდილობს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.