2021 წლის 22 დეკემბერს Facebook მომხმარებელმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ემანუელ მაკრონის ცოლის შესახებ დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი, ტრანსგენდერია. ანალოგიური შინაარსის მასალა გაავრცელა Facebook-გვერდმა „ახალგაზრდული“, აღწერით - „ვინ მართავს მსოფლიოს დღეს!? გაიცანით კოვიდ დიქტატორებიდან ერთ-ერთი!“
ზაქარეიშვილი თავის პოსტში ამტკიცებს, რომ უამრავი დასაბუთების შესაბამისად, პირველ ლედის, ბრიჯიტ მაკრონს, სქესი შეცვლილი აქვს და ახალგაზრდობაში ჟან-მიშელ ტრონიედ იწოდებოდა. აღნიშნული მტკიცების გასამყარებლად ზაქარეიშვილი წერს, რომ ბრიჯიტ მაკრონი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს ჩივილით ემუქრება, თუმცა მუქარა მუქარად რჩება და სასამართლოსთვის პირველ ლედის არ მიუმართავს. პოსტს ასევე ფოტომასალასაც ურთავს თან, სადაც თითქოს ჩანს, რომ საფრანგეთის პირველ ლედის მამაკაცური ორგანო ეტყობა.
სინამდვილეში, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო შეთქმულების თეორიაა. საფრანგეთის პირველი ლედი მას შემდეგ გახდა ყალბი განცხადებების სამიზნე, რაც სექტემბერში ულტრამემარჯვენე ვებსაიტმა აღნიშნული დეზინფორმაცია გაავრცელა. დეზინფორმაციის მიზანი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დისკრედიტაცია იყო. დიდი ალბათობით, მაკრონი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს შორის არიან ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერული მოძრაობები და QAnon-ის შეთქმულების თეორეტიკოსები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაკრონის მეუღლე სოციალური მედიის სამიზნე გახდა. მანამდე დისკრედიტაციის საბაბად წყვილს შორის 25-წლიანი ასაკობრივი სხვაობა გამოიყენეს.
ბრიჯიტ მაკრონს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მისი სქესის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას დამაჯერებელს გახდის. ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომლითაც მაკრონის ტრანსგენდერობის დამტკიცებას ცდილობს, აბსურდულია. ფრანგული გაზეთის, Tendances Orange-ის, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ორიგინალ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ზაქარეიშვილის მიერ წითლად მონიშნული ნაწილი კაბის ნაკეცზე შუქ-ჩრდილის ეფექტია.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტიპის ფოტომასალა ბარაკ ობამას მეუღლის, მიშელ ობამას, ტრანსგენდერად წარმოსაჩენადაც ვრცელდებოდა.
პირველი ლედის ადვოკატის, ჟან ენოჩის, განცხადებით, ბრიჯიტ მაკრონმა ცილისმწამებლური განცხადებების წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყება გადაწყვიტა და ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.
------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.