დარიკო არქანია: [შსს-ს თანამშრომლებისთვის] ბინების მშენებლობა გამოცხადდა 2018 წელს. ხელშეკრულების თანხა გახლდათ 6 მლნ ლარი. „თი ემის“ იმდროინდელი დირექტორი გახლდათ თეონა ოთიაშვილი, რომელმაც 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ შესწირა საკმაოდ სოლიდური თანხა. ასევე „თი ემის“ ხელმძღვანელი 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო ჯემალ გვალიანი, რომელმაც, ასევე „ქართულ ოცნებას“ შესწირა 60 000 ლარი. 2020 წელს კორპუსების მშენებლობა ვერ დასრულდა და კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ამასობაში კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაურიცხეს 2 მლნ ლარი.

ვერდიქტი: დარიკო არქანიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „თი ემს“ შორის 6 497 840-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიას ობიექტი 2020 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა ჩაებარებინა. თანხის 40%-ს სახელმწიფო აფინანსებდა, დანარჩენი კი ახალი ბინების მომავალ მფლობელებს, შსს-ს თანამშრომლებს უნდა გადაეხადათ. როცა პროექტის დამთავრებამდე ხუთი თვე რჩებოდა, შემსყიდველმა კონტრაქტი გაწყვიტა. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მიმწოდებელი ვალდებულებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ასრულებდა. იმ დროს კომპანიისთვის უკვე გადახდილი იყო მთლიანი ღირებულების 35% ანუ 2 251 98 ლარი.

შპს „თი ემის“ დირექტორები და მფლობელები რამდენჯერმე შეიცვალნენ. თითქმის ყველა მათგანს (რამდენიმეს გამოკლებით) „ქართული ოცნებისთვის“ ათასობით ლარი აქვს შეწირული.

ამ ეტაპზე მშენებლობა მიტოვებულია და უკვე შესრულებული სამუშაოები ზიანდება. ეს კი სახელმწიფო სახსრების სავარაუდო არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ დარიკო არქანიას განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარიკო არქანიამ განაცხადა: „[შსს-ს თანამშრომლებისთვის] ბინების მშენებლობა გამოცხადდა 2018 წელს. გამარჯვებული კომპანია გახდა შპს „თი ემი“, ხელშეკრულების თანხა გახლდათ 6 მლნ ლარი. „თი ემის“ იმდროინდელი დირექტორი გახლდათ თეონა ოთიაშვილი, რომელმაც 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ შესწირა საკმაოდ სოლიდური თანხა. ასევე „თი ემის“ ხელმძღვანელი 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო ჯემალ გვალიანი, რომელმაც, ასევე „ქართულ ოცნებას“ შესწირა 60 000 ლარი. 2020 წელს, როცა უნდა დასრულებულიყო ამ კორპუსების მშენებლობა, ვერ დასრულდა და კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ამასობაში კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაურიცხეს 2 მლნ ლარი.“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, 2018 წლის 5 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში, ბენდელიანის ქ. №35-ში მდებარე ორ მიწის ნაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 6 497 840 ლარით განისაზღვრა. მშენებლობის მთლიანი ღირებულების 40% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ხოლო დანარჩენ 60%-ს შსს-ს თანამშრომლები (მომავალი ბინადრები) გადაიხდიდნენ. ტენდერში ერთადერთი კომპანია შპს „თი ემი“ მონაწილეობდა. მხარეებს შორის 6 497 840 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წლის 29 ნოემბერს გაფორმდა. სახელშეკრულებო პირობების თანახმად, კომპანიას პროექტი ორ წელიწადში უნდა დაესრულებინა. საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებამდე, მიმწოდებელს ტერიტორია მანქანა-მექანიზმებისგან, დანადგარებისა და მოწყობილობებისგან, მასალებისგან, სამშენებლო ნარჩენებისგან, ნაგვისგან საკუთარი ძალებითა და სახსრებით უნდა გაეწმინდა. მასვე ევალებოდა შენობის რემონტის შემდგომი დასუფთავება-დალაგებაც, ასევე - სამუშაოების მიმდინარეობისას დახარჯული კომუნალური გადასახადების გადახდაც.

2020 წლის 19 ივნისს, როცა პროექტის დასრულებამდე ხუთ თვეზე ოდნავ მეტი რჩებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპანიის დირექტორს წერილით აცნობა, რომ მასთან ხელშეკრულებას წყვეტდა. ამის მიზეზად დასახელებულია შპს „თი ემის“ ფინანსური პრობლემები, რომელთა გამოც, მიმწოდებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. კომპანიას 9 747 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ამასთანავე, ამოქმედდა ხელშეკრულების შესრულებს უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაც. შემსყიდველმა კომპანიას აცნობა, რომ მისი „შავ სიაში“ რეგისტრაციის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავდა.

მხარეებს შორის ხელშეკრულების გაწყვეტის დროს, კომპანიისთვის გადახდილი თანხის მოცულობა 2 251 98 ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი ღირებულების 35%-ია. თუ გავითვალისწინებთ, რომ, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი სრული ღირებულების 40%-ს ანუ 2 599 136 აფინანსებდა, გამოდის, რომ აღნიშნული თანხა სახელმწიფომ დაუსრულებელ პროექტში თითქმის მთლიანად გადაიხადა. უკვე ორი წელია, რაც ობიექტი მიტოვებულია და უკვე შესრულებული სამუშაოები, კლიმატისა და სხვა ფაქტორების გამო, ზიანდება. ეს ნიშნავს, რომ გაწეული ხარჯი არაეფექტურია და სახელმწიფოს, პროექტის განახლების შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევა დასჭირდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განცხადებაში ამბობს, რომ კომპანიის ორმა ყოფილმა დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ სოლიდური თანხა შესწირა. ჩვენ განცხადების ეს ნაწილიც გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ კომპანია დარეგისტრირებულია 2013 წელს, როგორც შპს „ტრანსპორტი“. სახელმწიფო შესყიდვებში 2014 წლიდან მონაწილეობს. იმ დროს მისი ერთ-ერთი მფლობელია (უკვე ყოფილი პარტნიორი) ზაზა ჩარკვიანი, რომელსაც 2013-2014 წლებში „ქართული ოცნებისთვის შეუწირავს, ჯამში, 35 000 ლარი. ცოტა უფრო გვიან, 2018 წელს კი სალომე ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა, ხოლო 2021 წელს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“ უკვე 60 000 ლარი გადარიცხა.

2015 წელს კომპანიას უკვე შპს „თი ემი“ ეწოდება. გენერალურ დირექტორად მითითებულია აკაკი ლეფონავა, ხოლო ფინანსურ დირექტორად - ლელა ხარჩილავა. პირველმა „ქართული ოცნება“ 22 000 ლარით დააფინანსა, ხოლო მეორემ - 10 000 ლარით. ორივე გადარიცხვა 2016 წელს განხორციელდა. 2017 წელს კომპანიის გენერალური დირექტორია ოთარ მაზმიშვილი, რომელსაც მმართველი პარტიისთვის 20 000 ლარი გადაურიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ქონებას ყადაღა ადევს. 2018 წლის ამონაწერით, კომპანიის დირექტორი თეონა ოთიაშვილია. მას „ქართული ოცნებისთვის“ 2016-2017 წლებში ნამდვილად შეუწირავს 10 000 ლარი. ამავე ამონაწერის თანახმად, კომპანიას ახალი მფლობელები ჰყავს. აქედან ერთ-ერთს, მურად ჯობავას, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 2014 – 2016 – 2017 წლებში ჯამურად გადარიცხული აქვს 47 000 ლარი.

2019 წლიდან დირექტორი გახდა ჯემალ გვარლიანი, რომელიც, ტრადიციისამებრ, „ოცნებას“ შემომწირველია და 2014-2016-2017 წლებში ჯამში 60 000 ლარი გადაურიცხა. ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორად გიორგი ფიცხელაური ფიქსირდება, ხოლო მფლობელი ბესო ჟვანიაა. „თი ემის“ ქონება დაყადაღებულია, ასევე ის რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

სხვათა შორის, ზუსტად იმავე დროს იდენტური სცენარით განვითარდა მოვლენები სხვა პროექტის ფარგლებში. კერძოდ, შპს „თი ემი“ ქუთაისში, ნიკეას ქ. №19-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორ თერთმეტსართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კომპანიას შორის 6 610 660-ლარიანი ხელშეკრულება 2018 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერც ამ შემთხვევაში შეასრულა. 2020 წლის 19 ივნისს შემსყიდველმა კომპანას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა. ასევე შეატყობინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორს შპს „თი ემის“ „შავ სიაში“ რეგისტრაციის თაობაზე მიმართავდა. ამავე წერილით ირკვევა, რომ კომპანია სამუშაოებს ფინანსური პრობლემების გამო ვერ ასრულებდა. იმ დროს მიმწოდებლისთვის გადახდილი იყო მთლიანი ღირებულების 40% ანუ 2 644 264 ლარი.

ინფორმაციისთვის, „შავ სიაში“ შეტანილი მიმწოდებელს/პრეტენდენტს, სიაში შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების უფლება არ აქვთ. ჩვენ გადავამოწმეთ, თუმცა შპს „თი ემი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ უკვე არ იძებნება და არც გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაშია. კომპანიას, 2019 წლის შემდეგ, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა აღარ მიუღია. მანამდე შპს „თი ემი“ მონაწილეობდა რამდენიმე პროცედურაში, რომლებშიც მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის მქონე მსურველები ერთვებიან. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ასეთი ნებართვა ჰქონდა.

ფოტო:www.radioatinati.ge


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი