იტვირთება

მას შემდეგ, რაც მარტის რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო, სოციალურ ქსელში კვლავ ვრცელდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. ამჯერად, კამპანიურად გავრცელდა მტკიცება, რომ ინიციირებული კანონპროექტი სინამდვილეში საფრთხეს არ წარმოადგენდა, რადგან აღნიშნული პრაქტიკის დანერგვას კანადაც აპირებს. ხელისუფლების მხარდამჭერი Facebook-გვერდები და ინდივიდუალური ანგარიშები ამტკიცებენ, რომ კანადა, რომელიც დასავლური დემოკრატიის ქვეყანაა, ანალოგიური, ე.წ რუსული კანონის მიღებას გეგმავს (1,2,3,4,5,6,7).

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის შესახებ აქტიური დისკუსია კანადაში 2021 წლიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად, ის ყოფილმა კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა კენი ჩიუმ პარლამენტს 2021 წლის პირველ ნახევარში წარუდგინა (Foreign Influence Registry Act (Bill C-282). კანონპროექტი კანადის საკანონმდებლო ორგანომ არც მაშინ მიიღო, როცა ის 2021 წლის ბოლოს სენატორმა ლეო ჰუსაკოსმა ხელმეორედ წარადგინა (An Act to establish the Foreign Influence Registry and to amend the Criminal Code S-237). საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, კანონი კანადაში ჩინური დიასპორის მიმართ დისკრიმინაციული იყო, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გავლენის შესაკავებლად მთავრობა საკმარის ზომებს არ იღებდა. 2023 წლის 6 თებერვალს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მარკო მენდიჩინომ განაცხადა, რომ მსგავსი მონაცემთა ბაზის შექმნა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს განხილული, რათა კანადაში მცხოვრები ჩინური დიასპორის სტიგმატიზაცია არ მოხდეს.

2023 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც მტრული სახელმწიფოების ჩარევის შემთხვევებზე მთავრობის რეაგირება კრიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან არასაკმარისად შეფასდა (1,2), დისკუსია უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის შესახებ კვლავ განახლდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანადაში უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის შესახებ კანონპროექტი მთავრობის მიერ პარლამენტში ოფიციალურად არ დაინიციირებულა და შესაბამისად, მსგავსი კანონპროექტი ჯერ არ არსებობს. ამ ეტაპზე, მხოლოდ განხილვა და საუბრები მიმდინარეობს იმის შესახებ, კანადის მთავრობა მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ სახელმწიფო საქმეებში ჩარევას რა მექანიზმებით უნდა გაუმკლავდეს.

ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად კანადის მთავრობამ, 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნა დაასახელა. მნიშვნელოვანია, რომ, როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების გავლენების შეზღუდვას ისახავს მიზნად. განცხადებაში წერია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კანადა მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სამიზნე გახდა, ავტორიტარული რეჟიმები კი მეტი ძალისხმევით ცდილობენ ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და აკადემიურ ინსტიტუციებში ჩარევას.

გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა უცხოურმა მთავრობამ შესაძლოა ფიზიკური პირები ან სხვა სუბიექტები არაგამჭვირვალე, მავნე ქმედებების განხორციელებისთვის გამოიყენოს, რათა კანადის მთავრობის პოლიტიკაზე, მის შედეგებსა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე მოახდინოს ზეგავლენა: „კანადა არ დაუშვებს ქვეყნის საქმეებში გარე ძალების ჩარევას. როდესაც საქმე ეხება მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ჩარევას, თვალები ფართოდ გვაქვს გახელილი. კონსულტაციები კანადის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის შესახებ მიმართავს ჩვენს ძალისხმევას [უცხოური ძალების] ჩარევის წინააღმდეგ და კანადელების დასაცავად“,- აცხადებს კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო.

ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც 9 მაისამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობის მიზნით კანადის მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ გამოკითხვას აქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს თავიანთი აზრის დაფიქსირება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო დოკუმენტში, რომელიც მოქალაქეების ინფორმირებას ისახავს მიზნად, ტერმინი „უცხოური ჩარევა“ შემდეგნაირად არის განმარტებული: „უცხო სახელმწიფოს ან მარიონეტული პირის მიერ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც საზიანოა კანადის ინტერესებისთვის და არის ფარული, შეცდომაში შემყვანი, ან შეიცავს საფრთხეს ნებისმიერი პირისთვის. ეს შეიძლება გულისხმობდეს, მაგალითად, კანადის საზოგადოებრივი ჯგუფების შევიწროებას, შიშის დანერგვის, განსხვავებული აზრის ჩახშობისა და პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლის მიზნით“.

კანადის მთავრობა განმარტავს, რომ ზოგიერთმა უცხოურმა მთავრობამ ან მათმა წარმომადგენელმა შესაძლოა ფიზიკური პირები ან სუბიექტები, უცხო ქვეყნის მთავრობასთან კავშირების გამჟღავნების გარეშე, არაგამჭვირვალე, მავნე საგარეო ჩარევის მიზნით გამოიყენოს.ასეთი საქმიანობები შესაძლოა მოიცავდეს: 1) პარლამენტის წევრებზე, სენატორებზე ან მათ თანამშრომლებზე გავლენის მოხდენის მცდელობას; 2) ხელისუფლების ყველა დონეზე საჯარო მოხელეებზე გავლენის მოხდენას; 3) პოლიტიკურ პირებსა და საარჩევნო კანდიდატებზე გავლენის მოხდენას; 4)სიტყვიერი ან წერილობით განცხადებების გაკეთებას საჯაროდ ან მედიის საშუალებით, რომელიც შეცდომაში შემყვანია და ხელსაყრელია უცხო ქვეყნის მთავრობისთვის; 5) საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამთავრობო გავლენისთვის საკომუნიკაციო მასალების წარმოებას; 6) ფულისა და სხვა ღირებული ნივთების სანაცვლოდ უცხოური მთავრობის სახელით გავლენის მოხდენას.

რაც შეეხება კონტექსტს, კანადაში უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის ირგვლივ დისკუსიის გააქტიურებას 2019 და 2021 წლებში კანადის არჩევნებში ჩინეთის სავარაუდო ჩარევის შემთხვევები და რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები უძღოდა წინ. შესაბამისად, საგარეო გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის მიზეზად მტრულ სახელმწიფოებთან დაკავშირებული ინდივიდების გამოაშკარავება სახელდება, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესების გატარების მიზნით მოქმედებენ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 7 მარტს განაცხადა, რომ სახელმწიფო საქმეებში ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ჩარევის მცდელობების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ტრუდომ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოებთან ერთად სხვადასხვა არასახელმწიფო აქტორიც ცდილობს კანადის დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის მიერ კანადის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის მცდელობების გამოსააშკარავებლად გამოძიების ჩატარება მოითხოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა Globe and Mail-სა და სამაუწყებლო კომპანია Global News-ში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ბოლო ორ არჩევნებში სავარაუდო ჩარევის მცდელობების შესახებ გამოქვეყნებული ცნობები, რომლებიც კანადის დაზვერვის წყაროებიდან გაჟონილ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანადაში ჩატარებული ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი თანახმაა და თავად მოითხოვს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინოს ჩინეთის მიერ კანადის არჩევნებში სავარაუდო ჩარევებზე. 1-ელ მარტს გამოკითხვების სააგენტო Angus Reid Institute-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ ჩინეთის საკითხზე კანადის საპასუხო რეაქცია არ იყო საკმარისი. 65%-ს კი სჯერა, რომ ჩინეთის მთავრობა „ნამდვილად“ ან „სავარაუდოდ“ ცდილობდა, 2021 წლის არჩევნებში ჩარეულიყო. ამასთან, ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო კანადელების ორ მესამედს (64%) სურს, რომ მთავრობა ეროვნულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე მეტად ფოკუსირდეს.

კანადისთვის კრემლიდან მართული დეზინფორმაციაც საფრთხეს წარმოადგენს. 2022 წლის გაზაფხულზე კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიჩინომ განაცხადა, რომ კანადა „საგანგებო მზადყოფნაშია“ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციული კამპანიების გამო, რაც კანადაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მენდიჩინომ კანადის კიბერუსაფრთხოებაზე საუბრისას რუსეთი მტრულ სახელმწიფოდ მოიხსენია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ კანადაში ე.წ რუსულ კანონს იღებენ, მცდარია. საქართველოში ინიციირებულ კანონსა და კანადის შემთხვევას შორის პარალელის გავლება, არამართებულია. კანადის მთავრობას უცხოელი ჩარევის გამჭვირვალობის რეესტრის შესახებ კანონპროექტი პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენია, ამ ეტაპზე მხოლოდ საკითხის გარშემო მსჯელობა მიმდინარეობს. თუმცა უკვე არსებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ კანადაში აღნიშნული რეესტრის ამოქმედების შემთხვევაშიც ის კანადაში მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მავნე ზეგავლენის გამოსააშკარავებლად იქნება გამოყენებული. ე.წ. ქართული კანონპროექტის შემთხვევაში კი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დისკრიმინაციული შეზღუდვები მხოლოდ იმ საფუძვლით უწესდებოდა, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან ფინანსდება.

„აგენტების კანონის“ შესახებ ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სხვა სტატიები (1,2,3,4).

---------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

4895 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
8%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი