ზაურ ახვლედიანი:მეხუთე წელიწადია, დირექტორი ვარ, არ გაზრდილა მოცულობაში, არ დანგრეულა და მის ადგილას არ აშენებულა კორპუსი.
ვერდიქტი: ზაურ ახვლედიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი
რეზიუმე: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე ობიექტის გარეგნული დათვალიერებითა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ამ ობიექტების შესახებ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ, მინიმუმ, სამ მისამართზე: მამედ აბაშიძის №9-ში, მამედ აბაშიძის №40-სა და იაკობ გოგებაშვილის №14-ში არსებულ ძეგლებს სართულები დააშენეს. ეს ნიშნავს, რომ ძეგლების მოცულობა გაიზარდა, სახე იცვალა, ერთ შემთხვევაში კი ძეგლის ადგილას ახალი ობიექტი აშენდა. ყველა ნებართვაზე ზაურ ახვლედიანის ხელმოწერაა.
რაც შეეხება ძეგლის ადგილას კორპუსის ჩადგმას, ახვლედიანის ხელმძღვანელობის პერიოდში გაცემულია ნებართვები „ამბასადორის“ მშენებლობასა და სართულების დამატებაზე. ობიექტი შენდება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. რაც შეეხება კონკრეტულად ძეგლის დანგრევის/დემონტაჟის ნებართვას, ახვლედიანის დირექტორობის პერიოდში არ გაცემულა. ამდენად, ზაურ ახვლედიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი. ეს ნიშნავს, რომ განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო, სხვა შთაბეჭდილება მოეხდინა.კერძოდ, ზაურ ახვლედიანის განცხადების კონტექსტი გულისხმობს, რომ აღნიშნული ობიექტების სახეცვლილება მისი დირექტორობის დროს არ დაწყებულა. თუმცა ფაქტია, რომ სწორედ მის მიერ ხელმოწერილი ნებართვებით, ძეგლების სახეცვლილების პროცესი გაგრძელდა.
ანალიზი: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა განაცხადა: „არც ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, დაახლოებით, მეხუთე წელიწადია, დირექტორი ვარ, არ გაზრდილა მოცულობაში, არ დანგრეულა და მის ადგილას არ აშენებულა კორპუსი“.
განცხადების ავტორი საუბრობს პერიოდზე, როცა სააგენტოს თვითონ ხელმძღვანელობს. ამიტომ სააგენტოსგან 2018 წლის აგვისტოს შემდეგ გაცემული ნებართვები გამოვითხოვეთ. პასუხებზე დაყრდნობით, რამდენიმე მისამართზე არსებული ძეგლების რეალურ მდგომარეობას გაგაცნობთ. ჩვენ ეს ობიექტები პირადად მოვინახულეთ და ფოტოებიც გადავუღეთ.
აბაშიძის ქ. №9-ში მდებარე უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სახლზე მანსარდული სართულის დაშენების ნებართვის თხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოქალაქემ 2020 წლის ოქტომბერში მიმართა. ამ დროს მას უკვე მშენებლობა დასრულებული ჰქონდა. სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის ბრძანებაში დანართი 1 აღნიშნულია, რომ მესაკუთრემ სართული ნებართვის გარეშე დააშენა, რის გამოც 20 000 ლარით დაჯარიმდა. მან სააგენტოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, დაშენებული მანსარდული სართულის დემონტაჟი ძეგლს დააზიანებდა. ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს დირექტორმა იხელმძღვანელა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 112-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. დაეყრდნო რა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის შესაბამის მუხლებს, სააგენტომ უკვე დაშენებული მანსარდის მოწყობის ნებართვა გასცა.
ბათუმი, აბაშიძის ქ. №9, ავტორის ფოტო
2022 წლის 29 ივნისს მფლობელმა სააგენტოს მანსარდული სართულის შევსების სამუშაოების ნებართვა სთხოვა. სააგენტომ ახალი სანებართვო მოწმობა იმავე წლის 8 სექტემბერს გასცა. დანართი 2. როგორც გვახსოვს, თავის დროზე მანსარდული სართულის დემონტაჟი იმიტომ არ განხორციელდა, რომ ძეგლი დაზიანდებოდა. სამაგიეროდ, მფლობელს ახალი სამუშაოების წარმოების ნებართვა მიეცა. 2023 წლის მარტში მან სააგენტოსგან სამუშაოების ვადის გაგრძელების ნებართვა ითხოვა. მიმდინარე წლის 8 მაისის ბრძანებით დანართი 3, სააგენტომ მოქალაქეს საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებებისა და ვადის გაგრძელების უფლება მისცა. ეს ნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ზემოქმედება გრძელდება. სამივე ბრძანებას ხელს ზაურ ახვლედიანი აწერს.
გოგებაშვილის ქ. №14-ში მდებარე ძეგლის რეაბილიტაციის ნებართვა 2021 წლის 1 დეკემბერს გაიცა. დანართი 4. სამუშაოების ხანგრძლივობა ერთი წლით განისაზღვრა. 2022 წლის აპრილში მოქალაქემ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელების უფლება ითხოვა, რაზეც 6 ივნისს სააგენტოსგან თანხმობა მიიღო. დანართი 5 ბრძანებიდან ვიგებთ, რომ ძეგლის აივნის ფართობი იზრდება, ხოლო შენობის სიღრმეში შემინული კონსტრუქცია ეწყობა. სააგენტო წერს, რომ ნებართვის გაცემისას, სახელოვნებათმცოდნეო დასკვნას დაეყრდნო. იმავე წლის ოქტომბერში მაძიებელმა პროექტში ცვლილება და ვადის გაგრძელება კიდევ ერთხელ მოითხოვა. 15 ნოემბერს სააგენტომ ახალი სანებართვო მოწმობა გასცა. დანართი 6. სააგენტოს კიდევ ორი ბრძანება აქვს გამოცემული. დანართი 7 და დანართი 8. ორივე დოკუმენტი მოქალაქეს საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების ნებას რთავს.
გოგებაშვილის ქ. №14, ცვლილებამდე, შოთა გუჯაბიძის ფოტო
გოგებაშვილის ქ. №14, ახლანდელი მდგომარეობა, ავტორის ფოტო
როგორც ფოტოზე ჩანს, აღნიშნული ძეგლის მოცულობაც იზრდება.
მთლიანად იცვალა სახე აბაშიძის ქ. №40-ში მდებარე ობიექტმა. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი 2018 წლის მარტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა, თუმცა ხელშეკრულებაში ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენის ვალდებულება არ ჩადო. მოგვიანებით, ობიექტის რესტავრირების საკითხით საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდა.
მემედ აბაშიძის ქ. №40, ცვლილებამდე, „ბათუმელების“ ფოტო
სამუშაოების პროექტი სააგენტოს ზაურ ახვლედიანის დანიშვნამდე წარედგინა. ამდენად, პირველად ნებართვა გაცემულია 2018 წლის ივლისში. 2019 წლის 19 ნოემბერს კი მფლობელმა სააგენტოს სანებართვო პირობების ცვლილების თხოვნით მიმართა, რაზეც ერთ თვეში თანხმობა მიიღო. დანართი 9 ბრძანებას ხელს აწერს ზაურ ახვლედიანი. ორი წლის შემდეგ მესაკუთრემ ცვლილებები ისევ მოითხოვა. ზაურ ახვლედიანის ბრძანებით, დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდა. დანართი 10.
მემედ აბაშიძის 40, შენობის ახლანდელი სახე, ავტორის ფოტო
როგორც აღვნიშნეთ, სამივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სამივე სახეცვლილია, მათ შორის, გაზრდილია ობიექტების მასშტაბებიც. ამდენად, ზაურ ახვლედიანის განცხადება, რომ არც ერთი ძეგლი არ დანგრეულა და მასშტაბებში არ გაზრდილა, არის მცდარი.
განცხადებაში ზაურ ახვლედიანი ახსენებს კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს. ბათუმში მოქმედი ორგანიზაცია „ბათომი“ აქტიურად აპროტესტებს ურბანული მემკვიდრეობის ხელყოფას. „ფაქტ-მეტრი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელს, შოთა გუჯაბიძეს, დაუკავშირდა და საკითხთან დაკავშირებით, მისი მოსაზრება ჩაწერა. „ეგაა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. მათ დანერგეს აზრი, რომ თუ შენობა ძეგლი არაა, აუცილებლად უნდა დაინგრეს. ამ სააგენტოს, საერთოდაც, ჰქვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და არა - კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის დაცვის სააგენტო. ჩვენს ძირითად კანონსაც ჰქვია „საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“. თუ განაშენიანება არის, მინიმუმ, ასი წლის ხანდაზმულობის, ე. ი., მას კანონი იცავს. მისი დანგრევა არ შეიძლება. „დაცვა“ და „დანგრევა“ ანტონიმებია, ამას „ქართული ოცნების“ გასაგონად ვამბობ.
ამ შენობას [ყოფილი ჩაის სახლი] აქვს ძეგლის სტატუსი და ორი სართული დააშენეს. ახლაც მიმდინარეობს მშენებლობა. მიშას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დააშენეს, რაც არ შეიძლებოდა. იმათ საშინელება ჩაიდინეს, ამათ უარესი ქნეს. ამ შენობებზე ლურსმნის მიჭედებაც არ შეიძლება, კანონი არ გაძლევს ამის უფლებას. ამაზე რომ ნებართვას გასცეს, იმ ადამიანს პირდაპირ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩემს დროს, როცა მე [ძეგლების] საბჭოში ვიყავი, მოდიოდნენ ადამიანები, პირადადაც მიკავშირდებოდნენ, თხოვნით, რომ დაშენება უნდოდათ. ამის ნებართვა არ გაცემულა. ორი წელია, რაც საბჭოდან გამომიშვეს. ტელევიზიის [საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია] წინ იყო ძეგლი, რომელიც დაანგრიეს. ძირითადად, ეგენი [ნებართვის მაძიებელი] არიან ხელისუფლების შემომწირველები და მერე ითხოვენ დაშენება-მიშენებას, კორპუსის ჩადგმას. ამბობენ, ფული გადავიხადე, ე. ი., მეკუთვნის. მისაუბრია ამ ადამიანებთან, ხელისუფლება მუდამ თავდახრილია მათთან და ხმას ვერ იღებს. დარწმუნებული ვარ, ამის უკან დიდი შავი ფული ბრუნავს. ჩემთვისაც არაერთხელ შემოუთავაზებიათ, როცა ამ სისტემაში ვიყავი. ყველაზე მძიმე გარემოება ისაა, რომ ამით ქალაქს შეუქცევადი ზიანი ადგება,“ - გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.
ზაურ ახვლედიანი ასევე ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე, კორპუსი არ ჩაუდგამთ. აღსანიშნავია, რომ მრავალსართულიანი „ამბასადორი“ სწორედ ძეგლის სტატუსის მქონე ზღვისპირა პარკში, ბათუმის ბულვარში, ყოფილი ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური კურორტის ადგილას შენდება, რასაც ძეგლების დამცველებისა და აქტივისტების პროტესტი მუდმივად თან ახლდა. თავდაპირველად, ნებართვა იმავე მოცულობის ობიექტის მშენებლობაზე გაიცა. მოგვიანებით, ხელისუფლებამ თქვა, რომ მშენებლობის ადგილი ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიის საზღვრებში არ შედის. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1 და სტატია 2. 16-სართულიანი ობიექტის მშენებლობის ნებართვა ზაურ ახვლედიანმა გასცა. 2021 წლის აპრილის ბოლოს, ის დირექტორის პოზიციიდან სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს, თუმცა იმავე წლის 25 ნოემბერს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანი სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დააბრუნა, 26 ნოემბერს კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ „ამბასადორის“ პროექტში ცვლილებებზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. ამდენად, მართალია, სასტუმრო ჰქვია, მაგრამ ის მრავალსართულიანი კორპუსია, რომლის მშენებლობის კანონთან შესაბამისობაზე მრავალი კითხვა არსებობს და ურბანული მემკვიდრეობის დამცველები არ გამორიცხავენ, რომ სხვა ხელისუფლების პირობებში, მშენებლობასთან დაკავშირებული და ნებართვის გამცემი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალში მოხვდა. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც იუნესკოსთან ასოცირებულმა გლობალურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ ICOMOS-მა მოამზადა. ანგარიში 2020 წლის ბოლოს გამოქვეყნდა და 2016-2019 წლებს მოიცავს.
ინფორმაციისთვის: ნებართვებში მოყვანილი კოდექსის 1-ლ მუხლში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. საუბარია კანონზე კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებს, ასევე, 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებულ, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანებას იცავს. ამ კანონის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა გულისხმობს სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლიობას და მისი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის (არა მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე) სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნებაა.