რომან გოცირიძე: ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი რუსეთიდან უცხოური ვალუტის უწყვეტი შემოდინებაა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე:

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3.02-ს შეადგენდა. წელიწადისა და ორი თვის შემდეგ კურსი 17.5%-ით 2.49-მდეა გამყარებული.

გაცვლით კურსზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის საგარეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები... 2022 წელი პოსტ პანდემიური აღდგენის პერიოდი იყო, რა დროსაც საგარეო ვაჭრობაც გაიზარდა და ინვესტიციებიც, მაგრამ ყველაზე დიდი ზრდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მიმართულებით აღირიცხა. ტენდენცია 2023 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი:

დეპუტატმა რომან გოცირიძემ ლარის გამყარების შესახებ ბიზნეს მედიაპორტალ BM.ge-ზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და მთავარ მიზეზად რუსეთიდან გაზრდილი ფულადი ნაკადები დაასახელა.

„ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი რუსეთიდან უცხოური ვალუტის უწყვეტი შემოდინებაა. რომ არა ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვა, დღეს ლარი კიდევ უფრო მყარი იქნებოდა. თუ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი იყო, დღეისათვის 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.“

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორ კვირაში, 10 მარტისთვის, მეტწილად პანიკის ეფექტით, დოლარის ღირებულება 3.02-დან 3.40-მდე გაიზარდა, რის შემდეგაც ლარმა თითქმის უწყვეტი გამყარება დაიწყო. 2022 წლის 31 დეკემბერს კურსმა 2.70 შეადგინა, 2023 წლის 4 მაისს 2.49.

ლარი მართალია ომის დაწყებამდეც მყარდებოდა, მაგრამ უფრო მცირე ტემპით. 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე, დოლარის ღირებულება 8%-ით - 3.28-დან 3.02-მდე, შემცირდა. შემდგომ 14 თვეში კი 17.5%-ით - 3.02-დან 2.49-მდე. გარდა ამისა, 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის მარტამდე, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მხოლოდ 82 მლნ დოლარით - 3.911 მლრდ-დან 3.993 მლრდ-მდე გაიზარდა, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილამდე კი 1.011 მლრდ-ით - 3.993 მლრდ-დან 5.004 მლრდ-მდე.

გრაფიკი 1: ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

თუ ომის საწყის ეტაპზე, ორ კვირაში 12.5%-იანი გაუფასურება შოკითა და პანიკური შესყიდვებით იქნა ახსნილი, ბევრად უფრო კომპლექსური იყო შემდგომი გამყარების პერიოდი, რომელიც უკვე 14 თვეა თითქმის უწყვეტად გრძელდება.

რომან გოცირიძე ლარის გამყარების მთავარ მიზეზად რუსეთიდან ფულად გადმორიცხვებს ასახელებს. 2021 წელს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჯამურად 2.350 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, 2022 წელს 86%-ით მეტი - 4.372 მლრდ. უშუალოდ რუსეთიდან 2021 წელს 411 მლნ, ხოლო 2022 წელს 403%-ით მეტი - 2.067 მლრდ დოლარი.

2011-2021 წლებში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 88%-ით, 1.248 მლრდ აშშ დოლარიდან 2.350 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. იმას, რასაც იქამდე 10 წელი დასჭირდა, 2022-ში ერთ წელში მოესწრო და გზავნილების მოცულობა 86%-ით გაიზარდა.

2013 წელს, რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 54%-ს შეადგენდა, განუხრელი კლების შედეგად, 2021 წელს ის 18%-მდე შემცირდა, თუმცა 2022 წელს ისევ 47%-მდე გაიზარდა. გზავნილების ნახტომისებური ზრდა რუსეთიდან 2022 წლის აპრილიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თუ შესადარის პერიოდად მხოლოდ წლის ბოლო სამ კვარტალს ავიღებთ, მაშინ რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 52%-მდე იზრდება.

ტენდენცია 2023 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და მთლიანმა გზავნილებმა 1.256 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 130%-ით აღემატება, 859%-ით 679 მლნ-მდე გაიზარდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთის წილი გზავნილებში გასული წლის პირველ კვარტალში 13.1%-ს შეადგენდა, 2023 წლის იანვარ-მარტის მდგომარეობით კი 54%-ს უტოლდება.

თანხობრივად 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე საქართველოში სულ 2.396 მლრდ გადმოირიცხა, 402 მლნ რუსეთიდან და 1.994 მლრდ დანარჩენი ქვეყნებიდან. 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილამდე კი 2.687 მლრდ-ით მეტი 5.083 მლრდ. ამ შემთხვევაში რუსეთის წილი უკვე 2.675 მლრდ გახდა, დანარჩენი ქვეყნების 2.408 მლრდ.

პროცენტულად, 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილამდე, 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდთან შედარებით, მთლიანი გზავნილები 112%-ით გაიზარდა, მხოლოდ რუსეთიდან 499%-ით და რუსეთის გამოკლებით დანარჩენი ქვეყნებიდან 21%-ით.

გრაფიკი 2: ფულადი გზავნილები საქართველოში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სრული სურათის აღსაქმელად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გარკვეული ოდენობის თანხა ნაღდი ფულის სახითაც შემოაქვთ, თუმცა მისი მოცულობის თუნდაც მიახლოებითი სიზუსტით დადგენა დიდ სირთულეს წარმოადგენს და პრაქტიკულად შეუძლებელია.

საქართველოში გადმორიცხული თანხებისგან განსხვავებით, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვები 2022 წელს მხოლოდ 27 მლნ-ით 317 მლნ-დან 344 მლნ-მდე გაიზარდა, რაც კურსზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა.

რაც შეეხება კურსზე მოქმედ სხვა, მაკროეკონომიკურ ფაქტორებს: 2022 წელს ექსპორტი 31.8%-ით 4.243 მლრდ დოლარიდან 5.593 მლრდ დოლარამდე გაიზარდა ეს 1.350 მლრდ-იანი ზრდაა. იმავე პერიოდში იმპორტი კიდევ უფრო მეტად 33.2%-ით 10.099 მლრდ-დან 13.450 მლრდ-მდე გაიზარდა, ეს კი 3.351 მლრდ-იანი ზრდაა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს (-5.857 მლრდ შეადგინა) 2022 წელს (-7.857 მლრდ). გამოდის რომ ექსპორტის ზრდის მიუხედავად, 2022 წელს საგარეო ვაჭრობისას ვალუტის გადინება 2 მლრდ-ით გაიზარდა, რაც ლარის გამყარების მიზეზი ვერ გახდებოდა.

უფრო მეტი სიზუსტისთვის შესაძლებელია ისევ ბოლო 4 კვარტლის მაჩვენებელი წინა 4 კვარტალს შევადაროთ. ამ შემთხვევაში, გზავნილებისგან განსხვავებით სხვაობა მცირეა. 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე საქართველომ ექსპორტზე 4.596 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა, 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილამდე 1.286 მლრდ-ით მეტი. იმავე პერიოდში იმპორტის მოცულობა 3.306 მლრდ-ით 10.861 მლრდ-დან 14.167 მლრდ-მდე გაიზარდა. სხვაობა იმპორტის მოცულობასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას შორის 2.020 მლრდ-ა.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში მკვეთრადაა აღდგენილი ტურიზმი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. კერძოდ, თუ 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 1.585 მლრდ დოლარი მიიღო, 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილამდე პერიოდში ის 2.333 მლრდ-ით 3.918 მლრდ-მდე გაიზარდა. თუ ამ შემთხვევაშიც რუსეთს ცალკე გამოვყოფთ მაშინ, ვნახავთ, რომ ბოლო 4 კვარტალში წინა 4 კვარტალთან შედარებით, შემოსავლები 878 მლნ-ით - 211 მლნ-დან 1.089 მლრდ-მდე გაიზარდა.

კურსზე გავლენას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც ახდენს. 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგები უცნობია, 2022 წელს კი მისი მოცულობა 2021 წელთან შედარებით 760 მლნ-ით 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის რეზერვებზეც[1] ისაუბრა. მისი განცხადებით ომის დაწყების პერიოდში რეზერვების მოცულობა დაახლოებით 3 მლრდ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კი 5 მლრდ-ს აჭარბებს. ეროვნული ბანკის ცნობით 2022 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა არა სამ, არამედ ოთხ მლრდ-ს შეადგენდა, უფრო ზუსტად 3.993 მლრდ-ს, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით კი ის 5.004 მლრდ-ს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში დეპუტატმა მექანიკური შეცდომა დაუშვა, რადგან იმავე აბზაცში წერდა, რომ გასულ [2022 წელს] წელსა და მიმდინარე წლის სამ თვეში ეროვნულმა ბანკმა 1.025 მლრდ დოლარი შეიძინა. სხვაობა 3.3993 მლრდ-და და 5.004 მლრდ-ს შორის 1.011 მლრდ-ა, რაც ძალიან ახლოს დგას მის მიერ დასახელებულ 1.025 მლრდ-სთან.

ეროვნული ბანკი გაცვლით კურსს ყოველ სამუშაო დღეს 43 რეგიონულ და საერთაშორისო ვალუტასთან ადგენს. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 4 მაისამდე ლარი 42-თან მიმართებაში გამყარებულია. გაუფასურებულია მხოლოდ სომხურ დრამთან. თუ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 1000 სომხური დრამი 6.29 ლარი ღირდა, ახლა 2.3%-ით მეტი 6.44 ლარი ღირს. ეკონომიკური სასწაული არც სომხეთში მომხდარა და დრამის გამყარების მიზეზები ლარის გამყარების მსგავსია.

ლარის გამყარებას თან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოსდევს. ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად სახელმწიფო საგარეო ვალი მცირდება. იაფდება იმპორტი როგორც რიგითი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური საჭიროებების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ასევე სახელმწიფოსთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან იარაღის შესაძენად, იაფდება მოგზაურობა. იმპორტის საპირისპიროდ ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ექსპორტი ძვირდება, რადგან თუ პროდუქტში, რომელსაც გამყიდველი 1 ლარად ყიდდა, უცხოელ მყიდველს ადრე 30 ცენტის გადახდა უწევდა, ახლა მისთვის ფასი 40 ცენტამდეა გაზრდილი. შედეგად ლარის გამყარება ექსპორტის ზრდის შემაფერხებელია, რადგან ქართულ პროდუქტს აძვირებს და ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის უცხოურ ბაზარზე. პარალელურად ლარის გამყარების შედეგად შემოსავალი უმცირდებათ იმ ოჯახებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებზე არიან დამოკიდებულნი. თუ ადრე ისინი გზავნილის სახით მიღებულ 100 დოლარს 300 ლარად ახურდავებდნენ, ახლა 100 დოლარით მხოლოდ 249 ლარის შეძენაა შესაძლებელი. ვისაც სესხი დოლარში ან ევროში ჰქონდა ლარის გამყარებით ყოველთვიური შენატანი შეუმცირდა, თუმცა პრობლემები შეექმნათ მათ, ვისაც დეპოზიტი უცხოურ ვალუტაში ჰქონდა განთავსებული. პროცესი, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს — ლარის გამყარება, ინდივიდუალური მოქალაქის ყოველდღიურობაზე გავლენის თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად დადებითად ან უარყოფითად ვერ შეფასდება, მოქალაქეთა ერთი ნაწილისთვის მან პოზიტიურად იმოქმედა, მეორე ნაწილისთვის კი ნეგატიურად.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარებას სხვადასხვა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის ინვესტიციების ზრდამ და ტურიზმის აღდგენამ, მაგრამ ფულადი ნაკადების ზრდა რუსეთიდან ბევრად უფრო მასშტაბური იყო და ადგილობრივი ვალუტის ამ მასშტაბით გამყარება ძირითადად ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.



[1] საერთაშორისო რეზერვების მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა. რეზერვების მიზანს ფინანსური კრიზისის პერიოდში საგარეო შოკების ზეგავლენის თავიდან აცილება, ლიკვიდურობის უზრუნველყოფა და მთავრობისათვის უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს. რეზერვის ფორმირებაზე გავლენას ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციები, უცხოეთიდან მიღებული გრანტები და კრედიტები, ასევე, მთავრობის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ოპერაციები ახდენს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი