სოციალურ ქსელში Irakli Zakareishivili-მა, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის საქართველოში მყოფ უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების ფულად დახმარებაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვს 470 ლარი აქვს სახელმწიფო დახმარება მაშინ, როდესაც საქართველოში ლტოლვილების დახმარება 44 ლარს შეადგენს.

რეალურად, საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი უკრაინელი ოჯახები, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 470 ლარის ოდენობით მართლაც იღებენ. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში უგულებელყოფილია ფაქტი, რომ დახმარება ერთჯერადია და საქართველოს მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გაცემულ ყოველთვიურ დახმარებასთან შედარებით შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უკრაინელი ბავშვების დახმარება ყოველთვიურად გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა აღნიშნულ დახმარებას გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის. 470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა“.

ამას გარდა, რაც შეეხება ზოგადად უკრაინელი ლტოლვილების დახმარების საკითხს, საქართველოში უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთა შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელდება და ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მათთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარება 2023 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ფულად გასაცემელს, როგორც საცხოვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის, მოიცავს. საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახზე თვეში 300 ლარი გაიცემა, ხოლო საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახის თითოეულ წევრზე - თვეში 45 ლარი.

გარდა ამისა, თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. კონკრეტულად, მათთვის უფასოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, უკრაინის მოქალაქეები მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.

---------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია