2023 წლის 23 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

მომჩივნები „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირები - ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და გიორგი ცააძე (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე) გახლდნენ.

კორტების სპეცოპერაციას საქმის - „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“, საფუძველზე, სადაც ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტები და შიდა სასამართლოების დასკვნები დეტალურად არის ასახული, მოკლედ მიმოვიხილავთ.

„კორტების სპეცოპერაცია“ 2006 წლის 2 მაისს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელობით განხორციელდა. სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა 22 წლის ზურა ვაზაგაშვილი და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს, როდესაც ისინი თბილისის ქუჩებში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ოპერაციაში სულ მცირე პოლიციის 50 შეიარაღებული ოფიცერი მონაწილეობდა. სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ოპერაციის მიზანს „ჯგუფის კრიმინალური გეგმის აღკვეთა“ წარმოადგენდა.

2006 წლის 5 მაისს თბილისის პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით (მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) დაიწყო, თუმცა, 2007 წლის 20 აპრილს, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო, სისხლის სამართლის გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გამოსცა.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით, ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ისეთი საშუალებით, რაც სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას განზრახ უქმნის საფრთხეს. ხოლო, გიორგი ცააძე ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლოში მათი შვილის მკვლელობისა და აღნიშნულზე ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის გამო იჩივლეს. ამ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა. მთავრობამ აღნიშნულ საქმეში თავისი უფლება არ გამოიყენა და საქმის მისაღებობასა და არსებით ნაწილზე მსჯელობაზე უარი განაცხადა.

მომჩივნები - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში აცხადებდნენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაერღვათ, რადგან მათი ნასამართლობა ძირითადად დაუშვებელ მტკიცებულებებს დაეყრდნო. კერძოდ, ისინი დაუშვებელ მტკიცებულებად ბრალდების მხარის იმ 7 მოწმის (სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციის ოფიცრების) ჩვენებებს მიიჩნევდნენ, რომლებიც 2015 წლის 6 მარტიდან 17 აგვისტოს ჩათვლით დაკავების საკანში ერთად იყვნენ მოთავსებული, რითაც მათ კოორდინირებული მოქმედების შესაძლებლობა მიეცათ.

მომჩივანთა თქმით, ამ ოფიცერთა მიმართ წარმოებული სამართალწარმოება ხელოვნურად გამოეყო განმცხადებლების წინააღმდეგ წარმოებულ სამართალწარმოებას, რაც მათთვის ,,მოწმის’’ სტატუსის მინიჭებამ განაპირობა. და ბოლოს, განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მოწმეთა წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ჯერ შეიცვალა და მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მათ მომჩივნების მიმართ დამადანაშაულებელი განცხადებები გააკეთეს, საერთოდ მოიხსნა. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან სასამართლო კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში მსჯელობდა, მტკიცებულებათა კონკრეტული სახეების დასაშვებობის ან მომჩივანთა დამნაშავეობის შემოწმება მის ფუნქციას არ წარმოადგენდა, რაც გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის აღნიშნული. შესაბამისად, სასამართლოს არც 7 მოწმის სადავოდ გამხდარი ჩვენებების დასაშვებობა შეუმოწმებია და არც ის დაუდგენია, რეალურად, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე იყვნენ, თუ - არა დამნაშავეები.

სასამართლომ შეაფასა, პროცესი მთლიანობაში სამართლიანი იყო, თუ - არა, რამდენად იყო დაცული დაცვის მხარის უფლებები, მიეცათ, თუ - არა განმცხადებლებს მტკიცებულებათა ავთენტურობის გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მტკიცებულების ხარისხი, სანდოობა და სიზუსტე და დაადგინა, რომ მომჩივანთა წინააღმდეგ წარმოებული სამართალწარმოება საერთო ჯამში იყო სამართლიანი და კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, დაცვის მხარის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, დაეკითხათ ბრალდების მხარის ის მოწმეები, რომელთა ჩვენებებსაც მომჩივნები დაუშვებელ მტკიცებულებებად მიიჩნევენ. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, მოვლენათა საკუთარი ვერსიები წარმოედგინათ და ისინი შესაბამისი მტკიცებულებებით განემტკიცებინათ.

სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ მომჩივანთა მსჯავრდებისთვის 7 მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები არ იყო გადამწყვეტი. ამ ჩვენებათა გარდა, სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა მტკიცებულებების კომპლექსური ნაკრები, მათ შორის - დამოუკიდებელი თვითმხილველების ჩვენებები და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები.

მაგალითად, ის ფაქტი, რომ პირველი მომჩივანი სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო და მან ოპერაცია კანონიერი საფუძვლის გარეშე დაგეგმა და განახორციელა, 7 მოწმის ჩვენების გარდა, სხვა მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნებოდა. ასევე დასკვნა, რომ სროლა არ ყოფილა დაზარალებულების მიერ პროვოცირებული, გარდა შვიდი ოფიცრის მიერ მიცემული ჩვენებებისა, ორი დამოუკიდებელი თვითმხილველის ანგარიშს, სასამართლო ექსპერტიზასა და სხვა დოკუმენტებს ეყრდნობოდა. მეორე განმცხადებელთან მიმართებით ნათქვამია, რომ მის მიერ ე.წ. „საკონტროლო გასროლა“ ორი დამოუკიდებელი თვითმხილველის მიერ და სასამართლო ექსპერტიზის დახმარებითაც დადასტურდა.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართალწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.


მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია