ლევან ხაბეიშვილი: „ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას 2012 წელს დაჰპირდნენ, რომ ელექტროენერგიის ფასი განახევრდებოდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მართლაც იყო. სამომხმარებლო ტარიფი სამ კატეგორიად იყოფა. ასევე ტარიფი განსხვავებულია დედაქალაქის და რეგიონების მომხმარებლისთვის. მონაცემების მიხედვით, 2010 წელთან შედარებით („ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლოს არსებული ტარიფი), ტარიფი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის გაზრდილია. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ 2021 წლის იანვრის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აღარ მომხდარა.

თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შესაბამისად - 4.6, 6.05 და 8.7 თეთრით არის გაზრდილი. იგივე მონაცემები „ენერგოპროს“ მომხმარებლისთვის 4.6, 5.2 და 8.7 თეთრს შეადგენს. როგორც ვხედავთ, ელექტროენერგიის ტარიფი - 2012 წელთან შედარებით, მინიმუმ 4.6 თეთრით, მაქსიმუმ 8.7 თეთრით არის გაზრდილი და არა შემცირებული, როგორი დაპირებაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. მათი მმართველობის პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფი მხოლოდ ერთხელ - 2012 წლის დეკემბერში შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ - დაახლოებით 2.7 თეთრით, შემცირდა. 2013 წლის აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. უკვე 2015 წლიდან ტარიფი სულ მზარდია.

2010 წლის ტარიფების მიმდინარე ტარიფებთან შედარება თავისთავად გარკვეულწილად მანიპულაციურია, რადგან შესადარებლად აღებულ პერიოდებს შორის დიდი დროითი სხვაობაა და „ქართული ოცნების“ დაპირების ინტერპრეტირება არ არის მართებული იმგვარად, რომ განახევრებული ტარიფი მუდმივად უნდა შენარჩუნებულიყო. დროთა განმავლობაში ფასებს ზრდის ტენდენცია ახასიათებს და გამონაკლისი არც ელექტროენერგიაა. შესაბამისად, გონივრულია დაშვება, რომ 10-წლიან პერიოდში ტარიფი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გარკვეულწილად გაიზრდებოდა. თუმცა, თავისთავად ფაქტია, რომ აღნიშნული დაპირება არ შესრულდა, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ტარიფი არ განახევრებულა და მოკლევადიანი ხელოვნური შემცირების შემდგომ საწყის ნიშნულს მალევე დაუბრუნდა და შემდგომ უკვე გადააჭარბა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დაპირებაზე - ელექტროენერგიის ტარიფის განახევრების შესახებ, ისაუბრა და აღნიშნა: „რუსული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას 2012 წელს დაჰპირდა, რომ 11 თეთრი რომ ღირდა ელექტროენერგია, ის განახევრდებოდა და 5-6 თეთრი გახდებოდა. ამასობაში 2023 წელია და 7 თეთრით არის გაძვირებული ყველაზე იაფი დენი“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ტარიფის შემცირება მართლაც იყო. 2012 წლის ბოლოს სემეკს და ენერგოკომპანიებს ტარიფის შემცირების რესურსის მოძიება „დაევალათ“. 2012 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით, ტარიფი მართლაც შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა. იურიდიული პირებისთვის კი, ტარიფი უცვლელი დარჩა. ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა, რის სანაცვლოდაც კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები შეუმცირდათ. 2013 წლის აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. 2015 წლის სექტემბერში ტარიფი მცირედით კვლავ გაიზარდა (გარდა 100 კვტ/სთ-მდე მომხმარებლისა).

2016 წლის დეკემბრიდან ენერგოპროს მომხმარებლებს ტარიფი დაახლოებით 3.3 თეთრით გაეზარდათ. ტარიფის შემდგომი ზრდა უკვე 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა და აღნიშნული როგორც ენერგოპროს, ასევე თელასის აბონენტებსაც შეეხოთ.

ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს სემეკის 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა და გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული ზრდა 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობას (გარდა 300 კვტ/სთ-ზე მეტის მომხმარებლისა) არ შეხებიათ. რეალურად, ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს მოსახლეობის უმეტესობა 2022 წლის იანვრიდან იხდის (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

ცხრილი1: ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 2010-2022 წლებში (თეთრი/ კვტსთ დღგ-ს ჩათვლით)

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

როგორც ცხრილიდან ჩანს, სამომხმარებლო ტარიფი სამ კატეგორიად იყოფა. ასევე ტარიფი განსხვავებულია დედაქალაქის და რეგიონების მომხმარებლისთვის. მონაცემების მიხედვით, 2010 წელთან შედარებით („ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლოს არსებული ტარიფი), 2021 წლის იანვარში ტარიფი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის გაზრდილია. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ 2021 წლის იანვრის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აღარ მომხდარა.

თბილისში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შესაბამისად - 4.6, 6.05 და 8.7 თეთრით არის გაზრდილი. იგივე მონაცემები „ენერგოპროს“ მომხმარებლისთვის 4.6, 5.2 და 8.7 თეთრს შეადგენს. როგორც ვხედავთ, ელექტროენერგიის ტარიფი - 2012 წელთან შედარებით, მინიმუმ 4.6 თეთრით, მაქსიმუმ 8.7 თეთრით არის გაზრდილი და არა შემცირებული, როგორი დაპირებაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა.

2010 წლის ტარიფების მიმდინარე ტარიფებთან შედარება თავისთავად გარკვეულწილად მანიპულაციურია, რადგან შესადარებლად აღებულ პერიოდებს შორის დიდი დროითი სხვაობაა და „ქართული ოცნების“ დაპირების ინტერპრეტირება არ არის მართებული იმგვარად, რომ განახევრებული ტარიფი მუდმივად უნდა შენარჩუნებულიყო. დროთა განმავლობაში ფასებს ზრდის ტენდენცია ახასიათებს და გამონაკლისი არც ელექტროენერგიაა. შესაბამისად, გონივრულია დაშვება რომ 10 წლიან პერიოდში ტარიფი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გარკვეულწილად გაიზრდებოდა. თუმცა, თავისთავად ფაქტია, რომ აღნიშნული დაპირება არ შესრულდა, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ტარიფი არ განახევრებულა და მოკლევადიანი ხელოვნური შემცირების შემდგომ საწყის ნიშნულს მალევე დაუბრუნდა და შემდგომ უკვე გადააჭარბა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი